Thoughts About Death, Life and Humanity

Archive for February, 2011

თანამედროვე ფასიქოანალიზის ჰუმანისტური მოტივები

ოქტომბრის თვის ბოლოს მომიწია გერმანელი და ფინელი ფსიქოანალიტიკოსების – ჰორსტ კეხელესა და ლეო კოვარსკის ტრენინგ-სემინარზე დასწრება. თავიდანვე მეც და ჩემი მეგობარი და კოლეგაც, რომელთანაც ერთად ვესწრებოდი ამ სემინარს საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავით განწყობილები ფსიქოანალიზისადმი. საერთოდ არ მიყვარს კლასიკური ფსიქოანალიზი თავისი ფროიდისტული მიდგომით, რომელიც ზედმეტად სვამს ადამიანს ჩარჩოებში და ქცევის მკაცრად განსაზღვრულ მოტივებს აწებებს მას. წინასწარ მოწოდებული კლინიკური შემთხვევის (ე.წ. “კეისის”) გაცნობისას ორივეს, მეც და ჩემს მეგობარსაც დაგვებადა შეგრძნება თითქოს თერაპევტი პაციენტთან ურთიერთობისას თავადვე იგონებს გარკვეულ ინტერპრეტაციებს და შემდეგ აჯერებს პაციენტს მათ ჭეშმარიტებაში. ეს გავდა ძაღლს რომელიც საკუთარ კუდს დასდევს. სხვაგვარი იყო ფინელი ფსიოქოანალიტიკოსის ბატონი იკონენის სტატია, რომელიც ჩამოგვიტანა ლეო კოვარსკიმ. ის სავსე იყო ადამიანურობით. სწორედ იმ ჰუმანური პრინციპებით რომელიც ესოდენ მომხიბლავია ჰუმანისტურ ფსიქოთერაპიაში. ვიზუალური განსხვავებაც კი ნათელი იყო ბატონ ჰორსტსა და ლეოს შორის. ჰორსტ კეხელე ტიპიური გერმანული, მკაცრი გარეგნობის გამხდარი მამაკაცი, თითქოს “ნაცრისფერი”, ბნელი იერით, ხოლო ლეო ტიპიურად სლავური, წვეროსანი, თბილი, სავსე სახე ჰქონდა.

ჰორსტ კეხელე

სწორედ ამ “ჰუმანისტურ ჩანართებზე” მინდა გავაკეთო აქცენტი ამ პოსტში. ლეომ ლექცია იმით დაიწყო რომ გაიხსენა თუ როგორი იმედგაცრუებული იყო იგი, როდესაც საფუძვლიანად ჩაუღრმაბვდა ფსიქოანალიზს და აღმოაჩინა რომ ის პრაქტიკულად უსარგებლო იყო. ყოველშემთხვევაში თავისი კლასიკური სახით. მან გადაწყვიტა კიდეც თავი დაენებებინა ფსიქოანალიზისთვის, მაგრამ შემდგომ თავისი ხელმძღვანელისა და უფროსი მეგობრის პენტი იკონენის მოსაზრებებს გაეცნო და შეცვალა თავისი თავდაპირველი მოსაზრება. იკონენიც ხედავდა ფსიქოანალიზში შექმნილ კრიზისს, რომელიც მას მშრალმა ინტერპრეტაციებმა მოუტანა. თუმცა დაინახა ის დადებითი მახერეებიც რომელიც უთუოდ აქვს ფსიქოანალიზსს. კერძოდ ის რომ ფსიქოანალიტიკური პროცედურა ეხმარება ადამიანს უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი. ნათლად დაინახოს თავისი სუსტი წერტილები და მათ გასამაგრებლად იზრუნოს. გარდა ამისა თანამედროვე ფსიქოანალიზში შემოვიდა ადამიანური ურთიერთობის, ინტერპერსონალური ელემენტი, რამაც უფრო ბუნებრივი გახადა იგი.ჩემს ადრინდელ პოსტში “პროცესზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია” ვწერდი რომ ფსიქოთერაპიაში მნიშვნელობა აქვს არა იმდენად შინაარს, ანუ იმას თუ რაზე საუბრობენ ექიმი და პაციენტი, არამედ პროცესს, ანუ იმას თუ რას გვეუნება ეს საუბარი მათ ურთიერთობაზე, რა ხდება მათ შორის ემოციურ დონეზე, ფარული ქვეგრძნობების (ქვეტექსტების მსგავსად) ზეგავლენით. სწორედ ამგვარი პროცესის ელემენტები შემოიტანა ლეომ ფსიქოანალიზში. თუმცა იგი მთელი სემინარის განმავლობაში ამტკიცებდა რომ მნიშვნელობა აქვს ინტერპრეტაციებს, ამ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებული ძირითადი სიახლე იყო ის რომ ინტერპრეტირების პროცესში ხდება გამოცდილების გაზიარება თეტრაპევტსა და პაციწენტს შორის, ანუ განცდები რომლებიც ესოდენ მტკივნეული იყო აქამდე პაციენტისთვის და რომელთაც ის არავის, მათ შორის საკუთარ თავსაც არ უზიარებდა, ახლა, გაზიარების საშუალებით, თერაპევტის კუთვნილებაც ხდება. თერაპევტი იღებს პაციენტის ტვირთის ნაწილს და თვითონვე ეზიდება მას. ლეოს აზრით სწორედ ასეთ გაზიარებას შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტი გაცნობიერება. აქ მან რუსული თერმინი “сознание” გამოიყენა. მართლაც, დავაკვირდეთ:  «со – знание» ეს სიტყვა პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ითარგმნოს როგორც “თანა-ცოდნა”. ამგვარი თანა-ცოდნის ანუ კვლავ მართებული თერმინი რომ ვიხმაროთ, გაცნობიერების შედეგად პაციენტის თვალსაწიერი ფართოვდება. პრობლემის ცალსახა შეფასებები ქრება და შემოდის თერაპევტის თვალთახედვაც, პაციენტი ღებულობს გარკვეულ უკუკავშირს ამ მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მას აქამდე არ გააჩნდა. სწორედ ეს ქმნის შემდგომში ცვლილების წინაპირობას. უნებურად გაგახსენდება ნოდარ დუმბაძის “მარადისობის კანონი”.

ადამიანთაშორის ურთიერთობებზე აქცენტი მთლიანად ფსიქოანალიტიკურ თეორიაზეც აისახა. თუმცა ძირითადი ელემენტები იგივე დარჩა (ეგო, სუპერ ეგო და იდი), მაგრამ თეორიის არსი მკვეთრად შეიცვალა. კერძოდ, თუ აქამდე, ფროიდის დროიდან მოყოლებული, აქცენტი კეთდებოდა დრაივების თეორიაზე,ანუ იმაზე რომ ადამიანის ქცევას აკონტროლებენ “იდში” არსებული სექსუალური და აგრესიული, სასიკვდილო მოთხოვნილებები (ეროსი და თანატოსი). ახლა მათი ადგილი მიჯაჭვულობის თეორიამ (attachment theory) დაიკავა. ამ თეორიის თანახმად მნიშვნელობა აქვს არა ფარულ, გაუცნობიერებელ, ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს, არამედ უფრო იმ ურთიერთობებს რომლებიც ჩვენ გვიყალიბდება ბავშვობიდან ჩვენთვის ემოციურად მნიშვნელოვან ადამიანებთან: მშობლებთან, და-ძმებთან, მასწავლებლებთან, აღმზრდელწებთან. ამგვარ ემოციურად მნიშვნელოვან ადამიანებს ფსიქოლოგიაში “მნიშვნელოვან სხვებს” (significant others) უწოდებენ. ის ქცევისა და ურთიერთობის მოდელი და სტერეოტიპი რაც ამ ადამიანებთან გვიმუშავდება შემდეგ გამოგვყვება ხოლმე მთელი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ ეს მოდელი გვმართავს და განაპირობებას ჩვენს ქცევას მომავალში. ლეომ საინტერესო სქემა შემოგვთავაზა, რომელიც ასახავს პიროვნერბის დინამიურ აგებულებას, სტრუქტურას ამგვარი ინტერპერსონალური კომპონენტის გათვალისწინებით:

ლეოს მიერ შემოთავაზებული მოდელი

კლასიკურ თერმინ “იდის” (Id) მაგივრად ლეო ხმარობს თერმინს Soma, ეს ქვეცნობიერის ის სიღმისეუილი პლასტია სადაც ინსტინქტები ბატონობენ. იქნება ეს საკვებთან დაკავშირებული, სექსუალური, ძილის მოთხოვნილებასთან დაკავშირებული თუ სხვა ინსტინქტები. გარკვეულ დონეზე ისინი მართლაც მართავენ ადამიანს თუმცა მათ გადამწყვეტი როლი არ აქვთ. სომადან წამოსული იმპულსები გადის psyche-ს, ანუ ფროიდის თერმინოლოგიით ეგოს და პიროვნება იწყებს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების გზების ძიებას. ამისთვიოს კი ბუნებრივია საჭიროა გარემო ანუ გარეგანი ობიექტები (external objects). სწორედ აქ იმალება მთავარი მომენტი. იმის და მიხედვით თუ რა რეაქციასა და უკუკავშირს მიიღებს ადამიანი გარემოდან ყასლიბდება მისთვის დამახასიათებელი ქცევის ტიპი. ის სწავლობას თუ რა გზებით შეიძლება მიაღწიოს იმას რაც სურს. გარშემომყოფებთან როგორი ურთიერთობის საფუძველზე. მაგრამ აქვე შემოდის კიდევ ერთი ელემენტი ე.წ. შინაგანი ობიექტები (internal objects), რომლებიც სქემაზე ზემოთ ლურჯადაა გამოსახული. ეს ის წარმოდგენები და ემოციური რეაქციებია რომლებსაც ჩვენ ვსწავლობთ გარშემომყოფებისგან. თანდათანობით ზღვარი ქრება და ხდება პიროვნების მიერ ამ წარმოდგენებისა და ემოციური რეაქციების გაშინაგნება. ის მათ უკვე აღარ აღიქვამს როგორც რაიმე უცხოს. ეს შინაგანი ობიექტებიც ზემოქმედებენ ადამიანის ქცევაზე. მაგალითად, ოჯახის ფსიქოლოგიაში ცნობილია ფაქტი, რომ ნებისმიერ ადამიანს გაუცნობიერებლად გადააქვს თავის ოჯახურ ურთიერთობაში ის ქცევითი და ემოციური რეაგირების სტერეოტიპები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა თავად მის ოჯახში. მაგალითად, გოგონა, რომელიც ხედავს რომ დედა ყოველთვის თავს ხრის მამის წინაშე და ყველაფერს უთმობს მას, დიდი შანსია მომავალში თავის მეუღლესთანაც ასეთნაირად მოიქცეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ მნიშვნელოვან სხვებთან ურთრიერთობისას ადამიანს უყალიბდება გარკვეული წარმოდგენა საკუთარ თავზე, ანუ როგორც ამას სოციალურ ფსიქოლოგიაში ეძახიან – მე-კონცეფცია. და აქ ვითარდება აგრეთვე შინაგანი კონფლიქტი, იმას შორის თუ როგორია ადამიანი ბუნებრივად, სინამდვილეში და როგორად ხედავენ, ან უნდათ რომ ხედავდნენ, მას სხვები. ამ უკანასკნელ შემთხვევაში პიროვნებას უვითარდება ე.წ. ცრუ-მე (false self). თუ ადამიანი ხელმძღვანელობს ამ ცრუ-მეთი ის საოცარ სულიერ დისკომფორტს იქმნის, რადგანაც სინამდვილეში სულ სხვაგვარია და უწევს სხვების დასანახად იყოს სხვანაირი, თავისი ბუნებრივი მდგომარეობისგან განსხვავებული. ყველაზე ცუდი ასეთ დროს არის ის რომ ადამიანი ხშირად ვერც კი ხვდება ამგვარი ცრუ-მეს არსებობას და ეს ყოველივე თავის ჭეშმარიტ მე-დ მიაჩნია. ფსიქოთერაპიის პროცესში ხშირად ვამჩნევ ხოლმე როგორ ეწინააღმდეგება პაციენტი თავის ცრუ-მესთან, თავისივე შექმნილ ილუზიებთან გამშორებას იმის გამო რომ მიაჩნია თითქოს ეს მისი ჭეშმარიტი ბუნებაა და ეშინია მისი დაკარგვის, ჰგონია რომ ამით მთლიანად საკუთარ თავს დაკაგავს. არადა ნამდვილად საკუთარი თავი უკვე დიდი ხანია რაც დაკარგული აქვს და ამას ვერც კი ხვდება. ასეთივე “ილუზორული წარმონაქმნია” ჩვენი წარმოდგენა სხვებზე (ეს კომპონენტი სამწუხაროდ სქემაზე არაა გამოსახული, მაგრამ ის მდებარეობს პსყცჰესა და გარე ობიექტებს შორის). ხშირად ჩვენ გგვგონია რომ ვიცნობთ ადამიანს, მაგრამ სინამდვილეში ეს მისი ცრუ-მეა ან კიდევ ჩვენს მიერ მასში დანახული ის თვისებები რომლებიც გვინდა რომ დავინახოთ. ასეთი ურთიერთობა ძალიან გავს გაფუჭებულ ტელეფონს. ხშირად გვიყვარდება ან ვმეგობრობთ, ვურთიერთობთ ადამიანებთან იმის გამო რომ დარწმუნებულები ვართ თითქოს ისინი გარკვეული თვისებებით არიან დაჯილდოვებულნი, ისეთები არიან როგორებიც ჩვენ გვჭირდება, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ თავადვე ვქმნით ამგვარ “ფანტომებს” ჩვენი დამოკიდებულებით და შემდეგ ვიჯერებთ მათ არსებობას. ფაქტიურად გამოდის რომ ასეთ დროს ადამიანი უფრო საკუთარ წარმოსახვას ეურთიერთება ვიდრე რეალურე ადამიანს. ჯერ კიდევ თუ არ ვცდები სოკრატე ამბობდა “შეიცან თავი შენი”-ო და დღესაც მანდ ვართ. რაც უფრო უკეთ ვიცნობთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს მით უფრო ბედნიერები და რეალიზებულები ვიქნებით. თანამედროვე ფსიქოანალიზის ამოცანაც ესაა, რაც შეიძლება მეტად გაერკვეს ადამიანი საკუთარ თავში, მოსპოს ეს ცრუ-მეები და უფრო ჰარმონიულად იურთიერთოს როგორც საკუთარ თავთან ასევე სხვებთან. ამგვარად მიჯაჭვულობის თეორიამ გააფართოვა ფსიქოანალიზის თვალსაწიერი და გახადა იგი კარგ ინსტრუმენტად ადამიანის თვითდაკვირვებისა და თვითშემეცნებისათვის.

“ძალადობა ნებადართული რომ იყოს… ” (დასასრული)

კარლოსი ხშირად ჩიოდა საკუთარი აზრების არათანმიმდევრობას. ერთხელ სიცილით მომიყვა შვილებთან სადილისას საუბრის შესახებ. მან უთხრა თავის ქალიშვილს, რომ ყველა ბიჭი სურდა გაეცნო, ვისაც ის ხვდებოდა. “შენ კი” – მიუბრუნდა იგი ვაჟიშვილს. – “შეგიძლია ნებისმიერი გოგო დაითრიო ვინც კი მოგეწონება!” ვიცოდი, რომ ახლა მისი ყურადღება მივიპყარი და რათა გამემყარებინა ჩემი პოზიცია საკითხს მეორე კუთხიდან მივუდექი.- მისმინეთ კარლოს, ერთი აზრი მომივიდა თავში. გახსოვთ თქვენი სიზმარი მწვანე “Hონდა”-ს შესახებ? მოდით დავუბრუნდეთ ამ სიზმარს.ის ყოველთვის სიამოვნებით მუშაობდა სიზმრების გარჩევებზე და ახლა კმაყოფილი ჩანდა, რომ სიზმრის განხილვამ აარიდა თავიდან მტკივნეული საუბარი ქალიშვილის შესახებ. ორი კვირის წინ კარლოსს დაესიზმრა, თითქოს ის მანქანის დასაქირავებლად მივიდა სააგენტოში. ერთადერთი ავტომობილი, რომელიც ქირვდებოდა იყო “Hონდა ჩივიცს”-ი, მანქანა, რომელსაც კარლოსი ვერ იტანდა. როდესაც ჯერი მანქანის შეფერილობის არჩევაზე მიდგა მან წითელი აირჩია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სააგენტოს ფარეხში მხოლოდ მწვანე ავტომობილები გააჩნდა. კარლოს ძალზე არ უყვარდა მწვანე ფერი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო ის, რომ ამ სიზზმარმა ძალიან შეაშინა იგი. ორი კვირის წინათ ერთადერთი ასოციაცია, რომელიც კარლოსს მოსდიოდა თავში, უკავშირდებოდა სააგენტოს თანამშრომელ ქალის გარეგნობას. მაგრამ დღეს მე ახლებურად დავინახე ეს სიზმარი. უკვე მრავალი წლის განმავლობაში კარლოსს მყარად სწამდა რეინკარნაციის იდეისა. ეს იყო ერთერთი ხერხი, რომლითაც ის აშოშმინებდა სიკვდილის შიშს. ამ თემაზე საუბრისას მან შენიშნა, რომ სულის ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლა მსგავისია ძველი მანქანის ახლით ჩანაცვლებისა.

– კარლოს, მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ეს არაა უბრალო სიზმარი მანქანების შესახებ. ბოლოს და ბოლოს მანქანის დაქირავება არაა იმდენად საშიში, რომ ამგვარი კოშმარი გამოიწვიოს. მე მგონი ეს სიზმარი სიკვდილზე და მომავალ სიცოცხლეზეა. ის იყენებს თქვენს შედარებას ავტომობილების ცვლასთან დაკავშირებით. თუ კი სიზმარს ამგვარი კუთხით შევხედავთ გასაგები გახდება, თუ რატომ გამოიწვია მან ესოდენ ძლიერი შიში. რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით რომ გაქირავებაში მყოფი ერთადერთი მანქანა იყო მწვანე “Hონდა ჩივიცს”-ი?- მე ვერ ვიტან მწვანეს და არ მიყვარს “Hონდა ჩივიცს”-ი. სამომავლოდ “Mაზერატტი”-ს ყიდვას ვაპირებ.- მაგრამ თუ კი მანქანას სხეულის სიმბოლოდ განვიხილავთ, რატომ გამოდის რომ მომავალ ცხოვრებაში თქვენთვის ყველაზე არასასურველ სხეულს დაეპატრონებით?კარლოსს არაფერი დარჩენოდა იმის გარდა, რომ ეპასუხა:- რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაატარებ ახლანდელ ცხოვრებას. ამის მიხედვით ადამიანი ან ამაღლდება ან უფრო დაბალ საფეხურზე გადადის. კარლოსი მიხვდა საითკენაც მიმყავდა საუბარი და შეწუხდა. მისი უხეშობა და ცინიზმი მუდამ აცბუნებდა გარშემომყოფებს, ახლა კი მისი ჯერი დადგა შეცბუნებულიყო. მე მის ორ ურყევ ციხე-სიმაგრეზე მივიტანე იერიში: შვილებისადმი უსაზღვრო სიყვარულსა და რეინკარნაციის რწმენაზე. – გთხოვთ კარლოს, დაფიქრდით რა კავშირი აქვს ამ სიმბოლოებს თქვენთან და თქვენს ცხოვრებასთან?მან თვითოეული სიტყვა ძალზე ნელა და გულმოდგინედ წარმოთქვა:- სიზმარი ამბობს, რომ მე არასწორად ვცხოვრობ. – გეთანხმებით, ვფიქრობ სწორედ ამას ამბობს სიზმარი. თუ შეგიძლიათ ამიხსნათ რას ნიშნავს თქვენთვის სწორად ცხოვრება? ქადაგება დავაპირე სწორი ცხოვრების შესახებ, რომ მრავალი რელიგიური სისტემის თანახმად ესაა სიყვარული, დიდსულოვნება, გარშემომყოფებზე ზრუნვა, კეთილშობილური ფიქრები, კეთილი საქმეები, ქველმოქმედება, მაგრამ ეს ყოველივე აღარ იყო საჭირო. კარლოსმა უსიტყვოდ გამაგებინა, რომ უკვე ყველაფერს მიხვდა – მას თავბრუ ესხმოდა, ეს ერთ ჯერზე ძნელი გასააზრებელი იყო. მას მოსაფიქრებლად დრო სჭირდებოდა. სეანსის დამთავრებამდე თხუთმეტი წუთი რჩებოდა, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთ საკითხზე მესაუბრა. მე მის მიერ სეანსის დასაწყისში ნახსენებ თემას დავუბრუნდი. როგორც გახსოვთ, კარლოსს მიაჩნდა, რომ მან ოქროს შანსი გაუშვა ხელიდან რუთთან ურთიერთობისას, ქალთან, რომელსაც ეკლესიაში შეხვდა და მხოლოდ ერთხელ ხანმოკლედ გამოელაპარაკა. ამის შემდეგ კი მთელი კვირა თავს ურტყამდა კედელს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და თვითგვემით იყო დაკავებული. ამგვარი ირაციონალური წარმოდგენების დანიშნულება სრულიად ნათელი იყო. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თითქოს შესაძლებელი იყო იგი რომელიმე მომხიბლავ ქალბატონს მოწონებოდა, საშუალებას აძლევდა კარლოსს ეგრძნო, რომ ის არაფრით განსხვავდებოდა გარშემომყოფებისგან, რომ მას არაფერი სერიოზუყლი არ აწუხებდა, არ იყო სასიკვდილოდ დაავადებული და სხვებისგან გარიყული.ადრე არასდროს მისაუბრია მის ამგვარ უარყოფაზე. საერთოდ ცნობილია, რომ უმჯობესია არ დაანგრიო პაციენტის დაცვითი მექანიზმები, სანამ არ გაქვს საშუალება სანაცვლოდ რაიმე უკეთესი შესთავაზო მას. კარლოსის რეინკარნაციის რწმენა, სწორედ ამგვარ შემთხვევებს მიეკუთვნებოდა. მშვენივრად ხვდებოდი, რომ რეინკარნაციის იდეა კარლოსისთვის სიკვდილის შიშისგან თავის არიდების გზა იყო, მაგრამ ამის და მიუხედავად არ ვცდილობდი ამგვარი ცრურწმენის გაბათილებას, რთგან ის ამცირებდა მის შფოთვას. უფრო მეტიც გასულ სეანსზე მე მხარი დავუჭირე ამ მოსაზრებას და ვთხოვე უფრო თანმიმდევრულად ჩამოეყალიბებინა მისი შეხედულებები რეინკარნაციასთან დაკავშირებით.

მაგრამ ახლა დადგა დრო დაგვენგრია მისი დაცვითი სისტემის ერთერთი ყველაზე უსარგებლო და ხელისშემშლელი ნაწილი.- კარლოს თქვენ მართლაც მიგაჩნიათ, რომ თუ კი რუთს მანქანამდე მიაცილებდით ათიდან ორმოცდაათ პროცენტიანი ალბათობით გექნებოდათ მასზე დაქორწინების შანსი? – შესაძლოა. ერთი მეორეს მოყვებოდა. რაღაც ხდებოდა ჩვენს შორის. ამას ვგრძმობდი. ესაა და ეს! – კი მაგრამ თქვენ ყოველ კვირა ხვდებით სხვადასხვა ქალბატონებს ხან მაღაზიაში, ხან კბილის ექიმის მისაღებში, ხანაც კინოთეტრის სალაროში და ყოველ ჯერზე მსგავსი შეგრძნება გიჩნდებათ. დაფიქრდით რამდენჯერ მიგიცილებიათ თქვენ, ან ნებისმიერ სხვა მამაკაცს, ქალი მანქანამდე და ეს სულაც არ დასრულებულა ქორწინებით. – კარგით, კარგით! შესაძლოა იყო ერთი ან ნახევარპროცენტიანი შანსი იმისა რომ დავქორწინდებოდით, მაგრამ შანსი იყო! მე კი ყველაფერი გავაფუჭე, აზრადაც არ მომსვლია შემეთავაზებინაა მანქანამდე გაცილება.  – და ამის გამო ისჯით თავს?! კარლოს, პირდაპირ გეტყვით, თქვენი სიტყვები სრულებით მოკლებულია საღ აზრს. ერთადერთი რაც მე ვიცი თქვენი და რუთის ხუთწუთიანი საუბრიდან არის ის, რომ იგი ოცდასამი წლისაა, ჰყავს ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ეხლახანს გაშორდა ქმარს. მოდით რეალობიდან გამომდინარე ვისაუბროთ – როგორც თავად ამბობთ, ეს კაბინეტი ერთადერთი ადგილია სადაც თქვენ სრულ სიმართლეს ლაპარაკობთ – რას ეტყოდით მას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ? – როდესაც უკეთ გავიცნობდი სიმართლეს ვეტყოდი, რომ კიბო მაქვს, მაგრამ ის კონტროლის ქვეშაა და რომ ექიმები წარმატებით მკურნალობენ მას.- შემდეგ?- ვეტყოდი, რომ ექიმებმა დაზუსტებით არ იციან რა მელის მომავალში, მაგრამ დღითიდღე ახალ-ახალი წამლები გამოდის, რომ რამდენიმე ხანში შესაძლოა ჩემი მდგომარეობა გართულდეს.- კარლოს, რა გითხრეს ექიმებმა? მათ გითხრეს რომ შესაძლოა მდგომარეობა გაუარესდეს?- მართალი ხართ – მექნება გაუარესება, სანამ წამალს გამოიგონებენ.- კარლოს, არ მინდა სასტიკ ადამიანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მოდით ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია. წარმოიდგინეთ თქვენი თავი რუთის ადგილზე: ოცდასამი წლის ახალგაზრდა ქალი, ორი პატარა ბავშვით ხელში, გამოიარა მძიმე პერიოდი, ალბათ მძლავრ და სანდო დასაყრდენს ეძებს ცხოვრებაში. კიბოს შესახებ მხოლიოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს და ეშინია მისი. შეგიძლიათ შესთავაზოთ იმგავარი საყრდენი, რომელსაც ის ეძებს? გგონიათ შეეგუება თქვენს მდგომარეობას? მოისურვებს კი ის თქვენზე ზრუნვას, როდესაც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება? რეალურად რა შანსები არსებობს, რომ ის თქვენთან სერიოზული ურთიერთობის აწყობას მოისურვებს? – ალბათ ერთი მილიონიდან – თქვა კარლოსმა გაბზარული ხმით.

მე მართლაც სასტიკად ვიქცეოდი, მაგრამ გაცილებით უფრო სასტიკი იქნერბოდა იმის აღიარება, რომ მას არ შეეძლო რეალობისთვის თვალის გასწორება და რაიმეს შეცვლა. ილუზია რუთთან ურთიერთობის შესახებ საშუალებას აძლევდა მას ეგრძნო, რომ ძვირფასია სხვა ადამიანებისთვის და ისინი ზრუნავენ მასზე. ვიმედოვნებდი, კარლოსი მიხვდებოდა, რომ ჩემი მხრიდან მისი რეალიბასთან შეპირისპირება სწორედ ამგვარი ზრუნვისა და თანადგომის მცდელობა იყო. მისი ყოყოჩობა სადღაც გაქრა. კარლოსმა მშვიდი და ჩუმი ხმით წარმოთქვა:- მაშ რაღა დამრჩენია ცხოვრებაში?! – თუ კი მართლაც გჭირდებათ ზრუნვა და მხარდაჭერა ახლავე უნდა ამოიგდოთ თავიდან ფიქრი ქორწინების შესახებ. მე ვხედავდი, თუ როგორ იტანჯავდით თავს ამაზე ფიქრით თვეების განმავლობაში. იქნებ ახლა შეისვენოთ?! თქვენ დაამთავრეთ ქიმიოთერაპიის მძიმე კურსი. ორი კვირის წინ ჭამაც კი არ შეგეძლოთ და საწოლიდან ვერ დგებოდით. გამუდმებით გერეოდათ გული. ძალიან დაიკელით წონაში. ახლა ძალების აღდგენა გჭირდებათ. ნუ მოელით, რომ ახლავე, სასწრაფოდ ნახავთ ადამიანს, რომელიც ცოლად გამოგყვებათ. შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს. უფრო იოლად მისაღწევი მიზანი დაისახეთ, ეს ჩემზე უკეთ გამოგდით ხოლმე, ეცადეთ კარგი ურთიერთობა ააწყოთ და დაუმეგობრედეთ იმ ადამიანებს, რომელთაც უკვე იცნობთ. შევამჩნიე როგორ ეღიმებოდა კარლოსს, ხვდებოდა რის თქმასაც ვაპირებდი:- ამისთვის კი საუკეთესო ადგილი ჯგუფია.

ამ სეანსმა სამუდამოდ შეცვალა კარლოსი. ჩვენი შემდეგი შეხვედრა ჯგუფური სეანსის წინა დღით შედგა. პირველივე რაც მითხრა იყო ის, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენად კარგად მოიქცა ის ჯგუფში წინა კვირას. თავს იწონებდა იმით, რომ ახლა ის ყველაზე მზრუნველი და გულისხმიერი ადამიანი იყო ჯგუფში. მან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო შეემსუბუქებინა თავისი მდგომარეობა და მოუყვა ჯგუფს თავისი დაავადების შესახებ. ის ირწმუნებოდა, და რამდენიმე კვირაში ეს სარამაც დაადასტურა, თითქოს მისი ქცევა ისე მკვეთრად შეიცვალა, რომ ახლა ჯგუფის სხვა წევრები პოულობდნენ მასთან ნუგეშსა და მხარდაჭერას. მან შემდეგნაირად შეაფასა ჩვენი უკანასკნელი სეანსი:- ეს საუკეთესო შეხსვედრა იყო რაც კი ოდესმე ჩაგვიტარებია. აღარ მახსოვს ზუსტად რის შესახებ ვსაუბრობდით, მაგრამ ამან ბევრი რამ შეცვალა ჩემში. მისმა ერთერთმა გამონათქვამმა განსაკუთრებით ამიჩუყა გული. – არ ვიცი რატომ, მაგრამ ახლა სრულებით შემეცვალა წარმოდგენა ჯგუფში მყოფ მამაკაცებზე. თუმცა ისინი უმეტესწილად ჩემზე უფროსები არიან ასაკით, ისე ვექცევი, თითქოს ჩემი ღვიძლი შვილები ყოფილიყვნენ. ნაკლებად მაწუხებდა ის ფაქტი, რომ მას დაავიწყდა თუ რის შესახებ ვსაუბრობდით წინა შეხვედრაზე. გაცილებით უარესი იქნებოდა თუ კი მას ზედმიწებნით ემახსოვრებოდა ყველაფერი, მაგრამ ამას არანაირი ცვლილება არ მოჰყვებოდა. კარლოსი საოცრად სწრაფად მიიწევდა წინ. ორი კვირის შემდეგ, მან დაიწყო სეანსი განცხადებით,. რომ ამ კვირაში ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. იმდენად ამაყობდა ამით, რომ აღმოჩენებს სახელებიც კი შეურჩია: პირველს ერქვა “ყველას აქვს გული”, ხოლო მეორეს – “მე არ ვარ ჩემი ფეხსაცმელი”. მან პირველი აღმოჩენის აღწერით დაიწყო – “ყველას აქვს გული”.- წინა შეხვედრაზე სამივე წევრმა ქალბატონმა ძალიან სიღრმისეული და მძლავრი გრძნობები გაუზიარა ჯგუფს: თუ რა ძნელია გაუთხოვრობა, რა მძიმეა მარტოობა, როგორ ენატრებათ მათი მშობლები, ყვებოდნენ თავიანთ კოშმარებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ უეცრად სულ სხვა თვალით შევხედე მათ! ისინი ჩემნაირები იყვნენ! ცხოვრებაში ისეთივე პრობლემები ჰქონდათ, როგორიც მე. ადრე ქალები ერთგვარ მისტიურ არსებებად წარმომედგინა, ისინი თითქოს ოლიმპის მთაზე ისხდნენ, მათ წინ კი მამაკაცთა მთელი ხროვა იდგა, რომელთაც ისინი თავიანთი საძინებლებისთვის არჩევდნენ – ეს წავა, ეს არ ვარგა!- მაგრამ იმ მომენტში – განაგრძობდა კარლოსი. – მე თვალნათლივ დავინახე მათი გაშიშვლებული გულები. მკერდი სადღაც გამქრალიყო და ნეკნები გაეშიშვლებინა, ცენტრში კი მუქი წითელი გული ფეთქავდა. მთელი კვირის განმავლობაში ვხედავდი ადამიანთა გაშიშვლებულ გულებს და ვიმეორებდი გუნებაში: “ყველას აქვს გული, ყველას აქვს გული!” გულს ნებისმიერ ადამიანში ვხედავდი – მახინჯ, კუზიან კაცში, რომელიც სარეგისტრაციო განყოფილებაში მუშაობს. ბუზღუნა, მოხუც ქალბატონშიც, ჩემს თანამშერომელ მამაკაცებშიც კი დავინახე გული!

კარლოსის სიტყვებმა იმდენად გამახარა, რომ თვალზე ცრემლი მომადგა. მგონი მან შენიშნა ეს, მაგრამ არაფერი უთქვამს, რათა უხერხულად არ მეგრძნო თავი. ამის მაგიერ ის თავის მეორე აღმოჩენაზე გადავიდა – “მე არ ვარ ჩემი ფეხსაცმელი”. თავდაპირველად მან გამახსენა თავისი შიში პრეზენტაციის გამო, რომელიც უახლოეს ხანებში უნდა შემდგარიყო. მას ყოველთვის უჭირდა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. განსაკუთრებით მსმენელთა კრიტიკული შეკითხვები აშფოთებდა ამიტომ ხშირად წინასწარ გადიოდა სახლში მომავალი პრეზენტაციის რეპეტიციას და დაწვრილებით განიხილავდა კითხვებს, რომლებიც შეეძლოთ დაესვათ მისთვის. ვეცადე დავხმარებოდი იმის გარკვევაში, რომ ეს ყოველივე მისი პიროვნული საზღვრების რღვევასთან იყო დაკავშირებული. მე ვეუბნებოდი მას, რომ თავდაცვა ბუნებრივი მოვლენაა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ადამიანი თავის პიროვნულ საზღვრებს სამსახურეობრივ საქმიოანობაზეც ავრცელებს და ნებისმიერ საქმიან კრიტიკას პირად შეურაცხყოფად აღიქვამს. ვურჩიე გაემიჯნა საკუთარი “მე” უფრო ზედაპირული აზრებისა და ქცევისგან. მას უნდა განიგივებინა თავისი სურვილები, ქმედებები და მსჯელობები საკუთარი პიროვნების ძირითადი ბირთვისგან. კარლოსი დააინტრიგა ამგვარმა მიდგომამ. “განიგივების” ხერხი მან სამსახურეობრივი სიტუაციის მოგვარების გარდა საკუთარი სხეულის მიმართაც გამოიყენა. ანუ, იმის და მიუხედავად, რომ მის სხეულს საფრთხე ემუქრებოდა მისი არსება, მისი “მე” ხელუხლებელი რჩებოდა. ამგვარმა ინტერპრეტაციამ მნიშვმელოვნად შეამცირა კარლოსის შფოთვა და პრეზენტაციამ შესანიშნავად ჩაიარა. კარლოსი ჩინებულად გამოვიდა სიტყვით. მთელი პრეზენტაციის განმავლობაში ის ერთ მოკლე მანტრას იმეორებდა: “მე არ ვარვ ჩემი სამსახური, არ ვარ ჩემი საუბარი, არ ვარ ჩემი ტანსაცმელი”. მან ფეხი ფეხზე გადაიოდო და დახედა თავის გაცრეცილ ფეხსაცმელს. “არც ჩემი ფეხსაცმელი ვარ მე” – გაიფიქრა მან და ფეხი შეათამაშა, რათა თავისი უფროსის ყურადღება მიეპყრო და ამით ეთქვა: “მე არ ვარ ჩემი ფეხსაცმელი“.კარლოსის ეს ორი აღმოჩენა, რომელთაც სხვა მრავალი მოჰყვა, საუკეთესო საჩუქარი იყო ჩემთვის და ჩემი სტუდენტებისთვის. ეს ორი ინსაიტი მოკლედ და გასაგებად ახდენდა იმის ილუსტრირებას, თუ რისი მიღწევა შეუძლია ადამიანს ერთისმხრივ ჯგუფური მუშაობის შედეგად, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობაზეა ორიენტირებული და მეორესმხრივ, ინდივიდუალური თერაპიის საშუალებით, რომელიც უფრო მეტად ადამიანის შინაგან განცდებს აქცევს ყურადღებას. იმ რამდენიმე თვის განმავლობაში,. რომელიც მას ამ ქვეყნად დარჩენოდა კარლოსი განაგრძობდა სითბოსა და მზრუნველობის გაცემას. მან ჩამოაყალიბა თვითდახმარების ჯგუფი კიბოთი დაავადებული ადამიასნებისთვის. ხშირად ხუმრობდა, რომ იგი “უკანასკნელ გაჩერებას” წარმოადგენდა მათი ცხოვრების გზაზე. ასევე უძღვებოდა ერთერთ ეკლესიასთან არსებულ სოციალური ურთიერთობების განვითარების ჯგუფს. სარამ, რომელიც იმ დროისთვის მისი ერთერთი სასუკეთესო მეგობარი გახდა, დაადასტირა, რომ კარლოსი საოცრად პასუხისმგებლიანი და გულისხმიწერი ხელმძღვანელი იყო.

მაგრამ ყველაზე მეტ ყურადღებას ის საკუთარ შვილებს აქცევდა. მათ შენიშნეს კარლოსში მომხდარი ცვლილებები, აქაურ კოლეჯში გადმობარგდნენ და მასთან ერთად ცხოვრობდნენ ბოლო დღეებამდე. ის ძალზე კეთილი და ბრძენი მამა გამოდგა. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი სიკვდილს, ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, როგორ აღიქვამდნენ სიკვდილის ფაქტს მისი მშობლები. უკანასკნელი მადლი, რომელიც მშობელმა შეიძლება თავის შვილს გაუკეთეოს ესაა, რომ ასწავლოს საკუთარ მაგალითზე, თუ როგორ შეიძლება უშფოთველად შეხვდე სიკვდილს. კარლოსმა შესანიშნავად ჩაატარა ეს გაკვეთილი. მისი სიკვდილი სულაც არ იყო მუქ ფერებში დახატული, საიდუმლო ამბავი. პირიქით, მის უკანასკნელ დღეებამდე სამივენი სრულებით გულწრფელნი იყვნენ ერთმანეთთან. ერთად იცინოდნენ ხოლმე თუ როგორ ქშინავდა კარლოსი, როგორ აცეცებდა თვალებს, როგორ ამრგვალებდა ტუჩებს, როდესაც თავის ლიმფო-ო-ო-მაზე საუბრობდა. ყველაზე დიდი საჩუქარი კი, რომელიც მე ოდესმე ვინმესგან მიმიღია, კარლოსმა ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას გამიკეთა. ამან ცალსახა პასუხი გასაცა კითხვას, ღირს თუ არა რაიმე მნიშვმელოვანი მიზნების დასახვა სასიკვდილოდ დაავადებული ადამიანების ფსიქოთერაპიისას. როდესაც საავადმყოფოში ვეწვიე, ის იმდენად სუსტად იყო, რომ ვერც კი ინძრეოდა. მაგრამ ამის და მიუხედავად ძალები მოიკრიფა, თავი წამოწია, ჩემი ხელი თავისაში ჩაბღუჯა და მითხრა: “გმადლობთ! გმადლობთ, რომ სიკვდილს გადამარჩინეთ!”

“ძალადობა ნებადართული რომ იყოს… ”

ჩვენი შეხვედრების დასაწყისშივე ვეცადე შემეფასებინა ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი. თავს ვარწმუნებდი, რომ ის არა იმდენად ასოციალური, რამდენადაც უბრალოდ საზოგდოებიდან გარიყული ადამიანი იყო და რომ მისი არასასიამოვნო ხასიათობრივი თვისებების შეცვლა სრულებით შესაძლებელია. მკურნალობის გეგმა არ დამისახავს. უკვე საკმაო ხნის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს მე კი ჯერ არ მქონდა განსაზღვრული თერაპიის კონკრეტული მიზნები. რა მომემოქმედა? უბრალოდ მხარში დავდგომოდი ქიმიოთერაპიის კურსის დროს? (ამ პერიოდში კარლოსი განსაკუთრებით სუსტი და უმწეო იყო ხოლმე). ხოლო როდესაც ტერმინალურ სტადიას მიაღწევდა სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მის გვერდით ვყოფილიყავი? შესაძლოა ეს სრულებით საკმარისი იქნებოდა. ღმერთია მოწმე, კარლოსი მართლაც ძალზე მარტოსული იყო. დამლაპარაკებელიც კი არავინ ჰყავდა. მართალია კარლოსის მარტოობა მისსივე ქცევის შედეგი იყო, მაგრამ რამდენად შეამსუბუქებდა მის მდგომარეობას ამ ფაქტის გაცნობიერება და შცვლა? თანაც როდის? ახლა, როდესაც ის სიკვდილის პირას იდგა და მისი ცხოვრება უკეთეს შემთხვევაში თვეებით განისაზღვრებოდა? ამავე დროს ვფიქრობდი – იქნებ კარლოსს შეეძლო მნიშვნელოვანი შედეგების მიეღწევა. არა, არა და არა! რა აზრი აქვს რაიმე მნიშვნელოვნზე საუბარს, როდესაც ადამიანს სულ რამდენიმე თვე ღა აქვს დარჩენილი?! მსგავს სტუაციაში ვერც ერთი თერაპევტი, და მათ შორის ვერც მე, ვერ დადებდა თავს მეტნაკლებად მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად. კარლოსი სიამოვნებით დათანხმდა ფსიქოთერაპიაზე. მისთვის დამახასიათებელი ცინიზმით მან განაცხადა, რომ მკურნალობის საფასურის ოთხმოცდაათ პროცენტს სადაზღვეო კომპანია ფარავდა, მას კი არაფრით არ შეეძლო ამგვარი შანსის ხელიდან გაშვება. თანაც კარლოსი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც ყველაფრის მოსინჯვას ცდილობს ცხოვრებაში, მას კი ჯერ არასდროს ესაუბრა ფსიქიატრთან. მე არ შევთანხმებულვარ მასთან რაიმე კონკრეტული მიზნებზე, მხოლოდ აღვნიშნე, რომ ამგვარ ვითარებაში სხვა ადამიანთან საუბარი ხშირად შვების მომგვრელია ხოლმე. დაჟინებით ვთხოვე მას ექვსჯერ შევხვედრილყავით ერთმანეთს, შემდეგ კი განგვესაზღვრა რამდენად ეფექტური იყო თერაპია და ღირდა თუ არა მისი გაგრძელება.ჩემდა გსასკვირად კარლოსმა საოცრად კარგად აუღო ალღო ჩვენს საუბრებს და ექვსი სეანსის შემდეგ გადავწყვიტეთ განუსაზღვრელი ვადით გაგვეგრძელებინა შეხვედრები. ყოველ ჯერზე ის განსახილველ საკითხთა მთელი ნუსხით მოდიოდა. ეს იყო სიზმრები ან სამსახურეობრივი პრობლემები (კარლოსი საკმაოდ ნიჭიერი ფინანსური ანალიტიკოსი გახლდათ და ავადმყოფობის დროსაც განაგრძობდა მუშაობას). ზოგჯერ ის ფიზიკურ დისკომფორტზე და ქიმიოთერაპიისადმი სიძულვილზე ლაპარაკობდა, მაგრამ  ყველაზე ხშირად საუბარი ქალებსა და სექსს ეხებოდა. ყოველ სეანსს ის იწყებდა ქალების აღწერით, რომელთაც კვირის განმავლობაში ხვდებოდა. ხშირად ამგარი “შეხვედრები” მაღაზიის სალაროსთან დგომისას დაჭერილ გამოხედვებით შემოიფარგლებოდა. შემდეგ კი ის დიდხანს და დაწვრილებით ფიქრობდა თუ როგორ შეიძლება აწყობილიყო მათი ურთიერთობა. ზოგჯერ ის იმდენად გატაცებული იყო ქალებით, რომ სრულებით ივიწყებდა კიბოს, რომელსაც მისი სხეულის ყოველ კუთხე-კუნჭულში შეეღწია. შესაძლოა სწორედ ეს იყო მისი აკვიატების მიზეზი – ამ დროს ის თავის ავადმყოფობას ივიწყებდა. მაგრამ მისი ამგვარი დამოკიდებულება სუსტი სქესის მიმართ კიბომდე გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა. ის ყველთვის დასდევდა ქალებს, უბრალო სექსუალურ ობიექტებად აღიქვამდა და ძალზე დამამცირებლად ეპყრობოდა მათ. ამიტომაც არ გამკვირვებია სარას მონაყოლი, ვიცოდი რომ კარლოსი გაცილებით უარეს საქციელზე იყო წამსვლელი. მაშ, როგორ მოვქცეულიყავი შემდეგ სეანსზე? ერთისმხრივ, ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნება და გაუმჯოეება მსურდა. სწორედ ახლა მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს, თანაც მე ერთადერთი ადამიანი ვიყავი ვისთანაც ის ახლო იყო. მეორესმხრივ, კარლოს უნდა გაეგრძელებინა ჯგუფში სიარული. იქ რამდენიმე მიზეზით გავგზავნე: პირველყოვლისა მას მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, რასაც ჯგუფი შესანიშნავად უზრუნველყოფდა.  გარდა ამისა ვიმედოვნებდი, რომ კარლოსი გვერდიდან შეხედავდა საკუთარ თავს, გააცნობიერებდა თავისი ქცევის უარყოფით მხარეებს და ისწავლიდა გარშემომყოფებთან ახლო ურთიერთობების დამყარებას. უკანასკნელი ხუთი კვირის განმავლობში ის წარმატებით მიიწევდა წინ. მაგრამ ახლა ვშიშობდი ანტიპათია არ გამოეწვია ჯგუფის წევრებში. თუ კი, რათქმაუნდა, ისინი უკვე არ განეწყვნენ უარყოფითად მის მიმართ! /// შემდეგი სეანსი ჩვეულებრივად დაიწყო. კარლოსს არ უხსენებია ჯგუფში მომხდარი უსიამოვნების შესდახებ, ამის მაგივრად მას რუთზე სურდა საუბარი. ეს იყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ის ეკლესიაში შეხვდა (კარლოსი ექვსამდე ეკლესიის მრევლი იყო. ეს მისი თქმით, მნიშვნელოვნად ზრდიდა ქალების გაცნობის შანსებს). ის მოკლედ გამოელაპარაკა რუთს, რომელმაც იქვე მოუბოდიშა, რათგან სახლში, ბავშვებთან ეჩქარებოდა. კარლოსი გამოემშიდობა მას და მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ ოქროს შანსი გაუშვა ხელიდან. მას შესაძლებლობა ჰქონდა რუთი მანქანამდე მიეცილებინა, აქედან გამომდინარე კი ჩნდებოდა გარკვეული შანსი (ათიდან ორმოცდათ პროცენტამდე), რომ ისინი მომვალში დაქორწიდებოდნენ. თვითგვემა გაშვებული შანსის გამო მთელი კვირა გაგრძელდა. ის ლანძღავდა და პირდაპირი გაგებით კედელს ურტყამდა თავს. მე თავი ავარიდე რუთზე საუბარს. თუმცა კარლოსის გრძმობათა ირაციონალურობა და სიძლიერე მარწმუნებდა, რომ მოგვიანებით აუცილებლად უნდა დავბრუნებოდით ამ საკითხს. ახლა კი მნიშვნელოვანი იყო ჯგუფზე საუბარი. მე ვუთხარი, რომ უკვე ვესაუბრე სარას მომხდარის შესახებ და იქვე ვკითხე: “იქნებ დღეს ჯგუფზე გვესაუბრა?”- არ მაქვს ამის სურვილი. მე მგონი ეს უმნიშვნელო საკითხია. ყოველ შემთხვევაში აღარ ვაპირებ იქ სიარულს. საკმაოდ წინწასული ვარ იმისთვის, რომ ამგვარ ჯგუფში ვიარო. – რას გულისხმობთ?- ყველანი არაგულწრფელნი არიან და თამაშობენ. მე ერთადერთი ადამიანი ვარ იქ, ვისაც გამბედაობა ყოფნის სიმართლე ილაპარაკოს. ჯგუფში ყველა მამაკაცი უიღბლო იდიოტია, სხვაგვარად ისინი იქ არც მოხვებოდნენ. სრულებით უნებისყოფოები არიან, სხედან და უმიზეზოდ წუწუნებენ.- შეგიძლიათ მომიყვეთ რა მოხდა წინა შეხვედრაზე თქვენი თვალთახედვით?- სარამ თავისი გაუპატიურების შესახებ ისაუბრა, ალბათ თქვენც მოგიყვათ ეს.მე თავი დავუქნიე. – და მართამაც. ეს მართა სწორედ რომ თქვენი პაციენტია. ნამდვილი ავადმყოფია. ლამის მთელი ცხობრებაა წამლებზე ზის. ღმერთო ჩემო, რას ვაკეთებ ჯგუფში ასეთ ხალხთან ერთად?! მისმინეთ, ეს ორნი თავიანთ გაუპატიურებაზე ყვებოდნენ, ის იდიოტები კი ყბადაღებულები უსმენდნენ, სანამ მე არ დავიწყე კითხვების დასმა. – სარა ამტკიცებს, რომ ზოგიერთი თქვენი შეკითხვა სულაც არ იყო დახმარების მიზნით დასმული. – ვიღაცას ხომ უნდა ამეღო ხმა! თანაც არ ვარ გულგრილი სექსუალური ძალადობის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ არც თქვენ ხართ გულგრილი. ყველა მამაკაცი ასეა! როგორ ხდება ეს ყველაფერი? რას განიცდის მსხვერპლი?- კარგით რა კალოს, თუ კი ასე ძალიან გაინტერესებდათ, შეგეძლოთ წიგნში წაგეკითხათ ამის შესახებ. თქვენს წინაშე ხომ ცოცხალი ადამიანები იყვნენ და არა ინფორმაციის უსულო წყაროები. იქ სულ სხვა რამაზე იყო საუბარი.- შესძლოა ასეც იყო მაგრამ როდესაც ჯგუფში მივედი თქვენ თავადვე დამარიგეთ შეძლებისდაგვარად გულახდილი ვყოფილიყავი ჯგუფის წევრებთან და თავისუფლად გამომეხატა ჩემი გრძნობები. გეფიცებით, წინა შეხვედრაზე მე ერთადერთი გულწრფელი ადამიანი ვიყავი მთელ ჯგუფში. კი, ცოტა აღვიგზენი. საოცრად აღმგზნებია, როდესაც წარმოიდგენ თუ როგორ აუპატიურებენ სარას. მინდოდა მივსულიყავი და ხელით მომესინჯა მისი მკერდი. ვერასდროს ვერ გაპატიებთ იმას, რომ მასთან შეხვედრა ამიკრძალეთ.  ექვსი კვირის წინ, როდესაც პირველად მივიდა ჯგუფში კარლოსი მიყვებოდა თუ როგორ მოხიბლა იგი სარამ, უფრო სწორედ მისმა მკერდმა. ის დარწმუნებული იყო, რომ სარა არ ეტყოდა უარს თითო-ოროლა საღამოს ერთად გატარებაზე. რათა გამეადვილებინა კალოსისთვის ჯგუფში შესვლა შევთავაზე სოციალურად მისაღები ქცევის რეპეტიცია გაგვევლო რამდენიმე სეანსის განმავლობაში. ამ შეხვედრებისას ძლივს მოვახერხე მისი გადარწმუნება, რომ სარასთან სასიყვარულო ურთიერთობის დამყარება ამგვარ სიტუაციაში უსარგებლო და უზნეო იქნებოდა.- გარდა ამისა სხვა მამაკაცებსაც მოეწონათ გაუპატიურების შესახებ საუბარი, ვხედავდი როგორ მიღიმოდნენ, როდესც ინტიმურ შეკითხვებს  ვსვავდი. შეხედეთ პორნობიზნესს! თუ გინახავთ წიგნები და ვიდეოჩანაწერები გაუპატიურების შესახებ? გადახედეთ მათ! ასეთი რამ ხომ იბეჭდება ვიღაცისთვის. ხომ უნდა ყავდეს მუშტარი ამ ყველაფერს! პირდაპირ გეტყვით ძალადობა ნებადართული რომ იყოს მე მას ჩავიდენდი!.. ხანდისხან. კარლოსი შეჩერდა და თავმომწონედ გამიღიმა. იქნებ ამ ღიმილით ის მოძალადეთა რიგებში მიწვევდა? რამდენიმე წუთი ჩუმად ვიჯექი და სხვადასხვა შესაძლებლობებს განვიხილავდი გონებაში. სრულებით ვეთანხმებოდი სარას, ეს მართლაც გარყვნილად ჟღერდა. მაგრამ ამავედროს დარწმუნებული ვიყავი, რომ ამგვარი ქცევა კარლოსის პიროვნების, მხოლოდ ერთი, ზედაპირული ნაწილი იყო და რომ მის სიღრმეში გაცილებით უფრო კეთილშობილი ადამიანი იმალებოდა. მე ძალზე დამაინტერესა მისმა უკანასკნელმა გამონათქვამმა – “ხანდისხან” – აქ გარკვეული უხერხულობა და სირცხვილი ჩანდა. – კარლოს, თქვენ ამაყობთ გულწრფელბით, რომელიც ჯგუფში გამოიჩინეთ, მაგრამ სინამდვილეში რამდენად გულახდილი იყავით? თქვენ მართლაც გაცილებით უფრო გულღია აღმოჩნდით ვიდრე სხვა მამაკაცები ჯგუფში. გამოამჟღავნეთ თქვენი სექსუალური განცდები, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული, პორნობიზნესი მართლაც თამაშობს ამგვარ გრძნობებზე. – მაგრამ ბოლომდე გულახდილი იყაით ამ შეხვედრაზე? რას იტყვით იმ გრძნობებზე, რომლების გულის სიღრმეში გაგაჩნიათ და რომელთაც არასდროს ამჟღავნებთ? ნება მიბოძეთ ერთი ვარაუდი გამოვთქვა: როდესაც სარას და მართას ეუბნებოდით “დიდი ამბავია”-ო მათ გაუპატიურებასთან დაკავშირებით, იქნებ ამ დროს მათ განცდებს საკუთარ მდგომარეობას ადარებდით? ფიქრობდით თუ რამდენად მძიმეა იცოდე, რომ კიბოთი ხარ დაავადებული. იქნებ ჯგუფის მხრიგან თანადგომა გსურდათ, მაგრამ როგორ მიიღებთ მას თუ კი ასე გაჯიუტდებით და არაფერს ეტყვით თქვენი დაავადების შესახებ? გაწევრიანების პირველივე დღიდან დაჟინბით ვთხოვდი კარლოსს გაემხილა ჯგუფისთვის თავისი დაავადების შესახებ. მაგრამ ის მეწინააღმდეგებოდა – ეშინოდა რომ შეიძულებდნენ, თანაც ამ შემთხვევაში ის ყოველგვარ შანსს კარგავდა სექსუალური ურთიერთობა დაემყარებინა ჯგუფის წევრ ქალებთან. – კარგი სვლა იყო, დოკ – გამიღიმა კარლოსმა. – ეს მართლაც მნიშვნელოვანია! კარგად აზროვნებთ. მაგრამ გულწრფელად გეტყვით – სიმსივნეზე უკვე ორი თვეა აღარ მიფიქრია. იმ მომენტიდან რაც ქიმიოთერაპიის ბოლო კურსი დავასრულე. განა ეს ცუდია?! დაივიწყო ყველაფერი და კვლავ დაუბრუნდე სრულფასოვან ცხოვრებას?კარგი კითხვაა?! მართლაც, კარგია ხოლმე ყველაფრის დავიწყება, მაგრამ მე ბოლომდე არ ვიყავი ამაში დარწმუნებული. უკვე საკმაოდ ვიცნობდი კარლოოს და შემეძლო მისი ფიზიკური მდგომარეობა შემეფასებინა, იმის და მიხედვით, თუ რა საკითხები აინტერესებდა მას ამა თუ იმ პერიოდში. როდესაც ცუდად გრძნობდა თავს და საკუთარ სიკვდილთან პირისპირ რჩებოდა გაცილებით უფრო წინდახედული, მომთმენი და ბრძენი ხდებოდა. მაგრამ როგორც კი დგებოდა რემისია, მასში, მისი თქმით, ეშმაკი დაიბუდებდა ხოლმე, რის შედეგადაც ის ძველბურად ვულგარული და აუტანელი ხდებოდა. ერთხელ გაზეთში ამგვარ კარიკატურას წავაწყდი – პატარა, გზააბნეული კაცი ამბობდა: “როდესაც ორმოცის ან ორმოცდაათის ხარ გზას ნათლად ხედვ.. მაგრამ გადის დრო და გზა კვლავ გეკარგება”. ეს კარიკატურა სწორედ რომ კარლოსის მდგომარეობას შეესაბამებოდა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მას არა ერთი, არამედ მრავალი გამონათების პერიოდი ჰქონდა, როდესაც ის ნათლად ხედადა გზას. შემდეგ კი ყველაფერი კვლავ უჩინარდებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მოვახერხებდი გარკვეული ხნით მაინც შემეჩერებინა მასში ფიქრი სიკვდილის გარდავლობის შესხებ. მივაღწევდით მნიშვნელოვან ცვლილებებს მის ცხოვრებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში. მისი დღევანდელი საუბრის მანერიდან და ჯგუფში ქცევიდან გამომდინარე ნათელი იყო, რომ კიბომ დროებით უკან დაიხია და კარლოსი აღარ ფიქრობდა სიკვდილზე, რომლის გაცნობიერება სიბრძნეს მატებდა მას. ამიტომ სხვა ხერხი ვცადე.- კარლოს, სანამ ჯგუფში გასაწევრიანებლად გაგაგზავნიდით მე აგიხსენით თუ რა პრინციპით მუშაობს ჯგუფური თერაპია. თუ გახსოვთ მაშინ გითხარით, რომ ნებისმიერი რამ, რაც ჯგუფში ხდება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თერაპიის მიზნით. – მან თავი დამიქნია, მე განვაგრძობდი. – და რომ ჯგუფი თავისი არსით საზოგადოების მოდელს წარმოადგენს. ჯგუფში იმგვარ ურთიერთობებს ვაწყობთ, როგორიც ჩვენთვის ზოგადად ცხოვრებაშია დამახასიათებელი. – მან კვლავ დამიქნია თავი, მისმენდა. – ახლა კი რა მივიღეთ: თქვენ გაიცანით რამდენიმე ადამიანი, რომლებთანაც შეხეძლოთ ახლო ურთიერთობის დამყარება. როდესაც ჯგუფში სიარული დაიწყეთ ორივენი იმ აზრზე ვიყავით, რომ თქვენ გჭირდებოდათ ადამიანებთან ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბება. სწორედ ამის გამო ჩაეწერეთ ჯგუფში. მაგრამ ახლა, მხოლოდ ექვსი კვირის შემდეგ, ჯგუფის ყველა წევრი და ერთერთი კო-თერაპევტთაგანი სრული ანტიპათიით არიან თქვმდამი განწყობილი. და ეს ყოველივე თავადვე მოიმოქმედეთ. გულახდილად მითხარით, კმაყოფილი ხართ? ამგვარ ურთიერთობების აწყობა გსურდათ გარშემომყოფებთან? – დოკ, მშვენივრად მიგიხვდით სათქმელს. მაგრამ თქვენ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეთ. მე სრულიად გულგრილი ვარ ამ ადამიანების მიმართ თუ კი მათ საერთოდ შეიძლება ეწოდოთ ადამიანები. უფრო მეტიც, არასდროს დავიჭერდი საქმეს ასეთ სუსტ და უიღბლო პიროვნებებთან. მე სრულებით არ მსურს მათთან დაახლოება. ვიცოდი რომ რამდენიმე კვირაში ის უფრო თანმიმდევრულად და საღად იაზროვნრებდა. ნებისმიერ სხვა სიტუაციაში ძალას მოვიკრეფდი და დაველოდებოდი მისი განწყობის შეცვლას. მაგრამ ახლა თუ კი არაფერს მოვიმოქმედებდით კარლოსს საბოლოოდ გამოაგდებდნენ ჯგუფიდან უახლოეს სეანსზე ან სიტუაცია იმდენად დაიძაბებოდა რომ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევდა მისი დატოვება. ასეთ შემთხვევაში კი არ ვიცოდი როგორ ან ვისთვის მეთხოვა მისი ჯგუფში მიღება. პრაქტიკულად ეს შეუძლებელი იყო. – მე ვგრძნობ თქვენს ხმაში გაკიცხვასა და ბრაზს. დარწმუნებული ვარ ახლა სწორედ ამას გრძნობთ, მაგრამ მოდით უკანა პლანზე გადავწიოთ ეს გრძმობები და შევხედოთ თუ რა ხდება სხვამხრივ თქვენს გულში. ორივენი, სარაც და მართაც, დიდ ტკივილს განიცდიდნენ, როდესაც თავიანთ ამბავს ყვებოდნენ. ნუთუ ვნების გარდა ვერაფერი იგრძენით მათ მიმართ?!  – მესმის რასაც გულისხმობთ. ყველაფერს აკეთებთ ჩემთვის. მინდა მეც დგეხმაროთ, მაგრამ მაშინ სრული სისულელეების როშვა მომიწევდა. თქვენ ცდილობთ გრძნობა ჩადოთ ჩემს სიტყვებში. იცით, ეს კაბინეტი ერთადერთი ადგილია სადაც შემიძლია სრული სიმართლის თქმა, სიმართლე კი ისაა, რომ ჯგუფში იმ ორი ნაშის მიმართ მხოლოდ გაჟიმვის სურვილი მიჩნდება! სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ  თუ კი ძალადობა ნებადართული იქნებოდა მე მას ჩავიდენდი! და ისიც ვიცი ვისგან დავიწებდი.

სავარაუდოდ ის სარას გულისხმობდა, მაგრამ მე აღარ ჩავეკითხე. არ მსურდა მასთან კამათი. შესაძლოა ჩვენს შორის გარკვეული ოედიპოსური კონკურენცია ჩამოყლიბდა, რაც მნიშვნელოვნად აძნელებდა ურთიერთობას. ის არასდროს უშვებდა ხელიდან შესაძლებლობას, ძალზე დეტალურად აღეწერა, თუ რას და როგორ უზამდა სარას მისი ნება რომ იყოს. ვიცოდი, მას ეგონა თითქოს იმის გამო ავუკრძალე სარასთან შეხვედრა, რომ ჩემთვის დამეტოვებინა იგი. მაგრამ ეს ფუჭი ინტერპრეტაცია იყო. კარლოსი ამჟამად ძალზე ჩაკეტილი ჩანდა. იმისთვის, რომ გამერღვია მისი ჩაკეტილობა რაიმე უფრო დამარწმუნებელი ხერხებისთვის უნდა მიმემართა. ერთადერთი რაც მომივიდა იმ წამს თავში იყო ის ემოციური მუხტი, რომლის აფეთქება ჩვენ პირველ შეხვედრაზე ვიხილე. ეს ტაქტიკა იმენად მარტივად მეჩვენებოდა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ კი მას ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვებოდა.- კარგით კარლოს, მოდით განვიხილოთ ის სამყარო, რომელიც თქვენ მოგწონთ და რომელსაც ასე გამეტებით იცავთ. კერძოდ, ნებადართული ძალადობის სამყარო. დაფიქრდით ახლა თქვენს ქალიშვილზე. როგორი იქნება მისთვის იმგვარ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ნებისმიერს, ვისაც კი ჩვიდმეტიოდე წლის გოგონას ძალით დამორჩილება მოესურვება, შეეძლება მისი გაუპატიურება. კარლოს ღიმილი სახეზე შეაცივდა. ის შეკრთა და თქვა:- ამას არ ვუსურვებდი ჩემს ქალიშვილს.- კი მაგრამ სხვა რა გამოსავალი ექნება მას იმ სამყაროში, რომელსაც თქვენ აშენებთ? რას იზამთ, მონასტერში გაოკეტავთ? თქვენ ქმნით იმ სამყაროს, რომელშიც ის იცხოვრებს. სწორედ ასე იქცევიან მამები – აშენებენ იმ სამყაროს, რომელშიც მომავალში მათი შვილები იცხოვრებენ. მე არც კი მიკითხავს თქვენთბის, მაინც რა გსურთ თქვენი ქალიშვილისთვისვის?- მსურს შეიყვაროს ღირსეული ადამიანი, რომელთანაც მყარ და მოსიყვარულე ოჯახს შექმნის. – კი მაგრამ როგორ განხორციელდება ეს თუ კი მამამისი ძალადობით აღსავსე სამყაროს უჭერს მხარს? თუ გსურთ რომ მან სიყვარულით სავსე სამყაროში იცხოვროს, თავადვე უნდა შეუწყოთ ხელი ამ სამყაროს შენებას. თქვენს ქცევის მანერებს უნდა გადახედოთ. ხომ ვერ გახდებით გამონაკლისი თქვენს მიერვე ჩამოყალიბებული წესიდან, ესაა ნებისმიერი ეთიკური სისტემის საფუძველთა საფუძველი. სეანსის ტონალობა შეიცვალა. ყოველგვარი შეხლა-შემოხლა შეწყდა. ორივენი ძალიან დავსერიოზულდით. თავს უფრო ფილოსოფიის ან რელიგიის მასწავლებლად ვგრძნობდი ვიდრე ფსიქოთერაპევტად, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ სწორ გზაზე ვიდქით. ვამბობდი იმას რაც თავიდანვე, ჩვენს პირველივე შეხვედრებისას უნდა მეთქვა.

 

(დასასრული იქნება… )

 

“ძალადობა ნებადართული რომ იყოს… ” (დასაწყისი)

– თქვენი პაციენტი ნამდვილი პირუტყვია! ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაზე მე მას პირდაპირ ვუთხარი ეს. სარა, ფსიქიატრიის ახალგაზრდა რეზიდენტი, შეყოვნდა და შემომხედა. ჩემი მხრიდან კრიტიკას ელოდა.ეტყობა მართლაც უჩვეულო რამ მოხდა.  ყოველდღიურად არ მეჭრებიან კაბინეტში სტუდენტები და არ მეუბნებიან ამაყი ტონით, რომ ჩემს ერთერთ პაციენტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თანაც კიბოს უკანასკნელ სტადიაზე მყოფ პაციენტს. – სარა, დაჯექით და მომიყვით რა მოხდა. რამდენიმე წუთი მაქვს შემდეგი პაციენტის მოსვლამდე.სარამ ოდნავ მოითქვა სული და დაიწყო.- კარლოსი ყველაზე ურცხვი და საზიზღარი ადამიანია, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს. – მოგეხსენებათ, რომ არც მე მეხატება დიდად გულზე. ეს თავიდანვე გითხარით, როდესაც მას თქვენთან ვაგზავნიდი. – კარლოსი ექვსი თვის განმავლობაში გადიოდა ჩემთან ინდივიდუალურ თერაპიის კურსს, რამდენიმე ხნის წინ კი გადავწყვიტე სარასთან გამეგზავნა თერაპიულ ჯგუფში ჩასაწერად. – უკაცრავად, გაგაწყვეტინეთ. განაგძეთ თუ შეიძლება.- თავადაც უწყით რაოდენ აუტანელია ხოლმე კარლოსი. ისე დასდევს ქალებს, თითქოს ისინი ახურებული ძუკნები იყვნენ. სულ არ აღელვებს თუ რა ხდება ჯგუფში. წინა შეხვედრაზე მართამ, მოსაზღრე მდგომარეობაში მყოფმა ძალზე მამაცი ბუნების ახალგაზრდა ქალმა, გაანდო ჯგუფს თავისი შარშანდელი გაუპატიურების ამბავი. არამგონია ამაზე ვინმესთან ესაუბრა, ყოველშემთხვევაში არა ჯგუფთან. ის ისეთი შეშინებული ჩანდა, ისე გულამოსკვნილი ტიროდა, ისე უჭირდა ამ ყველაფერზე ლაპარაკი. ეს ძალიან მტკინეული იყო მისთვის. ყველანი ვცდილობდით დავხმარებოდით მას და მე, სწორად თუ არასწორად, გადავწყვიტე გამენდო ჯგუფისთვის, რომ მეც გამაუპატიურეს სამი წლის წინ…- სარა, ეს რ ვიცოდი- არც არავინ იცოდა!მან თვალები მოხუჭა. ეტყობოდა ძალიან უჭირდა ჩემთან ამის შესახებ საუბარი. შექმნილ ვითარებაში არც კი ვიცოდი რა იყო მისთვის უფრო მტკივნეული, ის რომ თავისი გაუპატიურების შესახებ საუბრობდა, თუ ის რომ ასე თავშეუკავებლად მოიქცა ჯგუფში. ან იქნებ ის თრგუნავდა, რის თქმასაც ახლა აპირებდა?  ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ ფაქტებს მივყოლოდი ზედმეტი განსჯისა და კრიტიკის გარეშე. – შემდეგ?- შემდეგ საქმეში თქვენი კარლოსი ჩაება.

 

ჩემი კარლოსი? სასაცილოა! გეგონებათ მე მისი მშობელი მამა ვიყავი და პასუხს ვაგებდი მის სქციელზე. მართალია, მე დაჟინებით ვთხოვდი სარას, რომელსაც არ სურდა სასიკვდილოდ დაავადებული პაციენტის აყვანა, როგორმე მიეღო იგი ჯგუფში, მაგრამ ისიც მართლი გახლათ, რომ სარას ჯგუფი ხუთ კაცამდე შემცირდა და მას ახალი წევრები ესაჭიროებოდა. ასე აღელვებული სარა არასდროს მინახავს. ვიცოდი რომ რამდენიმე ხანში ძალზე უხერხულად იგრძნობდა თავს მომხდარის გამო, არ მსურდა ჩემი კრიტიკით კიდევ უფრო დამემძიმებინა მისი მდგომრეობა. – რა ჩაიდინა?- ის ჯერ კონკრეტულ შეკითხვებს სვამდა: როდის? სად? როგორ? ვინ? თავდაპირველად ეს დაეხმარა მართას. მაგრამ შემდგომ, როდესაც მე დავიწყე ჩემი ამბის მოყოლა, იგი ჩემზე გადმოერთო და იმავე კითხვების დასმა დამიწყო. შემდგომ კიდევ უფრო ინტიმურ დეტალებს ჩაგვეკითხა: გაგვიხია თუ არა მოძალადემ ტანსაცმელი? ეაკულაცია ჩვენს შიგნით მოახდინა თუ არა? სიამოვნებას თუ გვანიჭებდა ეს ყველაფერი? ამგვარ კითხვებზე გადასვლა იმდენად შეუმჩნევლად მოხდა, რომ საკმაო დრო გავიდა სანამ ჯგუფი მის საქციელზე რაიმე რეაგირებას მოახდენდა. მე და მართა სულ არ ვენაღვლებოდით, ის თავის სექსუალურ ფანტაზიებში იყო გართული. ვიცი, მეტი მოთმინება უნდა გამომიჩინა მის მიმართ, მაგრამ ის მართლაც საზიზღარი ადამიანია! – ბოლოს როგორ დამთავრა ყველაფერი? – საბოლოოდ ჯგუფი გონს მოეგო და გაკიცხა იგი უგულო საქციელისთვის, მაგრამ მას სრულებით არ უგრძვვნია სინდსის ქენჯნა. პირიქით, უფრო აგრესიული გახდა და დაგვადანაშაულა მე და მართა (ისევე, როგორც ყველა სხვა გაუპატიურების მსხვერპლი), რომ ჩვენ ნამეტან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ყველაფერს. “მერე და რა მოხდა, დიდი ამბავი?!”, თქვა მან და დაამატა, რომ პირადად სულაც არ იქნება წინააღმდეგი, თუ კი ვინმე მომხიბლავი ქალბატონი გააუპატიურებს. დამშვიდობებისას კი დასძინა, რომ არ შეეწინააღმდეგება არცერთ ძალადობის მცდელობას ჯგუფის წევრ ქალბატონების მხრიდან. სწორედ მაშინ ვუთხარი, რომ დამპალი ნაბიჭვარია. – მე მეგონა თქვენი მკურნალობის მეთოდი მდგომარეობდა იმაში, რომ მისთვის პირუტყვი გეწოდებინათ.ამ ფრაზამ განმუხტა სიტუაცია. სარამ შვებით ამოისუნთქა. ორივეს გაგვეღიმა.- დიახ, ესეც! მართლაც მიჭირდა თავის შეკავება!მხარდაჭერის სიტყვებს ვეძებდი. მინდოდა გამემხნევებინა სარა, მაგრამ საბოლოოდ გაცილებით პედანტურად გამომივიდა ნათქვამი, ვიდრე ამას ველოდი. – სარა, ამგვარი ექსტრემალური სიტუაციები ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობენ თერაპიის პროცესში. თუ კი მოხერხდა მათზე გულდასმით მუშაობა. ყველაფერი რაც ხდება ჯგუფში, მომავალში შეიძლება მუშაობისა და განხილვის საგანი გახდეს. მოდი კარგ გაკვეთილად ვაქციოთ ეს ყველაფერი კარლოსისთვის. მე მას ხვალ დილით ვხვდები და აუცილებლად დაველაპარაკები მომხდარის შესახებ, მაგრამ ასევე მინდა თქვენც მიხედოთ საკუთარ თავს, თუ კი საუბარი დაგჭირდათ დღის მეორე ნახევარში თავისუფალი ვიქნები ან შეგვიძლია კვირის განმავლობაში შევხვდეთ ერთმანეთს.

სარამ მადლობა გადამიხადა და თქვა, რომ დაფქრდება ჩემს წინადადებაზე. გადავწყვიტე, რომ თუ კი სარა ვინმე სხვასთან მოისურვებდა საკუთარ პრობლემებზე საუბარს, ვეცდებოდი მოგვიანებით მაინც შეხვედროდით ერთმანეთს და ეს ინციდენტი მისთვისაც კარგ პროფესიულ გამოცდილებად გვექცია. ვიცოდი რაოდენ რთული იყო მისთვის მსგავს სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება, მე ვუთანაგრძნობდი მას, მაგრამ ამავე დროს ვხვდებოდი, რომ ის ცდილობდა საკუთარი პრობლემები გადაეწყვიტა ჯგუფის მეშვეობით. ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა, თავიდან ინდივიდუალურად ემუშავა თავის პრობლემაზე და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ რათქმაუნდა სურვილი ექნებოდა, გაეზიარებინა იგი ჯგუფისთვის და ეს ჯგუფის წევრთა სასარგებლოდ გამოეყენებინა. ჩემი შემდეგი პაციენტი გამოჩნდა და ყურადღება მასზე გადავიტანე. თუმცა ვერაფრით ვაიძულებდი თავს არ მეფიქრა კარლოსზე და იმაზე თუ რა მიმართულებით წამეყვანა მასთან შემდეგი სეანსი. ხშირად ვფიქრობდი მასზე. ის უჩვეულო პაციენტი იყო. ჩვენი პირველი შეხვედრიდანვე, რომელიც რამდენიმე თვის წინათ შედგა, მე მასზე გაცილებით მეტი დროის განმავლობაში ვფიქრობდი ვიდრე ის ორი საათი კვირაში, რომელიც ჩვენი შეხვდერების განრიგით იყო გათვალისწინებული. “კარლოსი კატაა, რომელსაც ცხრა სიცოცხლე აქვს, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მისი მეცხრე სიცოცხლეც იწურება”, ასე მითხრა ონკოლოგმა, რომელმაც კარლოსი ჩემთან კონსულტაციაზე გამოგზავნა. მან ამიხსნა, რომ კარლოსს ლიმფომის ძალზე იშვიათი, ნელმზარდი სახეობა ჰქონდა, რომელიც იმდენად ავთვისებიანობით არ ქმნიდა პრობლემებს, რამდენადაც თავისი ზომების გამო. ათი წლის განმავლობაში სიმსივნე კარგად ემორჩილებოდა მკურნალობას, მაგრამ ახლა მან ფილტვები დააზიანა და გულსაც ეპოტინებოდა. კარლოსის ექიმებმა უკვე ყველაფერი, შესაძლებელი და შეუძლებელიც, მოიმოქმედეს: მაქსიმალურად დასაშვები დოზებით ასხივებდნენ მას, ამოწურეს ქიმიოთერაპიულ საშუალებათა სრული ნუსხა, მაგრამ უშედეგოდ. მეკითხებოდნენ, რამდენად გულწრფელნი უნდა ყოფილიყვნენ კარლოსის წინაშე? ეთქვათ თუ არა მისთვის სიმართლე? მითუმეტეს, რომ კარლოსი სრულებით არ უგდებდა ყურს. მათ არ იცოდნენ რამდენად გულწრფელი იყო იგი საკუთარ თავთან. როგორ მიიღებდა იგი ამ ამბავს? ისინი ხედავდნენ, რამდენად დათრგუნული იყო კარლოსი, რომ მას არავინ ჰყავდა ვისაც მხარდაჭერისთვის ან დახმარებისთვის მიმართავდა, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეეძლოთ.კარლოსს მართლაც არავინ ჰყავდა, თუკი ტყუპ ქალ-ვაჟს არ ჩავთვლით, რომლებიც მის ყოფილ მეუღლესთან ერთად სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობდნენ. ის არგენტინაში გაიზარდა.  ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში. დედა მშობიარობას გადაყვა, მამა კი ოცი წლის წინ სწორედ იმ ტიპის ლიმფომით გარდაიცვალა, რომელიც ახლა კაროსსაც უღებდა ბოლოს. მამაკაცებთან არ მეგობრობდა. “ვის რაში ჭირდებიან ისინი?!” – მითხრა მან ერთხელ. – “არ შემხვედრია ჯერ მამაკაცი, რომელიც ერთი დოლარის, სამსახურის ან ნაშის გულისთვის არ გამოგჭრიდეს ყელს!” მას ხანმოკლე ქორწინება ჰქონდა და იმის მერე არ დაუმყარებია რაიმე სერიოზული ურთიერთობა ქალებთან. “კაცი გიჟი უნდა იყო, რომ ქალთან ერთზე მეტჯერ იჟიმაო”. მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი, მისივე თქმით, იყო რაც შეიძლება მეტ ქალთან ჰქონოდა სქესობრივი კავშირი. პირველივე შეხვედრისას მან არც თუ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, როგორც თავისი ხასიათით, ასევე თავისი გარეგნობით. ის გამხდარი და დაუძლურებული იყო. მკლავებზე, კისერზე და ყურების უკან მას შესამჩნევად შესიებული ლიმფური კვანძები მოუჩანდა, ხოლო ქიმიოთერაპიის გამო ის სრულებით გამელოტებულიყო. მისი გარეგნული რეკვიზიტები – თვალებზე ჩამოფხატული ფართოკიდეებიანი ქუდი და შეშუპებული ლიმფური კვანძების დასაფარად ყელზე შემოხვეული შარფი – მხოლოდ ზედმეტ ყურდღებას იპყრობდნენ მისი ისედაც უსიამო გარეგნობის მიმართ. ის შესამჩნევად იყო დათრგუნული. ამისთვის საკმაო მიზეზიც ჰქონდა. სიმწრით საუბრობდა კიბოსთსან ათწლიანი შერკინების შესახებ. მისი თქმით, ავადმყოფობა ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებდა მას. მან უკვე მოუღო ბოლო კარლოსის მნიშვნელოვან ნაწილს: მის ენერგიულობას, მის ძალებს, მის თავისუფლებას (კარლოსი იძულებული იყო სტენფორდის ჰოსპიტალის სიახლოვეს ეცხოვრა, ის სრულებით მოწყვეტილი იყო თავის სამშობლსა და კულტურას). ყველაზე დამთრგუნველი კი იყო ის, რომ სიმსივნემ მისი სოციალური ურთიერთოები დაანგრია. სოციალურ ურთიერთობებში კარლოსი სქესობრივ ცხოვრებას გულისხმობდა. ქიმიოთერაპიის დროს ის სქესობრივად უძლური იყო. ქიმიოთერაპიის Dდასასრულ ქალებთან სიმელოტის გამო ვერ ურთიერთობდა, ხოლო როდესაც თმა ამოუვიდოდა და მომდევნო კურსის ბოლომდე ორიოდე კვირა ღა რჩებოდა, მეძავები მის მომსახურებაზე უარს აცხადებდნენ, რათგან ეგონათ, რომ ლიმფური კვანძები აივ-ინფექციის გამო ჰქონდა გადიდებული. ამგვარად მისი სქესორივი ცხოვრება სადომაზოქისტური ვიდეოჩანაწერების ყურებისას მასტურბირებით შემოიფარგლებოდა.   მართალია – აღიარა მან, მხოლოდ იმის შემდეგ როდესაც მე მას ამაზე პირდაპირ მივუთითე – რომ ის მარტოსულად გრძნობს თავს და რომ სწორედ ეს წარმოადგენს პრობლემის ძირითად ნაწილს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც იგი იმდენად დაუძლურებულია, რომ საკუთარი თავის მოვლაც კი არ შეუძლია. ადამიანებთან ახლო (არასექსუალური)  ურთიერთობით სიამოვნების მიღების იდეა სრულიად უცხო იყო მისთვის. თუმცა აქაც იყო გამონაკლისი – მისი შვილები. როდესაც კარლოსი მათზე საუბრობდა ის სრულიად გარდაისახებოდა და ნამდვილ, მამობრივ გრძნოებს გამოხატავდა, რომელთაც სიამოვნებით ვიზიარებდი. გულაჩუყებული ვუცქერდი მის ათრთოლებულ სხეულს, როდესაც ის თავისი შიშის შესახებ ყვებოდა, რომ ბავშვებიც აქცევდნენ მას ზურგს, რომ დედა საბოლოოდ განაწყობდა მათ მის წინააღმდეგ ან ისინი კიბოს შიშით გაწყვეტდნენ მასთან ურთიერთობას.- რით შემიძლია დაგეხმაროთ, კარლოს? – თუ მართლაც გსურთ ჩემი დახმარება, მასწავლეთ ჯავშნოსნების სიძულილი! რამდენიმე ხანს კარლოსი ტკბებოდა ჩემი დაბნეულობით. შემდეგ კი მითხრა, რომ ვიზუალურ ტექნიკას იყენებდა, რომელსაც ონკოლოგიური პაციენტები ხშირად მიმართავენ ხოლმე თვითგანკურნების მიზნით: მისი ახალი ქიმიოთერაპიული საშუალების ვიზუალურ ხატებს დიდი B და P ასოები, დათვები (Bეარს) და ღორები (Pიგს), წარმოადგენდნენ, მისი ლიმფური კვანძების სიმსივნური უჯრედები კი ჯავშნოსნები იყვნენ. ქმიოთერაპიის კურსის განმავლობაში კარლოსი წარმოიდგენდა, თუ როგორ ესხმოდნენ დათვები და ღორები გარქოვანებული ბაქნებით აღჭურვილ ჯავშნოსნებს. პრობლემა კი ის იყო, რომ კარლოსის დათვები და ღორები არასაკმარისად ძლიერნი იყვნენ, რათა ჯავშნოსნებს გამკლავებოდნენ. მისი უარყოფითი თვისებების და მიუხედავად კარლოსი რაღაცით მიზიდავდა. შესაძლოა იმ შეგრძნების გამო, რომ ის კვდებოდა კიბოთი და არა მე, შესაძლოა შვილებისადმი უსაზღვრო სიყვარულის ან მისი გულისამაჩუყებელი ხელის ჩამორთმევის მანერის გამო, როდესაც ის ორივე ხელით მაგრად ჩაეჭიდებოდა ხოლმე ჩემს გამოწვდილ მტევანს. ან იქნებ მისმა უცნაურმა თხოვნამ მომხიბლა: “მასწავლეთ ჯავშნოსანთა სიძულვილი!”

ჩვენი შეხვედრების დასაწყისშივე ვეცადე შემეფასებინა ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი. თავს ვარწმუნებდი, რომ ის არა იმდენად ასოციალური, რამდენადაც უბრალოდ საზოგდოებიდან გარიყული ადამიანი იყო და რომ მისი არასასიამოვნო ხასიათობრივი თვისებების შეცვლა სრულებით შესაძლებელია. მკურნალობის გეგმა არ დამისახავს. უკვე საკმაო ხნის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს მე კი ჯერ არ მქონდა განსაზღვრული თერაპიის კონკრეტული მიზნები. რა მომემოქმედა? უბრალოდ მხარში დავდგომოდი ქიმიოთერაპიის კურსის დროს? (ამ პერიოდში კარლოსი განსაკუთრებით სუსტი და უმწეო იყო ხოლმე). ხოლო როდესაც ტერმინალურ სტადიას მიაღწევდა სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მის გვერდით ვყოფილიყავი? შესაძლოა ეს სრულებით საკმარისი იქნებოდა. ღმერთია მოწმე, კარლოსი მართლაც ძალზე მარტოსული იყო. დამლაპარაკებელიც კი არავინ ჰყავდა. მართალია კარლოსის მარტოობა მისსივე ქცევის შედეგი იყო, მაგრამ რამდენად შეამსუბუქებდა მის მდგომარეობას ამ ფაქტის გაცნობიერება და შცვლა? თანაც როდის? ახლა, როდესაც ის სიკვდილის პირას იდგა და მისი ცხოვრება უკეთეს შემთხვევაში თვეებით განისაზღვრებოდა? ამავე დროს ვფიქრობდი – იქნებ კარლოსს შეეძლო მნიშვნელოვანი შედეგების მიეღწევა. არა, არა და არა! რა აზრი აქვს რაიმე მნიშვნელოვნზე საუბარს, როდესაც ადამიანს სულ რამდენიმე თვე ღა აქვს დარჩენილი?! მსგავს სტუაციაში ვერც ერთი თერაპევტი, და მათ შორის ვერც მე, ვერ დადებდა თავს მეტნაკლებად მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად. კარლოსი სიამოვნებით დათანხმდა ფსიქოთერაპიაზე. მისთვის დამახასიათებელი ცინიზმით მან განაცხადა, რომ მკურნალობის საფასურის ოთხმოცდაათ პროცენტს სადაზღვეო კომპანია ფარავდა, მას კი არაფრით არ შეეძლო ამგვარი შანსის ხელიდან გაშვება. თანაც კარლოსი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც ყველაფრის მოსინჯვას ცდილობს ცხოვრებაში, მას კი ჯერ არასდროს ესაუბრა ფსიქიატრთან. მე არ შევთანხმებულვარ მასთან რაიმე კონკრეტული მიზნებზე, მხოლოდ აღვნიშნე, რომ ამგვარ ვითარებაში სხვა ადამიანთან საუბარი ხშირად შვების მომგვრელია ხოლმე. დაჟინებით ვთხოვე მას ექვსჯერ შევხვედრილყავით ერთმანეთს, შემდეგ კი განგვესაზღვრა რამდენად ეფექტური იყო თერაპია და ღირდა თუ არა მისი გაგრძელება.ჩემდა გსასკვირად კარლოსმა საოცრად კარგად აუღო ალღო ჩვენს საუბრებს და ექვსი სეანსის შემდეგ გადავწყვიტეთ განუსაზღვრელი ვადით გაგვეგრძელებინა შეხვედრები. ყოველ ჯერზე ის განსახილველ საკითხთა მთელი ნუსხით მოდიოდა. ეს იყო სიზმრები ან სამსახურეობრივი პრობლემები (კარლოსი საკმაოდ ნიჭიერი ფინანსური ანალიტიკოსი გახლდათ და ავადმყოფობის დროსაც განაგრძობდა მუშაობას). ზოგჯერ ის ფიზიკურ დისკომფორტზე და ქიმიოთერაპიისადმი სიძულვილზე ლაპარაკობდა, მაგრამ  ყველაზე ხშირად საუბარი ქალებსა და სექსს ეხებოდა. ყოველ სეანსს ის იწყებდა ქალების აღწერით, რომელთაც კვირის განმავლობაში ხვდებოდა. ხშირად ამგარი “შეხვედრები” მაღაზიის სალაროსთან დგომისას დაჭერილ გამოხედვებით შემოიფარგლებოდა. შემდეგ კი ის დიდხანს და დაწვრილებით ფიქრობდა თუ როგორ შეიძლება აწყობილიყო მათი ურთიერთობა. ზოგჯერ ის იმდენად გატაცებული იყო ქალებით, რომ სრულებით ივიწყებდა კიბოს, რომელსაც მისი სხეულის ყოველ კუთხე-კუნჭულში შეეღწია. შესაძლოა სწორედ ეს იყო მისი აკვიატების მიზეზი – ამ დროს ის თავის ავადმყოფობას ივიწყებდა. მაგრამ მისი ამგვარი დამოკიდებულება სუსტი სქესის მიმართ კიბომდე გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა. ის ყველთვის დასდევდა ქალებს, უბრალო სექსუალურ ობიექტებად აღიქვამდა და ძალზე დამამცირებლად ეპყრობოდა მათ. ამიტომაც არ გამკვირვებია სარას მონაყოლი, ვიცოდი რომ კარლოსი გაცილებით უარეს საქციელზე იყო წამსვლელი. მაშ, როგორ მოვქცეულიყავი შემდეგ სეანსზე? ერთისმხრივ, ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნება და გაუმჯოეება მსურდა. სწორედ ახლა მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს, თანაც მე ერთადერთი ადამიანი ვიყავი ვისთანაც ის ახლო იყო. მეორესმხრივ, კარლოს უნდა გაეგრძელებინა ჯგუფში სიარული. იქ რამდენიმე მიზეზით გავგზავნე: პირველყოვლისა მას მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, რასაც ჯგუფი შესანიშნავად უზრუნველყოფდა.  გარდა ამისა ვიმედოვნებდი, რომ კარლოსი გვერდიდან შეხედავდა საკუთარ თავს, გააცნობიერებდა თავისი ქცევის უარყოფით მხარეებს და ისწავლიდა გარშემომყოფებთან ახლო ურთიერთობების დამყარებას. უკანასკნელი ხუთი კვირის განმავლობში ის წარმატებით მიიწევდა წინ. მაგრამ ახლა ვშიშობდი ანტიპათია არ გამოეწვია ჯგუფის წევრებში. თუ კი, რათქმაუნდა, ისინი უკვე არ განეწყვნენ უარყოფითად მის მიმართ!

(გაგრძელება იქნება…)

სიყვარულის ჯალათი – შესავალი (დასასრული)

ექზისტენციალური იზოლაზია, მესამე მოცემულობა, გამოწვეულია გადაულახავი უფსკრულით “მესა” და “სხვებს” შორის. უფსკრულით, რომელიც არსებობს ყველაზე ახლო, გულახდილ ურთიერთობებშიც კი. ადამიანი გარიყულია არა მხოლოდ სხვებისგან, არამედ ასევე იმ სამყაროდან, რომელსაც ის ქმნის ამ გარიყვის შედეგად. ამგვარი ექზისტენციალური იზოლაცია უნდა განვასხვაოთ იზოლაციის სხვა სახეობებისგან – ინტერპერსონალურსა და შინაგანისგან.     ადამიანი განიცდის ინტერპერსონალურ იზოლაციას, ან სიმარტოვეს, როდესაც მას არ გააჩნია ის სოციალური უნარ-ჩვევები, რომლთა მეშვეობითაც ის სხვა ადამიანებთან იურთიერთებდა.  შინაგანი იზოლაცია ჩნდება მაშინ, როდესაც პიროვნება იწყებს თავისი ემოციების და მოგონებების გამიჯვნას ერთმანეთისგან. შინაგანი იზოლაციის ყველაზე დრამატული და ამავე დროს ყველაზე იშვიათი სახეობაა პიროვნების სრული გაორება. როდესაც თერაპევტი ხვდება ასეთ შემთხვევას, როგორც ეს მარჯის (“თერაპიული მონოგამია“) შემთხვევაში მოხდა, მის წინაშე დგება დილემა: ორთაგან რომელ პიროვნებას უმკურნალოს?   იმის გამო, რომ ექზისტენციალური იზოლაციის პრობლემის გადაწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელია ფსიქოთერაპევტი უნდა ეცადოს დაანგრიოს ის არასწორი დაცვითი მექანიზმები, რომლებსაც პაციენტი იყენებს იზოლაციასთან ბრძოლაში და რომლებიც ხელს უშლიან მას ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობების აწყობაში. მრავალი მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობა ინგრევა იმის გამო, რომ პარტნიორები ერთმანეთზე ზრუნვის მაგიერ იყენებენ ერთმანეთს საკუთარი იზოლაციის გადასალახად.    საკმაოდ გავრცელებულია იზოლაციის დაძლევის მცდელობა, საკუთარი პიროვნების საზღვართა გახსნისა და საკუთარი თავის სხვა ადამიანთან შერწყმის საშუალებით. სხვა ადამიანთან შერწყმის ტენდენცია ექპერიმენტულად იქნა დამტკიცებული ქვეზღურბლოვანი გაღიზიანების მეშვეობით: ფრაზა “მე და დედა ერთნი ვართ” ჩნდებოდა წამის მეასედით, ისე რომ ცდის პირთ არ შეეძლოთ მისი ცნობიერად აღქმა, მაგრამ ამის შემდეგ ისინი თავს უკეთ, უფრო დაცულად გრძნობდნენ. ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ თვითშემეცნება ბადებს შფოთვას. სხვა ადამიანთან შერწყმა კი ამ შფოთვას ძალზე რადიკალური მეთოდიოთ სპობს. ადამიანი განიცდის ნეტარებასა და სიმშვიდეს იმის გამო რომ შეერწყა საყვარელ ადამიანს და ამავე დროს კარგავს საკუთარ თავს.    აი რატომ არ უყვართ ფსიქოთერაპევტებს შეყვარებულ პაციენტებთან მუშაობა. ფსიქოთერაპია და შეყვარებულობა შეუთავსებელნი არიან. ფსიქოთერაპია ააქტიურებს თვითშეგნებას და შესაბამისად შფოთვასაც, რომელიც შინაგან კონფლიქტს უდევს საფუძვლად.   გარდა ამისა მე, ისევე, როგორც თერაპევტთა უმეტესობას, მიჭირს პროდუქტიული ურთიერთობების დამყარება შეყვარებულ პაციენტებთან. მაგალითად ტელმას ნოველიდან “სიყვარულის ჯალათი” არ სურდა ჩემთან თანამშრომლობა: მთელი მისი სულიერი ენერგია იყო მიმართული მის აკვიატებულ სიყვარულზე. უფრთხილდით უპირობო და უგუნურ მიჯაჭვულობას, ეს სრულიად არ ნიშნავს ნამდვილ სიყვარულს. ასეთი ჩაკეტილი სიყვარული საკუთარი თავით იკვებება, არაფერს გასცემს და ამგვარად თვითგანადგირებისთვისაა განწირული. სიყვარული არაა უბრალოდ ვნება, რომელიც იფეთქებს ორ ადამიანს შორის. შეყვარბულობა უსასრულოდ შორსაა ჭეშმარიტი სიყვარულისაგან. სიყვარული არის უფრო არსებობის საშუალება: არა იმდენად ლტოლვა, რამდენადაც თვითგანწირვა, დამოკიდებულება არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის, არამედ მთლიანად სამყაროსადმი.    თუმცა ჩვენ ვცდილობთ ვიცხოვროთ წყვილად და კოლექტიურად, მაინც დგება ხოლმე მომენტი, უმეტესწილად სიკვდილის წინ, როდესაც ჩვენ ვხვდებით, რომ ვიბადებით და ვკვდებით მარტონი. მაგრამ სიკვდილის წინაშეც კი, ახლობელი ადმიანის გვერდში დოგმამ შესაძლოა დაგვაძლევინოს მარტოობის განცდა. რიოგორც ერთერთმა პაციენტმა, მოთხრობიდან “ნუ მიიპარები”, თქვა: “თუმცა მარტო იმყოფები ნავში, მაინც სასიამოვნოა, როდესაც ხედავ შუქს მეზობელი ნავებიდან”.

მაშასადამე თუ კი სიკვდილი გარდაუვალია, თუ კი ერთ მშვენიერ დღეს განადგურდება ყველა ჩვენი მიღწევა, მთლიანად მზის სისტემაც კი და მთელი სამყარო მხოლოდ ბედის თამაშია, თუ კი ადამიანი იძულებულია თავად აშენოს საკუთარი ცხოვრება მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ჩვენს არსებობას?    ეს შეხითხვები მოსვენებას არ აძლევს თანამედროვე ადამიანს. ბევრი ადამიანი მიმართავს ფსიქოთერაპიას იმის გამო, რომ თვლის თითქოს მის ცხოვრებას არ გააჩნია აზრი. ჩვენ ვართ მიზნის მაძიებელი არსებანი. ჩვენი ტვინი იმგავარადაა მოწყობილი, რომ თავადვე, ავტომატურად ამუშავებს ინფორმაციას, მაგრამ როგორც კი ჩვენ ვაწყდებით რაღაც გაუგებარს და ახალს, ჩვენ ვცდილობთ ავხსნათ ის და ამგვარად მოვიპოვოთ მასზე ძალაუფლება. კიდე უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზრისი ქმნის ღირებულებერბს და მათგან გამომდინარე ქცევის ნორმებსა და წესებს. პასუხი კითხვაზე “რისთვის?” (“რისთვის ვცხოვრობ?”) იძლევა პასუხს კითხვაზე “როგორ?” (“როგორ უნდა ვიცხოვრო?”).   ქვემოთმოყვანილ ათ ნოველაში ცხოვრების საზრისის ღია და პირდაპირი განხილვა არც თუ ისე ხშირად გვხვდება. აზრის ძიება, ისევე, როგორც ბედნიერების ძიება შესაძლებელია მხოლოდ ირიბი გზით. რაც უფრო მეტად ვეძებთ საზრისს, მით უფრო ნაკლები შანსია რომ ვიპოვნით. Fფსიქოთერაპიის პროცესში, ისევე როგორც ცხოვრებაში მთავარია ქმედება და არა მსჯელობა. ქმედების შედეგად მიღებული გამოცდილება სპობს შეკითხვის და მსჯელობის აუცილებლობას. და სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება თერაპევტმა. ეს ექზისტენციალური პარადოქსი – ადამიანი, რომელიც ეძებს აზრს სამყაროში, რომელსაც თავისდათავად არ გააჩნია არანაირი საზრისი – ძალზე მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპევტებისათვის. თერაპევტი, რომელიც ცდილობს იყოს გულწრფელი თავის პაციენტებთან ურთიერთობაში, გამუდმებით გაურკვევლობაში იმყოფება და ხვდება, როგორც ეს ნოველა “სამ ღიმილში” ჩანს, რომ შეუძლებელია სრულყოფილად და ზუსტად ჩაწვდე პაციენტის განცდებს.

სინამდვილეში, ასეთი გაურკვევლობისათვის მზაობა და მისი ატანა არის გადამწყვეტი ფსიქოტერაპევტის პროფესიაში. შესაძლოა გვერდიდან ჩანს, თითქოს ფსიქიოთერაპევტი უძღვება პაციენტს უკვე წინასწარგანსაზღვრულ, მკაცდარდადგემილ ეტაპებზე, მაგრამ რეალურად ასეთი რამ იშვიათად ხდება. პირიქით, როგორც ამაზე მოთხრობებიც მეტყველებენ, თერაპევტი შესაძლოა ხშირად ყოყმანობდეს, იმპროვიზირებდეს და ფრთხილად სინჯავდეს ნიადაგს. ხშირად სურვილს თვითდაჯერებულობის მოპოვებისა, კონკრეტული თეორიისადმი მიმხრობით ან კონკრეტული თერაპიული ტექნიკის გამოყენების გზით, მივყავართ საპირისპირო შედწეგამდე: ჩარჩოში ჩასმული მსჯელობანი ხელს უშლიან იმ სპონტანურ შეხვედრებს, რომელებიც ესოდენ მნიშვნელოვანია თერაპიისთვის.    ამგვარი სპონტანური შეხვედრები, რომლებშიც თერაპიის ძირითადი არსი დევს, წარმოადგენენ ძალზე მჭიდრო და ადამიანურ ურთერთობას ორ პიროვნებას შორის, რომელთაგანაც ერთერთი (როგორც წესი, მაგრამ არა ყოველთვის, ეს პაცენტია) მეორეზე უფრო მეტად იტანჯება. თერაპევტი ორმაგ როლს ასრულებს: ერთისმხრივ ის პაციენტის ცხოვრებას გვერდიდან ადევნებს თვალყურს, მეორესმხრივ კი ის თავად მონაწილეობს პაციენტის ცხოვრებაში. როდესაც თერაპევტი მეთვალყურის როლშია, მას მაქსიმალური ობიექტურობა მოეთხოვება, რათა უზრუნველყოს თერაპიული პროცესის მინიმალური კონტროლი მაინც. როდესაც თერაპევტი მონაწილის როლშია, ის განიცდის მძლავრ ზეგავლენას პაციენტის მხრიდან, და არც თუ იშვიათად თავადაც იცვლება თერაპიული შეხვედრების შედეგად.    როგორც თერაპევტი, რომელმაც აირჩია პაციენტთა ცხოვრებაში მონაწილეობის გზა, მეც ვაწყდები ხოლმე იმავე ექზისტენციალურ პრობლემებს, რომლებსაც ჩემი პაციენტები განიცდიან. ამავე დროს მე იძულებული ვარ შევისწავლო ეს პრობლემები ექზისტენციალური კონცეფციიდან გამომდინარე. მე უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ცოდნა არცდნას ჯობს, რომ გამბედაობა გაუბედაობაზე უკეთესია, ხოლო მაგია და ილუზია, რამდენად მშვენიერი და მიმზიდველიც არ უნდა იყვნენ ისინი, მაინც აღარიბებენ ადამიანის სულიერ სამყაროს. როგორც ძალზე ზუსტად აღნიშნა თომას ჰარდიმ: “იმისთვის რომ შეიცნო სიკეთე, ჯერ უნდა კარგად შეისწავლო ბოროტება”.    ასეთი ორმაგი როლი, მეთვალყურისა და მონაწილის, მაყენებს ხოლმე საკმაოდ ძნელად გადასაჭრელი ამოცანის წინაშე. მაგალითად შემიძლია კი მე მოვთხოვო პაციენტს ისეთი პრობლემის გადაჭრა, რომელსაც თავად გავურბოდი მთელი ცხოვრება? შემიძლია კი მე დავეხმარო მას იმაში, რომ ის უფრო შორს წავიდეს ვიდრე მე? მაქვს კი მე უფლება დავაყენო მომაკვდავი ადამიანის, მგლოვიარე ქვრივის, შვილმკვდარი დედის წინაშე გადაუწყვეტელი ექზისტენციალური კითხვები, რობლებზედაც თავად არ მაქვს პასუხი? შემიძლია კი მე გამოვხატო ჩემი სისუსტე პაციენტი ქალის მიმართ რომელიც მაცბუნებს და მიზიდავს? შემიძლია კი მე დავამყარო გულწრფელი და თბილი ურთიერთობა მსუქან, უშნო ქალთან, რომლის გარეგნობა ჩემში ზიზღს იწვევს? მაქვს კი უფლება დავანგრიო მოხუცი ქალის მყუდრო ილუზია, მისი თვითშეგნების ასამაღლებლად? მაქვს კი უფლება თავს მოვახვიო ჩემი მოსაზრებები ადამიანს, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და რომელმაც საკუთარი თავი სამი გაუხსნელი წერილით დაიზაფრა?   თუმცა ყველა ნოველლა აჭრელებულია სიტყვებით “პაციენტი” და “თერაპევტი” ამ თერმინებმა არ უნდა დაგაბნიოთ: აქ საუბარია ჩვეულებრივ ადამიანებზე. ტანჯვა ყველა ჩვენგანის ბედია. სამედიცინო დამღები უპირატესად პირობით ხასიათს ატარებენ და მეტწილად დამოკიდებულნი არიან კულტურულ, თეორიულ და ეკონომიკურ თავისებურებებზე. მათ არაფერი აქვთ საერთო პათოლოგიის სიმძიმესთან. იმის გამო, რომ თერაპევტები და პაციენტები თანაბრად აწყდებიან არსებობის მოცემულობებს, პროფესიული, ცივი ობიექტურობის პოზიცია, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია სამეცნიერო კვლევის შემთხვევაში, ჩვენს საქმიანობაში მიუღებელია. ჩვენ, ფსიქოთრაპევტებს არ შეგვიძლია მხოლოდ თანაგრძნობით ვუქნიოთ თავი პაციენტებს და მოუწოდოთ მათ უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმისკენ. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ვუთხრათ მათ: “ეს თქვენი პრობლემებია”. პირიქით  ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩვენს საკუთარ პრობლემებზე, რათგან ჩვენს ცხოვრებას და არსებობას მისჯილი აქვს სიკვდილი, რომლის არსებობაც არ გვსურს დავიჯეროთ, მისჯილი აქვს სიყვარული, რომელსაც ჩვენ ვკარგავთ, თავისუფლება, რომლისაც გვეშინია, და გამოცდილება რომელიც გვანსხვავებს. ამ მხრივ ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ.

სიყვარულის ჯალათი – შესავალი (გაგრძელება)

მე შევნიშნე, რომ ფსიქოთერაპიისთვის მნიშვნელოვანია 4 ძირითადი მოცემულობა: ჩვენი და ჩვენი ახლობლების გარდაუვალი სიკვდილი; პასუხისმგებლობა გავხადოთ ჩვენი ცხოვრება ისეთად როგორიც ჩვენ გვინდა; ჩვენი ექზისტენციალური მარტოობა; და ბოლოს, მკვეთრად განსაზღვრული აზრის ან მიზნის არარსებობა ცხოვრებაში. რაოდენ სასტიკადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს მოცემულობები, ისინი მაინც შეიცავენ გარკვეული სიბრძნისა და ხსნის მარცვალს. მე ვიმედოვნებ, რომ შევძელი მეჩვენებინა ამ ათ ნოველაში, თუ როგორ შეიძლება დაიძლიოს ეს არსებობის მოცემულობები, და როგორ შეიძლება მათთან ბრძოლა გამოყენებულ იქნას პიროვნული ზრდისა და განვითარებისათვის.   ამ ცხოვრებისეული მოცემულობიდან ყველაზე აშკარა და გასაგებია სიკვდილის ფაქტი. ჯერ კიდევ ბავშვობაში, გაცილებით ადრე ვიდრე გვგონია, ჩვენ ვხვდებით რომ სიკვდილი გარდაუვალია. ამის და მიუხედავად სპინოზას სიტყვებით რომ ვთქვათ: “ყოველივე მიისწრაფვის გადარჩენისკენ საკუთარი არსებობის გზით”. ადამიანის ბუნებაში თავიდანვე დევს ეს კონფლიქტი – სიცოცხლის სურვილსა და სიკვდილის გარდაუვალობის აღქმას შორის.    სიკვდილის ფაქტთან შეგუებაში ჩვენ საოცარ მოხერხებულობასა და ფანტაზიას ვიჩენთ. ბავშვობაში ჩვენ ვუარყოფთ სიკვდილის ფაქტს მშობლების დამამშვიდებელი ახსნების მეშვეობით, ყოველდღიური ან რელიგიური მითების საშუალებით.  მოგვიანებით ჩვენ ვახდენთ სიკვდილის პერსონიფიცირებას: წარმოვიდგენთ მას მონსტრის ან დემონის სახით, ჩონჩხად ცელით ხელში. თუ კი სიკვდილი არის არსება, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია გავექცეთ და თავი დავაღწიოთ მას. თანაც რამდენადაც საშინელი არ უნდა იყოს მონსტრი, რომელსაც სიკვდილი მოაქვს, ის მაინც ნაკლებსაზარელია ვიდრე შიშველი სიმართლე. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ დაბადებიდანვე ვატარებთ საკუთარი სიკვდილის მარცვლებს. როდესაც ბავშვი იზრდება ის იწყებს სიკვდილის შიშის შემამსუბუქებელი სხვა გზების ძიებას. ბავშვები აუვნებელყოფენ სიკვდილს იმით, რომ დაცინიან მას, ჩადიან სახიფათო და უპასუხისმგებლო საქციელს, უყურებენ საშინელებათა ფილმებს.    როდესაც ვიზრდებით ვცდილობთ თავიდან ამოვიგდოთ ფიქრები სიკვდილზე: ჩვენ ვერთობით; ჩვენ ვაქცევთ მას რაღაც დადებითად (გადასვლა სხვა სამყაროში, სახლში დაბრუნება, უფალთან ერთიანობა), ჩვენ ვუარყოფთ მას მითების გამყარებით. ჩვენ ვისწრაფით უკვდავებისკენ, უკვდავი შედევრების შექმნით. ჩვენ ვპოულობთ საკუთარი არსებობის გაგრძელებას ჩვენს შვილებში, გვწამს რელიგიის, რომელიც სულის უკვდავებას ამტკიცებს.    ბევრი ადამიანი არ ეთანხმება სიკვდილის უარყოფის ამგვარ მექანიზმებს. “რა სისულელეა!”, ამბობენ ისინი. “ყველანი ვკვდებით, მაგრამ ღირს კი ამაზე ყურადღების ასე გამახვილება?!”    სინამდვილეში ჩვენ ვიცით, მაგრამ ამავე დროს არ ვიცით. ჩვენ ვეთანხმებით სიკვდილის ფაქტს რაციონალურ, ლოღიკურ დონეზე, მაგრამ ქვეცნობიერად ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავექცეთ მას. ეს პროცესი ხდება არაცნობიერ დონეზე, ჩვენდა შეუმჩნევლად, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ მის არსებობაში, იმ ხანმოკლე მომენტებში, როდესაც უარყოფის მექანიზმი ირღვევა და სიკვდილის შიში მთელი სიმძლავრით გვატყდება თავს. ზოგჯერ ეს ძალზე იშვიათად ხდება, შესაძლოა ერთხელ ან ორჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ზოგჯერ სიკვდილს დღისით ვეჯახებით საკუთარი ავადმყოფობის ან ახლობლის გარდაცვალების სახით, მაგრამ უხშირეს შემთხვევებში სიკვდილის შიში თავს ღამის კოშმარებში იჩენს ხოლმე. კოშმარი ეს არასრულყოფილი სიზმარია. სიზმარი, რომელმაც ვერ შეასრულა თავის მთავარი ფუნქცია – არ დაიცვა ადამიანი შფოთვისა და შიშისგან. თუმცა კოშმარებს სხვადსხვა გარეგნული სახე აქვთ მათი არსი ერთია: დაუძლეველი სიკვდილის ქვეცნობიერი შიში ცდილობს გზა გაიკვლიოს ცნობიერში. მოთხრობა “სიზმართმხილავის ძიებაში” ნაჩვენებია თუ როგორ ცდილობს ადამიანის ფსიქიკა გაექცეს სიკვდილის შიშს: უსასრულოდ შავბნელ სიმბოლოთა შორის, რომლებითაც სავსეა მარვინის სიზმრები, არის ერთი ნათელი საგანი – რკინის ხელჯოხი გავარვარებული ბოლოთი, რომლის მეშვეობითაც ის სექსუალურ ორთაბრძოლაში შედის სიკვდილთან.   სხვა ნოველების გმირებიც ასევე განიხილავენ სქესობრივ აქტს, როგორც ერთგვარ თილისმას, რომელსაც ძალუძს დაიცვას ისინი სიკვდილისაგან. ასეთ ხასიათს ატარებს ახალგაზრდა კაცის სქესობრივი აკვიატება, რომელიც დაავადებულია კიბოთი (ნოველა “ძალადობა ნებადართული რომ იყოს…”) და შედარებით ხანდაზმული მამაკაცისაც, რომელიც ვერ ბედავს გახსნას და წაიკითხოს მისი ადრინდელი საყვარლის ძველი წერილები.(ნოველა “ნუ მიიპარები”).    ონკოლოგიურ ავადმყოფებთან მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მე შევნიშნე ორი აზრი, თუ ცრურწმენა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები გაურბიან სიკვდილის შიშს. ერთი – ესაა რწმენა საკუთარ განსაკუთრებულობაში, ხოლო მეორე – საბოლოო მხსნელის რწმენა. ეს წარმოდგენები შეიძლება ჩაითვალოს ცრურწმენად იმდენად, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ “მყარ ცრუ შეხედულებებს”. მე აქ არ ვხმარობ სიტყვა “ცრურწმენას” შეურაცხმყფელი გაგებით. ესენი წარმოადგენენ უნივერსალურ რწმენას, რომელიც ამა თუ იმ დოზით ყველა ჩვენთაგანს ახასიათებს.    განსაკუთრენულობა – ესაა ადამიანის რწმენა საკუთარ უკვდავებაში. იმაში, რომ იგი განსხვავდება სხვა ადამიანებისგან და ბუნების ბიოლოგიური კანონები მასზე არ ვრცელდება. ჩვენ ყველანი ვყოფილვართ კრიზისულ მდგომარეობაში, რომელსაც არანაირად არ მოველოდით – იქნება ეს მძიმე ავადმყოფობა, სამსახურიდან დათხოვნა, თუ საყვარელ ადამიანთან განშორეება. ასეთივე ამბავი დაემართა ელვას მოთხრობიდან “ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ესეთი რამ შემემთხვეოდა.!…”: ისეთმა ერთი შეხედვით ჩვეულმა ფაქტმა, როგორიცაა საფულის მოპარვა, შეიძლება სამუდამოდ დაუმსხვრიოს ადამიანს საკუთარი ხელუხლებლობის ილუზია.    თუ კი საკუთარი განსაკუთრებულობა გვაძლევს საშუალებას ვიგრძნოთ თავი უფრო თავდაჯერებულად, მაშინ საბოლოო მხსნელის რწმენა გვაძლევს საშუალებას გვჯეროდეს, თითქოს რაღაც გარეშე ძალა მუდმივად ზრუნავს ჩვენზე. შესაძლოა ჩვენ სასიკვდილოდ დავავადდეთ, აღმოვჩნდეთ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვწამს, რომ რაღაც უხილავი მფარველი ძალა დაგვაბრუნებს უკან.   ეს ორი თვალთახედვა წარმოშობს დიალექტიკურ ერთობლიობას. ადამიანი ან დარწმუნებულია საკუთარ ხელუხლებლობაში ან ეძებს მხარდაჭერას უმაღლეს ძალასთან. ანუ ადამიანი ან რიყავს საკუთარ თავს ან პირიქით მიისწრაფვის ვინმესთან გაერთიანებისაკენ. ადამიანი თითქოს შობს საკუთარ თავს ანუ საკუთარი მშობელი ხდება ან პირიქით მუდმივ ბავშვად რჩება.    უმეტესობა ჩვენთაგანი საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს და გაურბის ფიქრებს სიკვდილზე. ჩვენ სიცილით ვეთანხმებით ვუდი ალენს, როდესაც ის ამბობს: “მე არ მეშინია სიკვდილის, უბრალოდ არ მინდა ვიყო აქ, როდესაც ის მოვა!” მაგრამ არსებობს სხვა გზაც. არსებობს უძველესი ტრადიცია, რომლის თაახმადაც სიკვდილის ფაქტის გაცნობიერება გვხდის ჩვენ უფრო ბრძენ ადამიანებად და ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას. ჩემი ერთერთი პაციენტის სიტყვები (ნოველიდან “ძალადობა ნებადართული რომ იყოს…”) უფლებას მაძლევს ვთქვა: სიკვდილის ფაქტი გვანადგურებს, ხოლო სიკვდილის იდეას შეუძლია გადაგვარჩინოს.


თავისუფლება, კიდევ ერთი არსებობის მოცემულობაა, რომელიც აყენებს ამ ნოველათა ზოგიერთ გმირს დილემის წინაშე. როდესაც ბეტი, ძალზე მსუქანი ქალი, ამბობს რომ ჩემთან ვიზიტის წინ მან ქეიფი მოაწყო და ჩემგან წასვლის შემდეგაც აპირებს მსუყედ მიირთვას, ის სინამდვილეში მთელს თავის პასუხისმგებლობას საკუთარ წონასთან დაკავშირებით მაკისრებს მე. მეორე პაციენტის მკურნალობისას (ტელმა მოთხრობიდან “სიყვარულის ჯალათი”), რომელიც მიატოვა მისმა საყვარელმა (და ამავედროს ფსიქოთერაპევტმა), მე ვეცადე დამებურნებინა მისთვის თავისუფლება და რწმენა საკუთარ თავში.    როგორც არსებობის მოცემულობა თავისუფლება თითქოს წამოადგენს სიკვდილის სრულიად საწინააღმდეგო იდეას. თუ კი სიკვდილის გვეშინია, თავისუფლებას ცალსახად დადებით მოვლენად მივიჩნევთ. თავისუფლებისკენ სწრაფვა ხომ დასავლური ცივილიზაციის ერთერთი განუყოფელი ნაწილია! და საერთოდაც განა თავისუფლებისკენ სწრაფვა არ ქმნის ისტორიას? მაგრამ ექზისტენციალური თვალსაზრისით თავისუფლება არანაკლებ მძიმე მოცემულობაა. ჩვენი ცხოვრება სულაც არ წარმოადგენს წინასწარ გათვლილ და აწონ-დაწონილ პროექტს. თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავადვე იღებს პასუხისმგებლონას საკუთარ მოქმედებწებზე და საერთოდ ცხოვრებაზე. თუმცა ღა სიტყვა “პასუხისმგებლობა” მრავალი სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება, მე უპირატესობას სარტრის განმარტებას მივანიჭებდი: “გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა ნიშნავს იყო შემოქმედი, საკუთარი ცხოვრების შემოქმედი”. ჩვენ გაგვაჩნია თავისუფალი ნება ვიყოთ ისეთები როგორებიც გვინდა, გარდა იმისა რომ ვიყოთ არათავისუფალნი, ანუ ისევ სარტრის სიტყვებით რომ ვთქვათ – ჩვენ მისჯილი გვაქვს თავისუფლება. ზოგოერთი ფილოსოფოსი კიდევ უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ ადამიანის ფსიქიკა განსაზღვრავს გარეგან რეალობას.  სწორედ თვითშექმნის იდეაშია ჩადებული ის ხიფათი, რომელიც იწვევს შფოთვას: თუ კი ჩვენ ვართ საკუთარი თავის შემქმნელნი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მიღმა სიცარიელეა, ჩვენი არსებობა არაფერს ეყრდნობა.    ნებისმიერმა თერაპევტმა იცის, რომ თერაპიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი მდგომარეობს პაციენტის მიერ საკუთარ ქმედებებზე და მდგომარეობაზე    პასუხისმგებლობის აღებაში. სანამ ადამიანს მიაჩნია, რომ პრობლემა გამოწვეულია რამე გარე ფაქტორებით, ფსიქოთერაპია უძლურია. “ბოლოს და ბოლოს ჩემი პრობლემის მიზეზი მე არ მეხება, როგორ შემიძლია მე რამე შევიცვალო? ეს გარესამყარო (ოჯახი, სამსახური მეგობრები) უნდა შეიცვალოს და არა მე!” მაგალითად დეივმა (ნოველლა “ნუ მიიპარები”), რომელიც ჩიოდა, რომ ის გამომწყვდეულია საკუთარ ოჯახში და ჯალათის როლს აქ მისი მკაცრი, ავტორიტარული ცოლი ასრულებს, ვერაფრით გადაწყვიტა თავისი პრობლემები, სანამ არ გააცნობიერა რომ თავად შექმნა ამგვარი “ციხე”.   იმის გამო, რომ პაციენტები ხშირად ეწინააღმდეგებიან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, თერაპევტი უნდა ეცადოს გამონახოს გზები და მიდგომები, რომლებიც საშულებას მისცემენ პაციენტს დაინახოს თუ როგორ და რანაირად ის თავად ქმნის თავის პრობლემებს. ერთერთი ყველაზე ეფექტური ტექნიკა, რომელსაც მე ვეყრდნობი მუშაობისას არის პირინციპი “აქ და ამჟამად”. იმის გამო, რომ პაციენტები ცდილობენ ააგონ მათთვის დამახასიათწებელი ურთიერთობის მოდელი თერაპიული ურთიერთობისას, მე ვცდილობ მივაპყრო მათი ყურადღება ჩვენს შორის ურთიერთობაზე და არა მის წარსულ გამოცდილებაზე ან თუნდაც მიმდინარე ცხოვრებაზე. თერაპიული ურთიერთობების (ან ჯგუფშიდა ურთიერთობების) შესწავლის საფუძველზე მე შემიძლია პირდაპირ მივუთითო პაციენტს, თუ რა სტერეოტიპებით ხელმძღვანელობს ის სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. მაგალითად იგივე დეივი, გაურბოდა პასუხისმგებლობის აღებას ოჯახურ ურთიერთობებში, მაგრამ ის ვერანაირად ვერ უარყოფდა ჯგუფური მონაცემებს: მისი გულჩათხრობილი და ორჭოფული ქცევა იწვევდა გაღიზიანებას ჯგუფის სხვა წევრების მხრიდან. მათ დაახლოებით დეივის მეუღლის მსგავსი რეაქცია უჩნდებოდათ.    ასევე ბეტის მკურნალობა (ნოველა“მსუქანი ბეტი”) არ იძვროდა ადგილიდან, სანამ ის თავის პრობლემებს მიაწერდა კალიფორნიული სუბკულტურის თავისებურებებს. მხოლოდ იმის შემდეგ რაც მე ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე მივუთითე, თუ როგორ იწვევს მისივე ზედაპირულობა და შინაგანი სიცივე, ასეთივე რეაქციას გარშემომყოფების მხრიდან, იგი მიხვდა რომ თავადვე აქცევს საკუთარ თავს იზოლაციაში.   თუმცა პასუხისმგებლობის აღება უბიძგებს პაციენტს ცვლილებებისკენ, ამის და მიუხედავად, როგორც არ უნდა ეცადოს თერაპევტი, რომ წაახალისოს პაციენტი, თერაპია არაეფექტო იქნება სანამ პაციენტი არ განახორციელებს რაიმე ცვლილებას.   თავისუფლება არა მხოლოდ მოითხოვს ჩვენგან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, არამედ ასევე გულისხმობს, რომ ცვლილება ვერ განხორციელდება ჩვენი მხრიდან აქტიური ჩარევის გარეშე. იმის და მიუხედავად, რომ ფსიქოთერაპევტები იშვიათად საუბრობენ პაციენტის ნებაზე და ნებელობის პრობლემაზე, ჩვენ ძალების მნიშვნელოვანი დახარჯვა გვიწევს სწორედ პაციენტის ნებელობის გასააქტიურებლად. ჩვენ განუწყვეტლად ვაკეთებთ ახსნა-განმარტებებს, ვატარებთ ინტერპრეტაციებს იმის იმედით, რომ უბრალო მიხვედრა და პრობლემის არსის გაგება თავისთავად მიგვიყვანს ცვლილებებამდე. მხოლოდ წლების შემდეგ, როდესაც ინტერპრეტაცია ეფექტს არ იძლევა ჩვენ შეიძლება მივმართოთ უშუალოდ პაციენტის ნებას: “იცით? საჭიროა ძალისხმევა. უნდა ეცადოთ. გვეყო ფიქრი, ახლა მოქმედების დროა!” და როდესაც პირდაპირი მითითებები და თხოვნები არ ჭრის, თერაპიის პროცესი დაიყვანება (როგორც ეს არაერთ ნოველაშია ნაჩვენები) უბრალოდ ორი ადამიანის ურთიერთობამდე. მაგალითად მე შემიძლია რჩევებს ვიძლეოდე, ვკამათობდე, ვხუმრობდე, ვპირფერობდე, ვეხვეწებოდე პაციენტს ან, ბოლოსდაბოლოს, უბრალოდ ველოდე სანამ პაციენტი თავად შეცვლის საკუთარ ნევროტულ თვალთახედვას.    ჩვენი თავისუფლება გამოიხატება სწორედ როგორც ნება, ანუ მოქმედებების წყარო. მე განვასხვავებ ნებელობითი ქმედების ორ ეტაპს, სურვილს და უშუალოდ მოქმედებას.     ზოგიერთი ადამიანი ეწინააღმდეგება საკუთარ სურვილებს და არ იცის რას გრძნობს ან რა უნდა. საკუთარი აზრების, მისწრაფებების და მიდრეკილებების უქონლობის გამო ისინი პარაზიტირებენ სხვათა გრძნობებზე. ასეთი ადამიანები, როგორც წესი ძალზე მომაბეზრებელნი არიან. ბეტი სწორედ იმის გამო იყო დამღლელი ურთიერთობაში, რომ მას არ ჰქონდა საკუთარი სურვილები, სხვები კი უბრალოდ იღლებოდნენ მისთვის საკუთარი იდეებისა და გრძნობების მიწოდებით.    სხვა პაციენტებს არ ძალუძთ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ღა მათ ზუსტად იციან თუ რა სურთ და რა უნდა გააკეთონ მიზნის მისაღწევად, მათ არ ყოფნით გამბედაობა და ისინი უბრალოდ ერთ ადგილს ტკეპნიან. საულმა (ნოველიდან “სამი გაუხსნელი წერილი”) მშვენივრად იცოდა, რომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი გახსნიდა წერილებს, მაგრამ ის შიში და შფოთვა, რომელსაც ისინი მასში იწვევდნენ, ანეიტრალებდა მის ნებელობას. ტელმამ (“სიყვარულის ჯალათი”) იცოდა, რომ აკვიატებული სიყვარულის გრძნობა წყვეტდა მას რეალობიდან. მან იცოდა, რომ ცოცხლობს ცხოვრებით, რომელიც რვა წლის წინ შეწყდა და იმისათვის რომ დაუბრუნდეს რეალობას მან უნდა დაძლიოს თავისი თავზეხელაღებული ვნება. მაგრამ მას არ შეეძლო ან არ სურდა ამის გაკეთება.ამიტომაც ის მეწინააღმდეგებოდა , როდესაც მე ვცდიობდი გამეძლიერებინა მისი ნებელობა.    გადაწყვეტილების მიღება რთულია მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო და ბევრი მათგანი ჩვენი არსებობის წიაღში დევს. ჯონ გარდნერი თავის ერთერთ რომანში “გრენდელი” აღწერს ერთ ბრძენს რომელიც მთელს თავის ფიქრებს ცხოვრების შესახებ ორ მოკლე ფრაზაში ათავსებს: “ყოველივე წარმავალია” და “შუალედური გამოსავალი არ არსებობს”. სწორედ მეორე ფრაზაში დევს გადაწყვეტილების მიღების სიძნელის არსი. გადაწყვეტილება უცილობლად შეიცავს საკუთარ თავში უარყოფასაც: ყოველ “კი”-ს აქვს თავისი “არა”. მაგალითად ტელმას უჭირდა გადაწყვეტილების მიღება დაბრუნებოდა რეალობას, რათგან ეს მოუსპობდა მას ყველანაირ შანსს დაებრუნებინა რვაწლისწინანდელი სიყვარული.