მე შევნიშნე, რომ ფსიქოთერაპიისთვის მნიშვნელოვანია 4 ძირითადი მოცემულობა: ჩვენი და ჩვენი ახლობლების გარდაუვალი სიკვდილი; პასუხისმგებლობა გავხადოთ ჩვენი ცხოვრება ისეთად როგორიც ჩვენ გვინდა; ჩვენი ექზისტენციალური მარტოობა; და ბოლოს, მკვეთრად განსაზღვრული აზრის ან მიზნის არარსებობა ცხოვრებაში. რაოდენ სასტიკადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს მოცემულობები, ისინი მაინც შეიცავენ გარკვეული სიბრძნისა და ხსნის მარცვალს. მე ვიმედოვნებ, რომ შევძელი მეჩვენებინა ამ ათ ნოველაში, თუ როგორ შეიძლება დაიძლიოს ეს არსებობის მოცემულობები, და როგორ შეიძლება მათთან ბრძოლა გამოყენებულ იქნას პიროვნული ზრდისა და განვითარებისათვის. ამ ცხოვრებისეული მოცემულობიდან ყველაზე აშკარა და გასაგებია სიკვდილის ფაქტი. ჯერ კიდევ ბავშვობაში, გაცილებით ადრე ვიდრე გვგონია, ჩვენ ვხვდებით რომ სიკვდილი გარდაუვალია. ამის და მიუხედავად სპინოზას სიტყვებით რომ ვთქვათ: “ყოველივე მიისწრაფვის გადარჩენისკენ საკუთარი არსებობის გზით”. ადამიანის ბუნებაში თავიდანვე დევს ეს კონფლიქტი – სიცოცხლის სურვილსა და სიკვდილის გარდაუვალობის აღქმას შორის. სიკვდილის ფაქტთან შეგუებაში ჩვენ საოცარ მოხერხებულობასა და ფანტაზიას ვიჩენთ. ბავშვობაში ჩვენ ვუარყოფთ სიკვდილის ფაქტს მშობლების დამამშვიდებელი ახსნების მეშვეობით, ყოველდღიური ან რელიგიური მითების საშუალებით. მოგვიანებით ჩვენ ვახდენთ სიკვდილის პერსონიფიცირებას: წარმოვიდგენთ მას მონსტრის ან დემონის სახით, ჩონჩხად ცელით ხელში. თუ კი სიკვდილი არის არსება, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია გავექცეთ და თავი დავაღწიოთ მას. თანაც რამდენადაც საშინელი არ უნდა იყოს მონსტრი, რომელსაც სიკვდილი მოაქვს, ის მაინც ნაკლებსაზარელია ვიდრე შიშველი სიმართლე. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ დაბადებიდანვე ვატარებთ საკუთარი სიკვდილის მარცვლებს. როდესაც ბავშვი იზრდება ის იწყებს სიკვდილის შიშის შემამსუბუქებელი სხვა გზების ძიებას. ბავშვები აუვნებელყოფენ სიკვდილს იმით, რომ დაცინიან მას, ჩადიან სახიფათო და უპასუხისმგებლო საქციელს, უყურებენ საშინელებათა ფილმებს. როდესაც ვიზრდებით ვცდილობთ თავიდან ამოვიგდოთ ფიქრები სიკვდილზე: ჩვენ ვერთობით; ჩვენ ვაქცევთ მას რაღაც დადებითად (გადასვლა სხვა სამყაროში, სახლში დაბრუნება, უფალთან ერთიანობა), ჩვენ ვუარყოფთ მას მითების გამყარებით. ჩვენ ვისწრაფით უკვდავებისკენ, უკვდავი შედევრების შექმნით. ჩვენ ვპოულობთ საკუთარი არსებობის გაგრძელებას ჩვენს შვილებში, გვწამს რელიგიის, რომელიც სულის უკვდავებას ამტკიცებს. ბევრი ადამიანი არ ეთანხმება სიკვდილის უარყოფის ამგვარ მექანიზმებს. “რა სისულელეა!”, ამბობენ ისინი. “ყველანი ვკვდებით, მაგრამ ღირს კი ამაზე ყურადღების ასე გამახვილება?!” სინამდვილეში ჩვენ ვიცით, მაგრამ ამავე დროს არ ვიცით. ჩვენ ვეთანხმებით სიკვდილის ფაქტს რაციონალურ, ლოღიკურ დონეზე, მაგრამ ქვეცნობიერად ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავექცეთ მას. ეს პროცესი ხდება არაცნობიერ დონეზე, ჩვენდა შეუმჩნევლად, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ მის არსებობაში, იმ ხანმოკლე მომენტებში, როდესაც უარყოფის მექანიზმი ირღვევა და სიკვდილის შიში მთელი სიმძლავრით გვატყდება თავს. ზოგჯერ ეს ძალზე იშვიათად ხდება, შესაძლოა ერთხელ ან ორჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ზოგჯერ სიკვდილს დღისით ვეჯახებით საკუთარი ავადმყოფობის ან ახლობლის გარდაცვალების სახით, მაგრამ უხშირეს შემთხვევებში სიკვდილის შიში თავს ღამის კოშმარებში იჩენს ხოლმე. კოშმარი ეს არასრულყოფილი სიზმარია. სიზმარი, რომელმაც ვერ შეასრულა თავის მთავარი ფუნქცია – არ დაიცვა ადამიანი შფოთვისა და შიშისგან. თუმცა კოშმარებს სხვადსხვა გარეგნული სახე აქვთ მათი არსი ერთია: დაუძლეველი სიკვდილის ქვეცნობიერი შიში ცდილობს გზა გაიკვლიოს ცნობიერში. მოთხრობა “სიზმართმხილავის ძიებაში” ნაჩვენებია თუ როგორ ცდილობს ადამიანის ფსიქიკა გაექცეს სიკვდილის შიშს: უსასრულოდ შავბნელ სიმბოლოთა შორის, რომლებითაც სავსეა მარვინის სიზმრები, არის ერთი ნათელი საგანი – რკინის ხელჯოხი გავარვარებული ბოლოთი, რომლის მეშვეობითაც ის სექსუალურ ორთაბრძოლაში შედის სიკვდილთან. სხვა ნოველების გმირებიც ასევე განიხილავენ სქესობრივ აქტს, როგორც ერთგვარ თილისმას, რომელსაც ძალუძს დაიცვას ისინი სიკვდილისაგან. ასეთ ხასიათს ატარებს ახალგაზრდა კაცის სქესობრივი აკვიატება, რომელიც დაავადებულია კიბოთი (ნოველა “ძალადობა ნებადართული რომ იყოს…”) და შედარებით ხანდაზმული მამაკაცისაც, რომელიც ვერ ბედავს გახსნას და წაიკითხოს მისი ადრინდელი საყვარლის ძველი წერილები.(ნოველა “ნუ მიიპარები”). ონკოლოგიურ ავადმყოფებთან მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მე შევნიშნე ორი აზრი, თუ ცრურწმენა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები გაურბიან სიკვდილის შიშს. ერთი – ესაა რწმენა საკუთარ განსაკუთრებულობაში, ხოლო მეორე – საბოლოო მხსნელის რწმენა. ეს წარმოდგენები შეიძლება ჩაითვალოს ცრურწმენად იმდენად, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ “მყარ ცრუ შეხედულებებს”. მე აქ არ ვხმარობ სიტყვა “ცრურწმენას” შეურაცხმყფელი გაგებით. ესენი წარმოადგენენ უნივერსალურ რწმენას, რომელიც ამა თუ იმ დოზით ყველა ჩვენთაგანს ახასიათებს. განსაკუთრენულობა – ესაა ადამიანის რწმენა საკუთარ უკვდავებაში. იმაში, რომ იგი განსხვავდება სხვა ადამიანებისგან და ბუნების ბიოლოგიური კანონები მასზე არ ვრცელდება. ჩვენ ყველანი ვყოფილვართ კრიზისულ მდგომარეობაში, რომელსაც არანაირად არ მოველოდით – იქნება ეს მძიმე ავადმყოფობა, სამსახურიდან დათხოვნა, თუ საყვარელ ადამიანთან განშორეება. ასეთივე ამბავი დაემართა ელვას მოთხრობიდან “ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ესეთი რამ შემემთხვეოდა.!…”: ისეთმა ერთი შეხედვით ჩვეულმა ფაქტმა, როგორიცაა საფულის მოპარვა, შეიძლება სამუდამოდ დაუმსხვრიოს ადამიანს საკუთარი ხელუხლებლობის ილუზია. თუ კი საკუთარი განსაკუთრებულობა გვაძლევს საშუალებას ვიგრძნოთ თავი უფრო თავდაჯერებულად, მაშინ საბოლოო მხსნელის რწმენა გვაძლევს საშუალებას გვჯეროდეს, თითქოს რაღაც გარეშე ძალა მუდმივად ზრუნავს ჩვენზე. შესაძლოა ჩვენ სასიკვდილოდ დავავადდეთ, აღმოვჩნდეთ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვწამს, რომ რაღაც უხილავი მფარველი ძალა დაგვაბრუნებს უკან. ეს ორი თვალთახედვა წარმოშობს დიალექტიკურ ერთობლიობას. ადამიანი ან დარწმუნებულია საკუთარ ხელუხლებლობაში ან ეძებს მხარდაჭერას უმაღლეს ძალასთან. ანუ ადამიანი ან რიყავს საკუთარ თავს ან პირიქით მიისწრაფვის ვინმესთან გაერთიანებისაკენ. ადამიანი თითქოს შობს საკუთარ თავს ანუ საკუთარი მშობელი ხდება ან პირიქით მუდმივ ბავშვად რჩება. უმეტესობა ჩვენთაგანი საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს და გაურბის ფიქრებს სიკვდილზე. ჩვენ სიცილით ვეთანხმებით ვუდი ალენს, როდესაც ის ამბობს: “მე არ მეშინია სიკვდილის, უბრალოდ არ მინდა ვიყო აქ, როდესაც ის მოვა!” მაგრამ არსებობს სხვა გზაც. არსებობს უძველესი ტრადიცია, რომლის თაახმადაც სიკვდილის ფაქტის გაცნობიერება გვხდის ჩვენ უფრო ბრძენ ადამიანებად და ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას. ჩემი ერთერთი პაციენტის სიტყვები (ნოველიდან “ძალადობა ნებადართული რომ იყოს…”) უფლებას მაძლევს ვთქვა: სიკვდილის ფაქტი გვანადგურებს, ხოლო სიკვდილის იდეას შეუძლია გადაგვარჩინოს.
თავისუფლება, კიდევ ერთი არსებობის მოცემულობაა, რომელიც აყენებს ამ ნოველათა ზოგიერთ გმირს დილემის წინაშე. როდესაც ბეტი, ძალზე მსუქანი ქალი, ამბობს რომ ჩემთან ვიზიტის წინ მან ქეიფი მოაწყო და ჩემგან წასვლის შემდეგაც აპირებს მსუყედ მიირთვას, ის სინამდვილეში მთელს თავის პასუხისმგებლობას საკუთარ წონასთან დაკავშირებით მაკისრებს მე. მეორე პაციენტის მკურნალობისას (ტელმა მოთხრობიდან “სიყვარულის ჯალათი”), რომელიც მიატოვა მისმა საყვარელმა (და ამავედროს ფსიქოთერაპევტმა), მე ვეცადე დამებურნებინა მისთვის თავისუფლება და რწმენა საკუთარ თავში. როგორც არსებობის მოცემულობა თავისუფლება თითქოს წამოადგენს სიკვდილის სრულიად საწინააღმდეგო იდეას. თუ კი სიკვდილის გვეშინია, თავისუფლებას ცალსახად დადებით მოვლენად მივიჩნევთ. თავისუფლებისკენ სწრაფვა ხომ დასავლური ცივილიზაციის ერთერთი განუყოფელი ნაწილია! და საერთოდაც განა თავისუფლებისკენ სწრაფვა არ ქმნის ისტორიას? მაგრამ ექზისტენციალური თვალსაზრისით თავისუფლება არანაკლებ მძიმე მოცემულობაა. ჩვენი ცხოვრება სულაც არ წარმოადგენს წინასწარ გათვლილ და აწონ-დაწონილ პროექტს. თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავადვე იღებს პასუხისმგებლონას საკუთარ მოქმედებწებზე და საერთოდ ცხოვრებაზე. თუმცა ღა სიტყვა “პასუხისმგებლობა” მრავალი სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება, მე უპირატესობას სარტრის განმარტებას მივანიჭებდი: “გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა ნიშნავს იყო შემოქმედი, საკუთარი ცხოვრების შემოქმედი”. ჩვენ გაგვაჩნია თავისუფალი ნება ვიყოთ ისეთები როგორებიც გვინდა, გარდა იმისა რომ ვიყოთ არათავისუფალნი, ანუ ისევ სარტრის სიტყვებით რომ ვთქვათ – ჩვენ მისჯილი გვაქვს თავისუფლება. ზოგოერთი ფილოსოფოსი კიდევ უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ ადამიანის ფსიქიკა განსაზღვრავს გარეგან რეალობას. სწორედ თვითშექმნის იდეაშია ჩადებული ის ხიფათი, რომელიც იწვევს შფოთვას: თუ კი ჩვენ ვართ საკუთარი თავის შემქმნელნი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მიღმა სიცარიელეა, ჩვენი არსებობა არაფერს ეყრდნობა. ნებისმიერმა თერაპევტმა იცის, რომ თერაპიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი მდგომარეობს პაციენტის მიერ საკუთარ ქმედებებზე და მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის აღებაში. სანამ ადამიანს მიაჩნია, რომ პრობლემა გამოწვეულია რამე გარე ფაქტორებით, ფსიქოთერაპია უძლურია. “ბოლოს და ბოლოს ჩემი პრობლემის მიზეზი მე არ მეხება, როგორ შემიძლია მე რამე შევიცვალო? ეს გარესამყარო (ოჯახი, სამსახური მეგობრები) უნდა შეიცვალოს და არა მე!” მაგალითად დეივმა (ნოველლა “ნუ მიიპარები”), რომელიც ჩიოდა, რომ ის გამომწყვდეულია საკუთარ ოჯახში და ჯალათის როლს აქ მისი მკაცრი, ავტორიტარული ცოლი ასრულებს, ვერაფრით გადაწყვიტა თავისი პრობლემები, სანამ არ გააცნობიერა რომ თავად შექმნა ამგვარი “ციხე”. იმის გამო, რომ პაციენტები ხშირად ეწინააღმდეგებიან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, თერაპევტი უნდა ეცადოს გამონახოს გზები და მიდგომები, რომლებიც საშულებას მისცემენ პაციენტს დაინახოს თუ როგორ და რანაირად ის თავად ქმნის თავის პრობლემებს. ერთერთი ყველაზე ეფექტური ტექნიკა, რომელსაც მე ვეყრდნობი მუშაობისას არის პირინციპი “აქ და ამჟამად”. იმის გამო, რომ პაციენტები ცდილობენ ააგონ მათთვის დამახასიათწებელი ურთიერთობის მოდელი თერაპიული ურთიერთობისას, მე ვცდილობ მივაპყრო მათი ყურადღება ჩვენს შორის ურთიერთობაზე და არა მის წარსულ გამოცდილებაზე ან თუნდაც მიმდინარე ცხოვრებაზე. თერაპიული ურთიერთობების (ან ჯგუფშიდა ურთიერთობების) შესწავლის საფუძველზე მე შემიძლია პირდაპირ მივუთითო პაციენტს, თუ რა სტერეოტიპებით ხელმძღვანელობს ის სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. მაგალითად იგივე დეივი, გაურბოდა პასუხისმგებლობის აღებას ოჯახურ ურთიერთობებში, მაგრამ ის ვერანაირად ვერ უარყოფდა ჯგუფური მონაცემებს: მისი გულჩათხრობილი და ორჭოფული ქცევა იწვევდა გაღიზიანებას ჯგუფის სხვა წევრების მხრიდან. მათ დაახლოებით დეივის მეუღლის მსგავსი რეაქცია უჩნდებოდათ. ასევე ბეტის მკურნალობა (ნოველა“მსუქანი ბეტი”) არ იძვროდა ადგილიდან, სანამ ის თავის პრობლემებს მიაწერდა კალიფორნიული სუბკულტურის თავისებურებებს. მხოლოდ იმის შემდეგ რაც მე ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე მივუთითე, თუ როგორ იწვევს მისივე ზედაპირულობა და შინაგანი სიცივე, ასეთივე რეაქციას გარშემომყოფების მხრიდან, იგი მიხვდა რომ თავადვე აქცევს საკუთარ თავს იზოლაციაში. თუმცა პასუხისმგებლობის აღება უბიძგებს პაციენტს ცვლილებებისკენ, ამის და მიუხედავად, როგორც არ უნდა ეცადოს თერაპევტი, რომ წაახალისოს პაციენტი, თერაპია არაეფექტო იქნება სანამ პაციენტი არ განახორციელებს რაიმე ცვლილებას. თავისუფლება არა მხოლოდ მოითხოვს ჩვენგან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, არამედ ასევე გულისხმობს, რომ ცვლილება ვერ განხორციელდება ჩვენი მხრიდან აქტიური ჩარევის გარეშე. იმის და მიუხედავად, რომ ფსიქოთერაპევტები იშვიათად საუბრობენ პაციენტის ნებაზე და ნებელობის პრობლემაზე, ჩვენ ძალების მნიშვნელოვანი დახარჯვა გვიწევს სწორედ პაციენტის ნებელობის გასააქტიურებლად. ჩვენ განუწყვეტლად ვაკეთებთ ახსნა-განმარტებებს, ვატარებთ ინტერპრეტაციებს იმის იმედით, რომ უბრალო მიხვედრა და პრობლემის არსის გაგება თავისთავად მიგვიყვანს ცვლილებებამდე. მხოლოდ წლების შემდეგ, როდესაც ინტერპრეტაცია ეფექტს არ იძლევა ჩვენ შეიძლება მივმართოთ უშუალოდ პაციენტის ნებას: “იცით? საჭიროა ძალისხმევა. უნდა ეცადოთ. გვეყო ფიქრი, ახლა მოქმედების დროა!” და როდესაც პირდაპირი მითითებები და თხოვნები არ ჭრის, თერაპიის პროცესი დაიყვანება (როგორც ეს არაერთ ნოველაშია ნაჩვენები) უბრალოდ ორი ადამიანის ურთიერთობამდე. მაგალითად მე შემიძლია რჩევებს ვიძლეოდე, ვკამათობდე, ვხუმრობდე, ვპირფერობდე, ვეხვეწებოდე პაციენტს ან, ბოლოსდაბოლოს, უბრალოდ ველოდე სანამ პაციენტი თავად შეცვლის საკუთარ ნევროტულ თვალთახედვას. ჩვენი თავისუფლება გამოიხატება სწორედ როგორც ნება, ანუ მოქმედებების წყარო. მე განვასხვავებ ნებელობითი ქმედების ორ ეტაპს, სურვილს და უშუალოდ მოქმედებას. ზოგიერთი ადამიანი ეწინააღმდეგება საკუთარ სურვილებს და არ იცის რას გრძნობს ან რა უნდა. საკუთარი აზრების, მისწრაფებების და მიდრეკილებების უქონლობის გამო ისინი პარაზიტირებენ სხვათა გრძნობებზე. ასეთი ადამიანები, როგორც წესი ძალზე მომაბეზრებელნი არიან. ბეტი სწორედ იმის გამო იყო დამღლელი ურთიერთობაში, რომ მას არ ჰქონდა საკუთარი სურვილები, სხვები კი უბრალოდ იღლებოდნენ მისთვის საკუთარი იდეებისა და გრძნობების მიწოდებით. სხვა პაციენტებს არ ძალუძთ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ღა მათ ზუსტად იციან თუ რა სურთ და რა უნდა გააკეთონ მიზნის მისაღწევად, მათ არ ყოფნით გამბედაობა და ისინი უბრალოდ ერთ ადგილს ტკეპნიან. საულმა (ნოველიდან “სამი გაუხსნელი წერილი”) მშვენივრად იცოდა, რომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი გახსნიდა წერილებს, მაგრამ ის შიში და შფოთვა, რომელსაც ისინი მასში იწვევდნენ, ანეიტრალებდა მის ნებელობას. ტელმამ (“სიყვარულის ჯალათი”) იცოდა, რომ აკვიატებული სიყვარულის გრძნობა წყვეტდა მას რეალობიდან. მან იცოდა, რომ ცოცხლობს ცხოვრებით, რომელიც რვა წლის წინ შეწყდა და იმისათვის რომ დაუბრუნდეს რეალობას მან უნდა დაძლიოს თავისი თავზეხელაღებული ვნება. მაგრამ მას არ შეეძლო ან არ სურდა ამის გაკეთება.ამიტომაც ის მეწინააღმდეგებოდა , როდესაც მე ვცდიობდი გამეძლიერებინა მისი ნებელობა. გადაწყვეტილების მიღება რთულია მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო და ბევრი მათგანი ჩვენი არსებობის წიაღში დევს. ჯონ გარდნერი თავის ერთერთ რომანში “გრენდელი” აღწერს ერთ ბრძენს რომელიც მთელს თავის ფიქრებს ცხოვრების შესახებ ორ მოკლე ფრაზაში ათავსებს: “ყოველივე წარმავალია” და “შუალედური გამოსავალი არ არსებობს”. სწორედ მეორე ფრაზაში დევს გადაწყვეტილების მიღების სიძნელის არსი. გადაწყვეტილება უცილობლად შეიცავს საკუთარ თავში უარყოფასაც: ყოველ “კი”-ს აქვს თავისი “არა”. მაგალითად ტელმას უჭირდა გადაწყვეტილების მიღება დაბრუნებოდა რეალობას, რათგან ეს მოუსპობდა მას ყველანაირ შანსს დაებრუნებინა რვაწლისწინანდელი სიყვარული.
Comments on: "სიყვარულის ჯალათი – შესავალი (გაგრძელება)" (4)
საინტერესოა…
იმედია გააგრძელებ 🙂
ki, tandatanobit vecdebi davdo nawyvetebi am wignidan : )
dzalian sainteresoa,didi madloba:))
gmadlobt shen rom interesdebi kargi ragaceebit : )