Thoughts About Death, Life and Humanity

Archive for March, 2010

ლირიული გადახვევა :)

უკანასკნელი პოსტის სურათებით გასაფორმებლად მასალის ძიებისას წავაწყდი რამდენიმე კარიკატურას, რომელიც წყვილთა პრობლემებს და მათთან დაკავშირებულ ფსიქოკონსულტირებას ასახავს. როგორც წესი საქმე იმაშია რომ ქალი და მამაკაცი ერთმანეთთან არ არიან გულწრფელნი, ვერ ურთიერთობენ ღიად. ყოველ მათგასნ თავისი წარმოდგენა და მოლოდინები აქვს მომავალ ცხოვრებასა და ერთმანეთის შესახებ. როდესაც ეს მოლოდინები და წარმოდგენები არ მართლდება სიტუაცია რთულდება და წყვილს პრობლემა უჩნდება.

🙂 🙂 🙂

ჰო, და კიდევ House M.D.–ს ბოლო ეპიზოდის საუნდტრეკი :)))

თამაშები, რომელთაც ვთამაშობთ (კაცები)

ამ პოსტში მინდა განვიხილო ის თამაშები, რომელთაც მამაკაცები ვთამაშობთ ქალებთან ურთიერთობისას. უხშირეს შემთხვევაში ამ თამაშებს, სუსტი, უნებისყოფო მამაკაცები თამაშობენ. ამა თუ იმ დოზით ყველა თამაშის მიზანი და მოტივი არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და საკუთარი უძლურების გამართლება. ხშირად ამ თამაშებს თავად ქალებიც უწყობენ ხელს. მაგალითად იმგვარი თამაშებით მათი მხრიდან, როგორიცაა “მე მხოლოდ შენი დახმარება მსურდა” ან “დედა ტერეზა” (ეს უკანასკნელი უფრო ცხოვრებისეული სცენარია ვიდრე თამაში). მაშ ასე, განვიხილოთ რამდენიმე თამაში, რომელთაც მამაკაცები თამაშობენ.

“შეხედე რა ვქენი შენი გულისთვის!…”

ეს თამაში შეიძლება გახდეს განქორწინების ან ურთიერთობის დასრულების მიზეზი. თამაშის სიუჟეტი შემდეგია: ქმარი  თავის საქმითაა დაკავებული. ამ დროს ოთახში შემოდის ცოლი ან ბავშვი, იმის საკითხავად თუ სად დევს, ვთქვათ, ასანთი.  შედეგად კაცს ხელიდან უვარდება ფუნჯი, უსხლტება დანა და იჭრის ხელს, არასწორ კლავიშს ურტყამს საბეჭდ მამქანაზე (გააჩნია რა საქმითაა დაკავებული). ის გაბრაზებულია და ყვირის: “შეხედე რა ვქენი შენი გულისთვის!”

ამ თამაშის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ისინი ერთმანეთისგან ემოციური დაძაბულობის ინტენსივობითა და შედეგების სავალალოობით განსხვავდებიან. უკანასკნელ სტადიაში საქმე გვაქვს პარანოიდულ პიროვნებასთან, რომელიც ყველაფერში სხვებს ადანაშაულებს და მათდამი შურისძიების ჟინითაა ანთებული.

ასევე შესაძლებელია ამ თამაშის შემდეგი სახეცვლილება: ცოლი საკუთარ თავზე იღებს ოჯახის ფინანსური საკითხების მოვარებას რათგან ქმარი “მოუკოჭლებს არითმეტიკაში.” ქმარი ამას სიამოვნებით თანხმდება., მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ აღმოჩენს რომ ცოლს ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი დაუხარჯავს, რაც ოჯახურ უთანხმოებას იწვევს. მაგრამ სინამდვილეში მამაკაცს მთლიანად ამ თამაშის განმავლობაში სჭირდება რომ ცოლმა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ჭირდება ვიღაც ვისაც გადააბრალებს საკუთარ უნიათობას (თუნდაც ფუნჯის გავარდნას ხელიდან). ფსიქოლოგიურად ამ თამაშს საფუძვლად მამაკაცის ქვეცნობიერი შიში უდევს. შიში იმისა, რომ ის არასრულფასოვანად ასრულებს თავის ფუნქციას, რომ შეიძლება რამეში “ჩაიჭრას,” ხოლო შემდეგი აგრესია და წამოძახილი “შეხედე რა ვქენი შენი გულისთვის” მხოლოდ დაცვით მექანიზმს წარმოადგენს თავის გასამართლებლად. სექსუალური კუთხით შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნაადრევ ეაკულაციას, რასაც მამაკაცი ბუნებრივია კვლავ ქალს გადააბრალებს, სინამდვილეში კი მას საკუთარი სქესობრივი უძლურების ეშინია. ცხოვრებისეული პოზიცია ამ დროს არის “მე არაფერში არ ვარ დამნაშავე.”

“ნახე, რამდენს ვცდილობდი”

ამ თამაშში სამი კაცი, ორი მეუღლე და მეზობელი, თუ მეგობარი ან თუნდაც ფსიქოთერაპევტი მონაწილეობენ. მამაკაცს ამ დროს განქორწინება სურს, მაგრამ ამას პირდაპირ ვერ ეუბნება ცოლს. ქალს კი გულწრფელად სურს ოჯახის შენარჩუნება. ამის გამო ის ფსიქოთერაპევტს ან ვინმე ახლობელს მიმართავს დახმარებისთვის. ქმარი საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ძალით მიდის ფსიქოთერაპევტთან სეანსზე. ის ძალზე კონსტრუქტიული და თავშეკავებულია, ყველაფერს ასრულებს რასაც ფსიქოთერაპევტი ეუბნება, ყველაფერზე თავს უქნევს მას და საერთოდ ისე იქცევა, თითქოს ვერც კი ხვდება რაშია პრობლემა – რახან ცოლმა მოიყვანა ესე იგი თავად მას აქვს პრობლემა. გარკვეული ხნის შემდეგ ქმარი წყვეტს ვიზიტებს ფსიქოთერაპევტთან, ვთქვათ, ძმაკაცებთან სათევზაოდ წასვლის მიზნით. შემდგომში მას შეუძლია დამშვიდებით უთხრას ახლობლებს ან ცოლს: “მე ისე ვცდილობდი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა.” სინამდვილეში მას არც უნდოდა რომ რაიმე გამოსულიყო და თავისი ქმედებით ის ყველანაირად ამტკიცებდა ამას. თამაშის ფარული მიზანია პასუხისმგებლობის გადაბარება სხვაზე. ამ შემთხვევაში ცოლსა და ფსიქოთერაპევტზე.

ქართულ რეალობაში ვხვდებით ამ თამაშის სახეცვლილ ფორმას. კერძოდ თამაშს “მე შენი ღირსი არ ვარ.” მე და ჩემ კოლეგებს ხშირად გვქონია ამ თამაშზე დაკვირვების საშუალება. ის შემდეგში მდგომარეობს: მამაკაცს დიდი ხანია მობეზრდა მოცემული ურთიერთობა ან რაღაცის გამო არ აწყობს იგი. იმის მაგივრად რომ ეს პირდაპირ უთხრას ქალს და მათ ერთად იპოვონ გამოსავალი მდგომარეობიდან, კაცი იწყებს უცნაურ ქცევას – იკარგება, არ ეკონტაქტება ქალს, იგონებს საამისოდ სხვადასხვა მიზეზს. ხშირად ძმაკაცების გარემოცვაში მისგან შეგიძლიათ მოისმინოთ ფრაზა “:აუ დავიღალე რა..” ან “გული გამიწყალა ამ გოგომ…” ბოლოს და ბოლოს როდესაც ქალი ხვდება, რომ “რაღაცაშია საქმე” და დაჟინებით ითხოვს ახსნას, კაცი ეუბნება “იცი, მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ მე შენი ღირსი ვერასდროს გავხდები, იმედი მაქვს ღირსეულ მამაკაცს იპოვნი და ბედნიერი იქნები მასთან.” ამ ყველაფრის მიზეზი გახლავთ ის რომ 1) კაცი ხედავს რომ ვერ დაამყარებს სექსუაკლურ, “გასართობ” ურთიერთობას ქალთან, ხოლო სერიოზულ ურთიერთობისთვის და ოჯახის შექმნისთვის ის ჯერ არაა მზად. 2) მეორე ვარიანტს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ქალი თამაშობს “გამოცდას” ხოლო სასოწარკვეთილ მამაკაცს მართლაც ჰგონია რომ ის არაა ამ ქალის ღირსი. ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს მამაკაცის მხრიდან არასრულფასოვნების განცდას, რაც ურთიერთობის დასრულების მიზეზი ხდება.

ალკოჰოლიკი

ეს ერთერთი კლასიკური თამაშია. მასში სამი მონაწილეა: მსხვერპლი (ალკოჰოლიკი ან ნარკომანი ქმარი), მოძალადე (ცოლი ან დედა) და მხსნელი (მეგობარი, ახლობელი, ფსიქოთერაპევტი, ექიმი). სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება: მამაკაცი, რომელიც მსხვერპლის როლს თამაშობს, ალკოჰოლიკი ან ნარკომანია. ის პერიოდულად სვამს ან მოიხმარს სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ამ დროს ის საშინლად იქცევა, ზედაპირზე მისი პიროვნების ყველა ჩრდილოვანი მხარე ამოდის ერთდროულად: აგრესია, სექსუალური გადახრები, სხვა ცხოველური ინსტიქტები, სიცრუე და სხვა. ბუნებრივია რომ ამგვარი საქციელი აღშფოთებას და გაღიზიანებას იწვევს გარშემომყოფებში, განსაკუთრებით ცოლში ან სიდედრში, რომლებიც ამ შემთხვევაში თავად გამოდიან მოძალადეებად – ისინი საყვედურობენ მამაკაცს, ემუქრებიან, რომ შემდეგ დალევაზე სახლში აღარ შემოუშვებენ და ა.შ. გამოფხიზლებულ მდგომარეობაში კაცს სინანულის გრძნობა იპყრობს და ის “ცდილობს გამოასწოროს” თავისი საქციეკლი, მაგრამ მწარე გამოცდილების მქონე ცოლი აღარ პატიობს მას. შედეგად მას აბსოლუტური მონსტრის იმიჯი ექმნება ქმრის თვალში. ის ხელმეორედ ბრუვდება (სვამს, ნარკოტიკს ღებულობს) და კვლავ აღვირახსნილ მდგომარეობაში ბრუინდება სახლში. ამ ისტორიაში არის მესამე მხარეც, რომელთანაც ალკოჰოლიკი საშველად მიდის. ეს შეიძლება იყოს გამყიდველი, რომელიც ნისიად მისცემს არაყს ან მეგობარი, რომელიც ფულს მისცემს ღვინისთვის და თან ანუგეშებს და მოისმენს ალკოჰოლიკის წუწუნს ცხოვრების უსამართლობის შესახებ. შესაძლებელია ეს იყოს ფსიქოთერაპევტიც ან ექიმი ნარკოლოგი, რომლებიც მკურნალობენ მას. თუ ალკოჰოლიკი ვერ ღებულობს შესაფერის მხარდაჭერას მხსნელთან, ის შესაძლოა გადავიდეს მუქარაზე.

თამაშის ფარული მესიჯია: “ნახეთ რა საცოდავი და უძლური ვარ! შემიცოოდეთ და შემიფარეთ! ჩემი უახლოესი ადამიანები – ოჯახის წევრები – ნამდვილი მონსტრები არიან. დამიცავით მათგან!” ამ თამაშს ძირითადად “დედიკოს ბიჭები” თამაშობენ, ისინი ვისაც დესპოტი დედები ყავ(და)თ და მიჩვეულნი არიან ქალის მხრიდან აგრესიულ, დამმორჩილებელ მოპყრობას. შედეგად ისინი ყველა ქალისგან გაუცნობიერებლად იმავეს მოითხოვენ.

“ალკოჰოლიკი” ძალიან კარგად შეეხემება ქალის მხრიდან თამაშ “დედა თერეზა”–ს. ამგვარი წყვილი “სრულ ჰარმონიაშია” ერთმანართთან. აქ შესაძლოა თავად ცოლმაც ითამაშოს მხსნელის როლი. მას ძალზე ეცოდება უიღბლო ქმარი, რომელსაც “არ გაუმართლა ცხოვრებაში.” მისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. მანამ სანამ არ აღმოაჩენს, რომ ყველაფერი ეს პრინციპში ბლეფია.

“უფლისწული”

ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ცხოვრებისეული სცენარი “უფლისწული.” ამ სცენარს ირჩევენ ის მამაკაცები რომლებიც “ქალის ხსნისა და გადარჩენის” ჟინით არიან შეპყრობილნი. როგორც წესი ამგვარ მამაკაცებს დიდი თანაგრძნობა აქვთ დედის მიმართ, რომელსაც ასევე არ გაუმართლა პირად ცხოვრებაში. ამიტომ ისინი ცდილობენ სხვა ქალები გააბედნიერონ და “არასდროს არ მოექცნენ ცოლს ისე როგორც მამა ექცეოდა დედას.” ესეთი მამაკაცები შესაშური სიზუსტით საზღვრავენ და ურთიერთობას იჭერენ პრობლემის მქონე ქალებთან. იმათთან, ვისაც დედის მსგავასად არ გაუმართლათ პირად ცხოვრებაში. შინაგანი თუ გარეგანი მიზეზებით. ამ თამაშის/სცენარის მიმდევარი მამაკაცები გარკვეულ ეტაპზე ხვდებიან რომ “რაღაც ისე არაა” და იწყებენ წუწუნს იმასთან დაკავშირებით რომ არ უმართლებთ, ქალებს არ ესმით მათი. სინამდვილეში კი თავად არიან საკუთარი “უიღბლობის” სათავე. მათ ემოციურად ყველაზე მეტად ხომ უბედური ქალები იზიდავთ. ქალები, რომლებთანაც არც ერთი საღ გონებაზე მყოფი კაცი არ დაიჭერდა საქმეს.

“უფლისწულის” ქალურ ანალოგად შესაძლოა “დედა ტერეზა” დავასახელლოთ.  აქაც ქალი ისწრაფვის “გადაარჩინოს” ან “გასმოასწოროს” მამაკაცი, მაგრამ შედეგად იღებს მხოლოდ უმადურ ნარკომანებსა და ალკოჰოლიკებს.  ეს სცენარი აგრეთვე ეხმიანება სცენარ “მძინარე მზეთუნახავს,” სადაც ქალი მოელის “თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს,” რომელიც იხსნის მას ბოროტისაგან.

თამაშები, რომელთაც ვთამაშობთ (ქალები)

სანამ უშუალოდ ცალკეული თამაშის განხილვაზე გადავიდოდე, მინდა რამოდენიმე სიტყვით შევეხო მათ ზოგად პრინციპებს. თამაში, როგორც წინა პოსტში უკვე ვთქვით, წარმოაგენს ტრანსაქციათა გარკვეულ, სტერეოტიპულ თანმიმდევრობას. თითოეულ თამაშს გააჩნია თავისი თეზისი ანუ სიუჟეტი რომლითაც ვითარდება ეს თამაში, თავისი ანტითეზისი ანუ ქმედებათა ის თანმიმდევრობა რომელიც ანეიტრასლებს თამაშს და არ აძლევს მას განვითარების საშუალებას. მარტივად რომ ვთქვათ ის რაც უნდა გააკეთოს ურთიერთობაში ჩართულმა ერთერთმა მხარემ რათა მეორეს არ მისცეს თამაშის საშუალება. არის მოთამაშეებს შორის გადანაწილებული გარკვეული როლები და ასევე ღია და ფარული მესიჯები/ტრანსაქციები, რომელთაც ცვლიან მხარეები.

ქვემოთ მოვიყვან რამდენიმე თამაშს რომელსაც ხშირად თამაშობენ ქართველი მანდილოსნები:

“შენ რომ არა…”

ამ თამაშში მონაწილეობენ დესპოტი ქმარი და ცოლი, რომელიც მისი მსხვრეპლი ხდება. თეზისი მდგომარეობს შემდეგში: ქალი ირჩევს ძლიერ, დესპოტ ქმარს, რომელიც მას გამოამწყვდევს სახლში, უკრძალავს მას პრაქტიკულად ყველაფერს. შედეგად ქალის უკმაყოფილება მატულობს. ის პრდაპირ ადანაშაულებს ქმარს სიტყვებით: “შენ რომ არა..” შემდეგ ამას მოჰყვება ის თუ რისი გაკეთება სურდა ცოლს და რა დაუშალა ქმარმა და როგორ გააუბედურა იგი. ასევე ქალი დიდი სიამოვნებით წუწუნებს დაქალებთან ქმრის დესპოტურობის გამო საპასუხოდ კი ღებულობს თანაგრძნობისა და აღშფოთების ოხვრებს. თამაშის ფარული არსი გამომჟღავნდება იმ შემთხვევაში თუ კი ქმარი ანტითეზისის სახით შეწყვეტს თავის დესპოტურობას და თავისუფალი არჩევანის საშუალებას მისცემს ცოლს. ასეთ შემთხვევაში ქალი, როგორც წესი, ყველაფერს აკეთებს, რათა როგორღაც გააღიზიანოს ქმარი და გამოიწვიოს მასში ჩვეული დესპოტიზი და სიმკაცრე. ასე რომ სინამდვილეში ქალს ესჭიროება ეს სიმკაცრე და აკრძალვები, რათგან შინაგანად იგი არაა მზად მართოს საკუთარი იმპულსები, მას ჭირდება ვინმე ვინც ძალით გააკონტროლებს მათ. ვინც დაიჭერს მას და არ მისცემს საშუალებას ასე ვთქვათ “აუშვას ოფოფები.” ასეთ თამაშს თამაშობენ ის ქალები, რომელთაც მსგავსი, დესპოტური მშობლები ჰყავდათ. ისინი ვერ ღებულობენ და შესაბამისად ვერ აკონტროლებენ დამოუკიდებლად თავის შინაგან იმპულსებს (ემოციურს, სექსუალურს, აგრესიულს) და ეძებენ ამგვარი კონტროლის მექანიზმს სხვებში. ამ შემთხვევაში ქმარში.

ამგვარი სიტუაცია შესაძლებელია ზღაპარ “ლურჯწვერას” შევადაროთ, სადაც ბოროტი, მუხანათი ლურჯწვერა მამაკაცი ღუპავს ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალებს:

დაღლილი დიასახლისი

ალბათ ბევრი ქართველი ქალისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც საზეიმო ვახშამი მათთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა ხოლმე. დილიდანვე იწყება მზადება საღამოს ვახშმისათვის. კეთდება უამრავი კერძი და ცხვება ნამცხვრები. ქალი ფუსფუსებს სამზარეულოში. ხოლო როდესაც დგება სტუმრების მოსვლის დრო, ის მძლივს ღა ასწრებს კერძების განთავსებას გაშლილ სუფრაზე. მოდიან სტუმრები (ძირითადად მამაკაცები) სხდებიან და იწყება ქეიფი. ამ პერიოდშიც დიასახლისი არ ზის ერთ ადგილას – ის გამუდმებით გარბის და გამორბის, გამოაქვს ახალ–ახალი კერძები, სულის მოთქმის საშუალებას მხოლოდ მანდილოსნებისა ან დიასახლისის სადღეგრძელო თუ აძლევს, რომლის დროსაც მამაკაცები ხოტბას ასხამენ მას და დიასახლისობას უქებენ. მაგრამ ამავე დროს ვერ ხვდებიან თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ასეთ დროს ქალი, რომ მას აღარაფერი უნდა ამ ქვეყნად. მათ არ იციან, რომ პარალელურად ქალი უვლის ბავშვებს, უწევსა იყოს ქმრისათვის საყვარელიც, მეგობარიც და მოსამსახურეც. სწორედ ასეთ სიტუაციაში ქალი იწყებს “დაღლილი დიასახლისის” თამაშს. კერძოდ, მას ყველაფერი ხელიდან უვარდება, ავიწყდება თეფშების ან ხელსახოცწების გამოტანა, ხაშლამას მარილი აკლია, ხოლო შილა–ფლავი ზედმეტად ცხარეა. ეს კი სტუმრების ფარულ უკმაყოფილებასა და ოჯახის “შერცხვენას” იწვევს. ამგვარი სიტუაცია ოჯახში კონფლიქტს ბადებს, რომელმაც შესაძლოა საბოლოო ჯამში განქორწინებამდეც მიგვიყვანოს.

ის ქალბატონები რომლებმაც იცნეს თავი ამ სიტუაციაში ალბათ განცვიფრებულნი დარჩებიან, როდესაც გაიგებენ, რომ ტანჯვის მიზეზი თავად მათშია. საქმე ფრიად გავრცელებულ სტრეოტიპშია რომ “ქალი ჯაჭვით უნდა გყავდეს დაბმული და ეს ჯაჭვი მხოლოდ საძინებლიდან სამზარეულომდე უნდა წვდებოდეს”. ყველაზე საინტერესო კი ისაა რომ ამგვარ სტერეოტიპს ხშირად თავად ქალები უწყობენ ხელს. იმ მანდილოსნებს, რომლებიც ამ თამაშს თამაშობენ, როგორც წესი დედის ან ბებიის მიერ თავს მოხვეული აქვთ ის აზრი, რომ ქალი უნდა იყოს თავისი ქმრისთვის მართლაც ყველაფერი: დიასახლისიც, მოსამსახურეც, მეგობარიც, საყვარელიც, შვილების დედაც. სხვა შემთხვევაში “ქმარი მასზე უარს იტყვის” ან “ის ვერასდროს იქნება ბედნიერი.” ამის გამო ქალი ცდილობს მოიქცეს ისე როგორც ეს მშობელმა შთააგონა, ფაქტიურად იგი მშობლის პოზიციიდან მოქმედებს, მაგრამ ამავე დროს ჯანყდება მისი ბავშვი და პროტესტს გამოხატავს ამ თამაშის სახით. სწორედ ამგვარი შინაგანი კონფლიქტი უდევს საფუძვლად თამაშს.

ქალის მიმართ ამგვარ სტერეოტიპს ნათლად ასახავს ამონარიდი საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული მეოჯახეობის სახელმძღვანელოდან :

საუბედუროდ მსგავსი წარმოდგენები, მცირედ სახეშეცვლილი ფორმით,  დღესაც ფართოდაა გავრცელებული ქართულ საზოგადოებაში. სხვა შემთხვევაში ეს ტექსტი არ იქნებოდა ამდენად სასაცილო. ჩვენ ხომ იმაზე ვიცინით, რაშიც საკუთარ თავს ვხედავთ. 🙂

“ყველა კაცი ნაძირალაა!”

თამაშის არსი მდგომარეობს შემდეგში: ქალი პარტნიორად ირჩევს უიშვიათეს ნაძირალას, იმის და მიუხედავად რომ გარშემო ბევრი ღირსეული კანდიდატურაა. გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც მამაკაცი საკმარისად გამოხტავს თავის ნაძირლობას ქალი იწყებს თამშს “შენ რომ არა…” (რომლის ანალიზი ზემოთაა მოყვანილი). შედეგად ისინი ერთმანეთს შორდებიან და ქალი კიდევ ერთხელ რწმუნდება და ამბობს, რომ “ყველა კაცი ნაძირალაა” (რუს. все мужики козлы). ამ სცენარს ქალი რამდენჯერმე ათამაშებს, ანუ ამ პროცესს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი. არსებობს თამაშის მეორე ვარიანტიც. ქალი პარტნიორად მეტ–ნაკლებად ნორმალურ ადამიანს ირჩევს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ კაცმა “ნაძირლობის” ყველა დამახასიათებელი ნიშანი გამოავინოს. ამის შემდეგ ქალს თამამად შეუძლია თქვას “აი, ხომ ვამბობდი! ყველა მამაკაცი ნაძირალაა!”

მაგრამ რა არის ამ თამაშის გფარული მიზანი? როგორც წესი ამ თამაშს ის ქალები თამაშობენ, რომელთაც წარსულში არ გაუმართლათ პარტნიორის არჩევისას და ის მართლაც ნაძირალა აღმოჩნდა ან/და ქალს ბავშვობიდანვე ჩაესმის ირიბად თუ პირდაპირ დედისგან თუ ბერბიისგან, რომ “ყველა კაცი ნაძირალაა და მათ მხოლოდ ერთი რამ უნდათ. რის შემდეგაც მიგატოვებენ.” ბავშვობაში ჩადებულ სწორედ ამ პოსტულატით ხელმძღვანელობს ქალი მთელი თავისი მომავალი ცხოვრების განმავლობაში და ისევ და ისე ამტკიცებას თავის მაგალითით, რომ მართლაც ყველა კაცი ნაძირალაა.

გამოცდა

“გამწარებული ქალი” შესაძლოა მეორე თამაშსაც თამაშობდეს, რომელსაც პირობითად “გამოცდა” შეიძლება დავარქვათ. ამ თამაშის თაზისი შემდგომშია: ურთიერთობის დასაწყისიდანვე ქალი ასე ვთქვათ “თავს იფასებს,” ახლოს არ უშვებს” მამაკაცს. ეს განსაკუთრებით ურთიერთობის სექსუალურ მხარეს ეხება. თამაში ისახავს, პრინციპში ფსიქობიოლოგიურად გამართლებულ, მამაკაცისგამოცდას მომავალი შვილების მამობისათვის. ანუ იმ კუთხით რამდენად ერთგული შეიძლება იყოს მამაკაცი, რამდენად სანდოა იგი სამომავლო ურთიერთობისათვის. მაგრამ შედეგად ქალი ღებულობს სრულიად სხვა რეალობას, მას ასე ვთქვათ “მეტისმეტი მოსდის,” კაცი “შეშინდება” და გარბის ხოლმე. ამგვარი ქალები როგორც წესი მარტოობისთვის არიან განწირულნი. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ისინი ამ თამაშს თამაშობენ.

ქვემოთ მოვიყვან ამონარიდს ჟურნალ “სარკიდან”  სადაც ნათლად ჩანს ჩვენს საზოგადოებაში სექსუალური თემის მტკივნეულობა და თამაშ “გამოცდის” “გამართლებულობა”:

სექსუალური თამაშები

სექსუალური თამაშები ერთერთი ყველაზე გავრცელებული სახეა თამაშებისა რომლებსაც ქართველი ქალბატონები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად თამაშობენ. სიკეკლუცე და პარტნიორის ყურადღების მიქცევა ხომ ქალის ბუნების განუყოფელი ნაწილია 🙂 ამ თამაშებიდან აღსანიშნავია “დინამო” (ასე უწოდებდა მას ერიკ ბერნი) და “ფრიგიდული ქალი.”

“დინამო” მდგომარეობს შემდეგში: ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად წვეულებაზე, გამომწვევ მზერას ესვრის მამაკაცს. ეს რამდენჯერმე მეორდება. საბოლოოდ მამაკაცი რწმუნება რომ ქალი ნამდვილად ეკეკლ;უცება მას და სურს მასთან უფრო ახლო კონტაქტში შესვლა. კაცი იჩენს გარკვეულ აქტივობას, პატიჟებს ქალს სასმელზე, საცეკვაოდ, კომპლიმენტებით ავსდებს მას. წვეულების ბოლოს კი ქალი ეუბნება: “გმადლობთ ყველაფრისთვის!” და სხვა მამაკაცთან ერთად ტოვებს წვეულებას. მოვლენების ამგვარი განვითარება შემდგომში კიდევ ერთი თამაშის, “აბა, წაიჩხუბეთ,” საშუალებას იძლევა, რათგან შეურაცხყოფილმა მამაკაცმა შესაძლოა “დუელში გამოიწვიოს” ქალის კავალერი, რის შემდეგ სიტუაცია ორი მამრის ბრძოლას ემსგავსება მდედრის დასაპყრობად. ამ თამშის მრავალი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, რომელთა დროსაც ქალი მამაკაცს სხვადასხვა დონის სიახლოვის უფლებას აძლევს, მაგრამ როდესაც გათამამებული მამაკაცი კიდევ უფრო მიზანდასახულ ქმედებებზე გადადის ქალი შეურაცხყოფილი რჩება და ამბობს “ყველა მამაკაცი სექსს დახარბებული ღორია!” (ესეც ერთერთი ვარიანტია სცენარისა “ყველა მამაკაცი ნაძირალაა!”).

“დინამოს” მსგავისია ასევე “ფრიგიდული ქალიც” მაგრამ ეს თამაში ცოლ–ქმარს, ან ყოველშემთხვევაში თანამცხოვრებ ქალსა და კაცს შორის ვითარდება. ამ თამაშში პირველი სვლა ყოველთვის მამაკაცს ეკუთვნის: ცოლი და ქმარი ტელევიზორთან სხედან, ქმარი ცდილობს ინტიმურ კავშირზე დაიყოლიოს ცოლი, ის კი უარზეა – “დღეს უხასიათოდ ვარ,” “დავიღალე,” “ეხლა არა ძვირფასო” და ა.შ. გადის რამდენიმე ხანი, ქმარი კვლავ ანახლებს თავის მცდელობებს, მაგრამ შედეგად იგივე ან უფრო მძაფრ რეაქციას ღებულობს გაღიზიანების სახით. კაცი ასკვნის რომ ცოლს ნამდვილად არ უნდა სექსუალური ურთიერთობა და საბოლოოდ თავს ანებებს მას. მაგრამ ახლა ცოლია უკმაყოფილო ის გაღიზიანებული დადის, დემონსტრაციულად აჯახუნებს კარებს, შემდეგ სააბაზანოდან სრულიად შიშველი გამოდის და მუხლებზე უჯდება ქმარს. ერთი სიტყვით ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ყურადფღება მიიქციოს და სექსუალურად მიიზიდოს მამაკაცი, ხოლო როდესაც ქმარი კვლავ მოქმედებაზე გადადის ის კვლავ უარს ეუბნება.

ამ თამაშების მიზანია ერთისმხრივ ფარული შურისძიება, სამაგიეროს გადახდა და მანიპულირება. ამისათვის კი ქალი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად იყენებს საკმაოდ ფაქიზ და მტკივნეულ თემას – სექსს. მეორესმხრივ კი აქ იმალება სექსის, როგორც რაღაც “ჭუჭყიანისადმი” დამოკიდებულება. ამგვარი ქცევით ქალი თითქოს ეუბნება მამაკაცს: “ფუი შე თხუპნიავ! მე კი ძალზე სუფთა გოგო ვარ!”

მძინარე მზეთუნახავი

ამ თამაშის გმირები გახლავან შებოჭილი, მორიდებული ქალბატონები. ეს იმდენად არა თამაში რამდენაა ზოგადად, ცხოვრებისეული სცენარია. ქალი ელის “უფლისწულს” რომელიც მოვა და თავისი ამბორით გააღვიძებს მას. პრინცს, რომელიც იხსნის მას გველეშაპის კლანჭებიდან და გაათავისუფლებს ტყვეობიდან. როგორც წესი საუბარია ქალურობისა და სექსუალურობის გამოღვიძებაზე. ამ სცენარის გამტარებელი ქალები, როგორც წესი, მოელიან “მხსნელის” გამოჩენას, არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში არამედ საერთოდაც. ეს თამაში, ისევე როგორც “გამოცდა,” ყველაზე უფრო ახლოა ჯანსაღ ურთიერთობასთან. რათგან ბუნებრივად  სწორედ კაცია ის ვინც ინიციატივას იჩენს, ხოლო ქალი ის ვინც ინიციატივას ელის. მაგრამ ხშირად ქალი იმდენად პასიური ხდება ან იმდენად დიდ წინააღმდეგობას უქმნის მამაკაცს, რომ ამგვარი “გათავისუფლება” და “ხსნა” შეუძლებელი ხდება. როგორც წესი ასეთი ქალბატონები ოცნებობენ იდეალურ მამაკაცზე, და ყველა დანარჩენზე უარს აცხადებენ. რაც რეალობასთან შეუსაბამობას და სასოწარკვეთილებას იწვევს მათში.

(გაგრძელება იქნება)

“თამაშები, რომელთაც ვთამაშობთ (კაცები)”

თამაშები, რომლებსაც ვთამაშობთ (საილუსტრაციო დანართი)

მინდა ზემოთ–(უფრო სწორედ კი ქვემოთ 🙂 )აღწერილი თეორიის საილუსტრაციოდ მოვიყვანო გადაცემა “Контекст, или искусство быть счастливым”. ეს სატელევიზიო შოუ მშვენივრად ასახავს ტრანსაქციული ანალიზის ძირითად პრინციპებს და მასზე დაფუძნებულ ფსიქოთერაპიულ პროცესს. თუმცა წამყვანი (ვლადიმერ გერასიჩევი) უთუოდ კარგი შოუმენია, ის ასევე შესანიშნავად იყენებს ტრანს–ანალიზისთვის დამახასიათებელ თერაპიულ ტექნიკებს, როგორიცაა მაგალითად სცენარების გამომჟღავნება და მათზე მუშაობა, ჩაწერის პროცესში (სხვაგვარად რომ ვთქვათ ფსიქოთერაპიული სეანსის მსვლელობისას) წარმოქმნილ მტკივნეკლ განცდებზე რეაგირება და მათი გამძაფრება ხელახალი განცდის მიზნით. ჯგუფში წარმოქმნილი ურთიერთობების ანალიზი და მისი დაკავშირება გმირის სცენართან. მტკივნეული საკითხების იუმორში გატარება და სხვა.

დიდი მადლობა (კიდევ ერთხელ) Bettoro–ს forum.ge–დან, ამ ვიდეოების აღმოჩენისა და გაზიარებისათვის 🙂

თამაშები, რომელთაც ვთამაშობთ (წინათქმა)

მაშ ასე ქალბატონებო და ბატონებო! განვაგრძოთ საუბარი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ამჯერად ვისაუბრებთ იმ თამაშებზე, რომლებსაც ყველა ჩვენთაგანი ამა თუ იმ დოზით თამაშობს. იმისთვის რომ გაგარკვიოთ თუ საერთოდ რაზეა საუბარი გეტყვით, რომ 1940–იანი წლების ბოლოს, 1950–იანი წლების დასაწყისში ამერიკელმა ფსიქოანალიტიკოსმა და ჯგუფურმა თერაპევტმა, ერიკ ბერნმა (Eric Berne, ნამდვილი სახელი – Eric Lennard Bernstein), შექმნა ტრანსაქციული ანალიზის თეორია, რომელიც შემდგომში ფსიქოთერაპიის ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა. ტრანსაქციული ანალიზი ადამიანთაშორის ურთიერთობას განიხილავს როგორც ეთგვარ თამაშს, რომელსაც გააჩნია თავისი სცენარი, მოთამაშეებს შორის განაწილებული როლები, თავისი დრამა, კულმინაცია და კვანძის გახსნა.

იმისათვის რომ უკეთ გავერკვეთ სიტუაციაში. მოვიყვან ტრანსაქციული ანალიზის ძირითადი ცნებების განმარტებებს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ტრანს–ანალიზი ძალზე პოპულარული ენითაა გადმოცემული. ბერნს უნდოდა მისი ნაშრომი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი და გასაგები ყოფილიყო. ასე რომ აქ ვერ შეხვდებით რაიმე რთულ თეორიულ კონსტრუქტებს ან ენამოსატეხ თერმინოლოგიას. მაშ ასე:

1. ეგო–მდგომარეობები. ეს ბერნის თეორიის ერთერთი ძირითადი ცნებაა. ის ამტკიცებდა რომ თვითოეული ადამიანი სხვადასხვა სიტუაციაში შესაძლოა იმყოფებოდეს სამიდან ერთერთ ეგო–მდგომარეობაში: ბავშვის, მოზრდილისა და მშობლის. ეს ეგო-მდგომარეობები  აღზრდის პროცესში ყალიბდება. მაგალითად, თუ ადამიანი მთლიანად ჩართულია ამ მომენტში, აქ და ამჟამად, და ურთიერთობაში სრულად ავლენს თავის ზრდასრულ პიროვნულ პოტენციალს, ასეთ შემთხვევაში ის მოზრდილის ეგო–მდგომარეობაში იმყოფება. თუ პიროვნება ფიქრობს, განიცდის და იქცევა, როგორც ერთერთი მისი მშობელთაგანი, ან ადამიანი, რომელსაც ის მშობლად აღიქვამდა (ვთქვათ ბიძა, დეიდა, ბიცოლა თუ სხვა), ამბობენ რომ ადამიანი იმყოფება მშობლის ეგო–მდგომარეობაში, ხოლო თუ ის ფიქრობს, განიცდის და იქცევა იმგვარად, როგორც ეს მისთვის ბავშვობაში იყო დამახასიათებელი, მაშინ ის ბავშვის ეგო–მდგომარეობაშია.

ერიკ ბერნი თავისი ვაჟიშვილის დასარტყამზე უკრავს. შემდგომში ის ხუმრობდა, რომ ამ დროს მან “ბავშვი გამოუშვა.”

2. ტრანსაქციები და მოთათუნებები. შესაძლოა მე ჩემი რომელიმე ეგო–მდგომარეობიდან მოგმართოთ, თქვენ კი თქვენი რომელიმე ეგო–მდგომარეობიდან მიპასუხებთ. სწორედ კომუნიკაციის ამგვარ გაცვლა–გამოცვლას ეწოდება ტრანსაქცია. ურთიერთობების ასეთ ანალიზს ეწოდება საკუთრივ ტრანსაქციული ანალიზი. გარდა ამისა, როდესაც თქვენ ჩემთან ურთიერთობთ, თქვენ აგზავნით გარკვეულ მესიჯს, მე შესაძლოა მივიღო ეს მესიჯი ან არ მივიღო ის. ასეთ შემთხვევაში საუბრობენ შესაბამისად “თბილ” ან “ცივ” მოთათუნებაზე. ნებისმიერ ადამიანს ესაჭიროება “თბილი” მოთათუნებები, რათა შეინარჩუნოს ფიზიკური და სულიერი კეთილდღეობა. ურთიერთობის პროცესში ტრანსაქციები შესაძლოა გადაიკვეთოს. ანუ ერთი ადამიანი მეორეს ეურთიერთებოდეს გარკვეული ეგო–მდგომარეობიდან და მოელოდეს მისგან შესაბამის პასუხს (მაგალითად ტრანსაქცია მოზრდილი–მოზრდილი), მეორე კი მას პასუხობდეს სულ სხვა პოზიციიდან (ეგო-მდგომარეობიდან). ვთქვათ ტრანსაქცია მშობელი–ბავშვი. ასეთ შემთხვევაში საუბრობენ გადამკვეთ ტრანსაქციებზე (crossed tranactions). სწორედ ამგვარ ტრანსაქციებს აქვს ადგული თამაშების დროს. ხშირად ისინი კონფლიქტის მიზეზიც ხდებიან:

3. ცხოვრებისეული სცენარი და ავტონომიურობა. ყველა ჩვენთაგანი ბავშვობიდანვე წერს გარკვეულ სცენარს, რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა მონაკვეთი და დასასრული. სცენარის ძირითადი სიუჟეტი ადრეულ ბავშვობაში იწერება, ჯერ კიდევ სანამ ენას ავიდგამდეთ. შემდგომ ის იხვეწება და შვიდი წლისათვის უკვე სრულებით ჩამოყალიბებულია. ზრდასრულობისას ჩვენ ჩვეულებრივ ვერც კი ვაცნობიერებთ ამ სცენარს. თუმცა ზუსტად მივდევთ მას და ვისწრაფით მასში გათვალისწინებულ ფინალურ სცენისკენ. სცენარის განხორციელებაში ხშირად თამაშები გვეხმარება, რომლებიც შეიძლება ითქვას პატარ–პატარა მიზანსცენებს წარმოადგენს ცხოვრების დიდ სპექტაკლში.

სცენარი ფსიქოთერაპიული თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ტრანსაქციულ ანალიზში. თერაპიის მიზანი, რომელიც ტრანს–ანალიზს ეფუძნება, არის პაციენტის დახმარება გამოვიდეს სცენარიდან და მოიპოვოს ავტონომიურობა. ამაში მას ეხმარება ურთიერთობების ანალიზი, რომელთაც როგორც აქ და ამჟამად, საკუთრივ თერაპიის პროცესში, ასევე ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობისას აქვს ადგილი. ფსიქოთერაპიის შედეგად პაციენტი უარს ამბობს თავის სცენარზე (რომელიც უხშირეს შემთხვევაში წარმოადგენს პრობლემის სათავეს) და იწყებს უფრო ზრდასრულ ცხოვრებას, რეალობის ობიექტურად აღქმასა და საკუთარი პიროვნული რესურსის სრულად რეალიზებას.

თავის “Maserati”-ში მსხდომი ერიკ ბერნი. თავის მანქანას ის “Mazeltov”–ს უწოდებდა და ამბობდა რომ “Mazeltov” აერთიანებს სამივე ეგო–მსგომარეობას: ბავშვს უნდა მანქანა, მოზრდილს სჭირდება იგი, ხოლო მშობელი ამბობს: “ფრთხილად იარე!”

4. რეკეტი, მარკები და თამაშები. ბავშვობიდანვე ვამჩნევთ, რომ ჩვენს ოჯახში ზოგი გრძნობა მიღებულია, ხოლო ზოგიც მიუღებელი და აკრძალულიც კი. ასეთ სიტუაციაში, თუ მოთათუნებების მიღება გვინდა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მიღებული გრძნობები და განცდები. ეს დასკვნა არაცნობიერ დონეზე კეთდება. როდესაც ზრდასრულ ასაკში ვათამაშებთ ჩვენს ცხოვრებისეულ სცენარს, ჩვენ კვლავინდებურად ვუარყოფთ ჩვენს ჭეშმარით განცდებს და “მიღებული” განცდებით ვხელმძღვანელობთ. სწორედ ამგვარ “მიღებულ” განცდებს ეწოდება რეკეტული. თამაშის პროცესში რაც უფრო მეტ მოთათუნებას მივიღებთ რეკეტული განცდის გამოხატვისას მით მეტ მარკას (ქულას) დავაგროვებთ. სწორედ ამაზე ეწყობა თამაშები – ესაა ტრანსაქციების გარკვეული, სტერეოტიპული თანმიმდევრობა, რომელიც მიზნად ისახავს რეკეტული გრძნობების გამოხატვასა და მათ შედეგად მოთათუნებების მიღებას. თუმცა ხშირ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ ზემოთ, გადამკვეთი ტრანსაქციების განმარტებისას, ჩვენს მიერ გამოხატული რეკეტული გრძნობები, თუ ქცევითი სტერეოტიპები შესაძლოა მიუღებელი ან გაუგებარი აღმოჩნდეს გარშემომყოფებისათვის. ასე რომ გვიწევს სხვა გზების ძიება, რათა როგორღაც მოვიპოვოთ მოთათუნერბები. ასეთ დროს აუცილებელია სცენარსა და თამაშზე უარის თქმა და ავტონომიურობის მოპოვება.

ბერნი თავის საბეჭდ მანქანასთან

თუ დაგაინტერესათ ტრანსაქციულმა ანალიზმა, მას შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით ბერნის წიგნებში გაეცნოთ – “თამაშები, რომლებსაც თამაშობენ ადამიანები” და “ადამიანები, რომლებიც თამაშებს თამაშობენ”. მე კი განვაგრძობ საუბარს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე და განვიხილავ იმ თამაშებს რომლებიც მათ ურთიერთობას უდევს საფუძვლად.

(გაგრძელება იქნება)