Thoughts About Death, Life and Humanity

Archive for December, 2009

ღმერთი, სიყვარული და თავისუფლება

რელიგია ძალიან გავს სიყვარულს, ხოლო სიყვარული რელიგიას. ორივე მოითხოვს ადამიანისგან გარკვეულწილად უარი თქვას საკუთარ “მე”-ზე, საკუთარ ეგოზე და თავი მიუძღვნას სხვას. აქ მახსენდება ერიკ ერიკსონის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები, რომელთაგანაც ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია თვითიდენტიფიკაციის კრიზისი, რაც გარდამავალ ასაკს ემთხვევა. სანამ ადამიანი ამ კრიზისს დადებითად ვერ გადაჭრის მას არ შეუძლია გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, რომელიც ოჯახის შექმნას და მეორე პიროვნებასთან (რელიგიის შემთხვევაში ღმერთთან) გაერთიანებას გულისხმობს. პიროვნება უნდა მყარად იდგეს, ღრმად უნდა ჰქონდეს გადგმული ფესვები, გააჩნდეს თავისი ინდივიდუალური ღირებულებები და სამყაროს ხედვა, იმისათვის რომ შემდგომ სხვასთან კავშირი შეძლოს ამ ინდივიდუალურობის დაკარგვის გარეშე.

ალბათ დამეთანხმებით რომ ეს რამდენადმე პარადოქსულადაც ჟღერს. როგორ შეიძლება შეინარჩუნო საკუთარი ინდივიდუალურობა სხვასთან შერწყმისას? მართლაც ეს ერთერთი ყველაზე მტკივნეული კითხვაა რელიგიაში. თომა აკვინიელი ამ საკითხთან დაკავშირებით ასე საუბრობს: “უნდა ვიმოქმედოთ ისე, თითქოს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ხოლო ვილოცოთ ისე თითქოს ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული.” ეს საკმაოდ სწორი მოსაზრებაა. სინამდვილეში ღმერთთან (ან უბრალოდ საყვარელ ადამიანთან) ერთიანობა სულაც არ გულისხმობს საკუთარი თავის დაკარგვას, როგორც ეს მაგალითად ნევროზის დროს ხდება ხოლმე. პირიქით ადამიანი მაქსიმალურად აცნობიერებს საკუთარი პიროვნების სხვადასხვა ნაწილს და აერთიანებს მათ. მიყვე უფლის ნებას ნიშნავს იყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან და გარემოსთან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შენ შეძლებ ინტუიტიურად იგრძნო უფლის ნება. თუ კი წრფელი გული გაქვს შენ შეგიძლია ენდო საკუთარ შინაგან ხმას და ასეთ დროს ეს დაემთხვევა უფლის ნებასაც ანუ გარკვეული კოსმიური გონის ნებასაც. მიყვე უფლის ნებას ნიშნავს იყო ღია გარეგანი გამოცდილებისათვის, იყო მთლიანი და გულწრფელი როგორც საკუთარი თავის ასევე სხვების მიმართაც, იცოდე და გესმოდეს შენი შესაძლებლობები და შენი მიზნები თუ დანიშნულებები ცხოვრებაში და არ შეეწინააღმდეგო მათ, არამედ პირიქით გააღვივო და მათი რეალიზება მოახდინო.

დაბოლოს, ქრისტიანულად ღმერთი ეს არის სიყვარული და სიყვარული არის ღმერთი. სწორედ სიყვარულის მდგომარეობითაა შესაძლებელი მიაღწიო სრულყოფას და შენი შინაგანი პიროვნული რესურსის რეალიზებას. აქ სიყვარული არ გულისხმობს სექსუალურ ვნებას ან მიჯაჭვულობის განცდას მარტოდ დარჩენის შიშით, არამედ სიყვარული არის არსებობის მდგომარეობა, რომლითაც ცხოვრობს ნებისმიერი ჭეშმარიტი მორწმუნე და შეყვარებული ადამიანი. ღმერთი ისევე როგორც ეროსი (ანუ სიყვარული) არის გამწევი ძალა რომელიც წინსვლისაკენ გვიბიძგებს, განსხვავებით სხვა ვნებებისგან, რომლებიც შეიძლება ჭეშმარიტ სიყვარულში შეგვეშალოს. ესეთი ვნებები უფრო მეტად უკან წევს ადამიანს და ართმებვს მას სასიცოცხლო ენერგიას. მხოლოდ შინაგანად სრულიად თავისუფალ ადამიანს ძალუძს ჭეშმარიტი სიყვარული და ჭეშმარიტი რწმენა. ჭეშმარიტი მორწმუნეობა არავითარ შემთხვევაში არაა მონობა. პირიქით ეს ზღვრული ჰარმონიისა და თავისუფლების მდგომარეობაა.

შესავლის მაგიერ, ანუ მოგესალმებით!

ბოლო დროს ბევრს ვკითხულობ  ძირითადად ფსიქოთერაპიულ, ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე. შესაბამისად ბევრი აზრი და შეხედულება დამიგროვდა, რომლის გაუზიარებლად დატოვება ნამდვილად არ მინდა. ყველაფერი რაზეც ვაპირებ დავწერო ნაწილობრივ წიგნებიდან მიღებული ცოდნაა. თუმცა ძირითადად ჩემი პირადი, უშუალო გამოცდილების გაზიარება მსურს. ფრიდრიხ ნიცშეს რომ დავესესხოთ, ნებისმიერი მოსაზრება მხოლოდ მაშინაა ორიგინალური, როდესაც ის ყალიბდება რაიმე კრიზისის, სულიერი ძიების შედეგად. თუ კი გინდა ოყო მოაზროვნე, თვითოეული დებულება უნდა საკუთარ გულში გაატარო, საკუთარ პიროვნებას მოაზომო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამოიღო და საქვეყნო განსჯის საგნად გახადო. ამ უეჭველ ჭეშმარიტებას მე საკმაოდ გვიან მივხვდი. დიდიხნის განმავლობაში მე წიგნებიდან ამოკითხული, კინოში ნანახი თუ რადიოში გაგონილი იდეებით ვიყავი მოცული.

მახსოვს როგორ მივიღე პირველი პაციენტი, დამოუკიდებლად, სუპერვიზიის გარეშე. არავინ იყო, ვინც მეტყოდა რის მერე რა უნდა მეთქვა, რაზე გამემახვილებინა ყურადღება, როგორ გავმკლავებოდი პაციენტის ემოციებს და მაშინ მივხვდი რომ უნდა გადამედო გვერდზე ყველა წიგნი, ყველა სახელმძღვანელო და უბრალოდ ჩემი ინტუიციის და ემოციური გამოცდილების შესაბამისად მემოქმედა.

ისევ ნიცშეს დავესესხები: მისი აზრით ყოველი ფილოსოფოსის შეხედულებათა სისტემა მისი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარეობს და, როგორც ეს ძალიან ზუსტად შენიშნა ირვინ იალომმა, იგივე შეიძლება ითქვას ფსიქოთერაპევტზეც. ამრიგად ჩემი შეხედულებები, მუშაობის მეთოდები, თუ ცხოვრების სტილი დამყარებულია უპირატესად ჩემს პირად ადამიანურ გამოცდილებაზე. ხოლო ამ გამოცდილებას საუკეთესოდ ასახავს ექზისტენციალიზმი. თანამედროვე ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მიმართულება რომელიც განიხილავს ადამიანის არსებობის საკითხებს. მასგალითად ისეთს როგორიცაა სიკვდილის თემა და ცხოვრების საზრისი, საბოლოო, ექზისტენციალური მარტოობა და თავისუფლება, რომელიც უბრალოდ წარმოუდგენელია პასუხისმგებლობის გარეშე. სწორედ ამ საკითხებზე და არამხოლოდ მათზე ვაპირებ ვისაუბრო ამ ბლოგის ფურცლებზე და მოხარული ვიქნები, თუ კი ეს გამოძახილს ჰპოვებს სხვა ადამიანებში.