ხშირად მეკითხებიან რა არის ეს “ფსიქოთერაპიული კურსი,” რომელსაც ასე დაჟინებით ვურჩევ ადამიანებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. მართლაც, რას წარმოადგენს ფსიქოთერაპია და როგორ მუშაობს იგი? წამალი გასაგებია: არსებობენ დამამშვიდებლები ან პირიქით სტიმულატორები და ანტიდეპრესანტები, დალევ და კარგად გახდები, დამშვიდდები. მაგრამ არ არსებობს აბი, რომელიც არასრულფასოვნების კომპლექსს მოგიხსნის ან ადამიანებთან ურთიერთობას გასწავლის ან შენს მეუღლეს ნაკლებად ეგოისტურს გახდის. ყოველივე ამას ფსიქოლოგიური (და არა ფიზიოლოგიური) მიზეზები აქვს და უნდა მოგვარებულ იქნას შესაბამისი, ანუ ფსიქოთერაპიული გზით. და აი ისევ – რას ნიშნავს ეს “ფსიქოთერაპია”? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მინდა შემოგთავაზოთ პოსტების სერია, რომელიც თანდათან დაიდება ბლოგზე. ამ პოსტებში ვისაუბრებ ფსიქოთერაპიულ მეთოდებზე, რომლებიც ჩემი აზრით მეტად ეფექტური ან პრაქტიკულია და ეხმარება ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში.
დავიწყებ მთავარით და ამ პოსტში ვისაუბრებ იმაზე, რასაც ფსიქოთერაპიული პროცესი ჰქვია. ფსიქოთერაპიაში გამოყოფენ “შინაარსს” და “პროცესს.” შინაარსში იგულისხმება ის კონკრეტული თემები, რომლებზეც საუბრობენ თერაპევტი და პაციენტი. ეს კი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, დაწყებული ამინდის პროგნოზიდან, ღრმა, ფილოსოფიური მსჯელობით დამთავრებული. პროცესი კი არის ის რაც ამ დროს სინამდვილეში ხდება ფსიქოთერაპევტსა და პაციენტს შორის. ყველა ის მინიშნება, თუ ქვეტექსტი, რომელიც აყალიბებს მათ ურთიერთობას. ზემოთთქმული უფრო გასაგები რომ იყოს მაგალითს მოვიყვან:
ფსიქოლოგიური დახმარების ცხელ ხაზზე ვმუშაობდი, სადაც ერთი ახალგაზრდა ქალი რეკავდა. გაფანტული სკლეროზით იყო დაავადებული. მხედველობა დაქვეითებული ჰქონდა(პრაქტიკულად ვერ ხედავდა), გადაქდგილება უჭირდა. მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა და ერთადერთი მომვლელი, თუ პატრონი, მისთვის მდგმური იყო. ხასიათით ძალზე ბავშვური და თითქოსდა უსუსური იყო. თუმცა როდესაც საჭირო იყო საქმეს მშვენივრად ართმწევდა თავს.. ის დღეში რამდენჯერმე რეკავდა. ზოგჯერ საკმაოდ უცნაურ კითხვებს სვამდა (უცნაურს ფსიქოლოგიური დახმარების კვალობაზე). მაგალითად, “რა ვქნა ეხლა? ჰერკულესი მოვიხარშო, თუ სალათი გავიკეთო?” ან “კვერცხი მოვხარშო თუ შევწვა?” და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თითქოს და რა აქვს ამას საერთო ფსიქოთერაპიასთან ან ფსიქოლოგიურ კონსულტირებასთან? საქმეც იმაშია რომ აქვს. ნებისმიერ რამეს აქვს მნიშვნწლობა ფსიქოთერაოპიაში, ნებისმიერ ნიუანსს: ჟესტს, გამოხედვას, ხმის ტემბტრს, მიმიკას, შემპარავ კითხვას. მოკლედ ყველაფერს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. სინამდვილეში ეს ქალბატონი ამ კითხვებით შემდეგ მესიჯს მიგზავნიდა: “შეხედე, როგორი უსუსური ვარ, ესეთი ელემენტარული რამის გადაწყვეტაც კი არ შემიძლია. არ ვიცი რა მინდა. დამეხმარე ამის გარკვევაში. ანდა არა, უმჯობესია შენ თვითონ გადაწყვიტო ყველაფერი ჩემს მაგივრად, როგორც ამას ჩემი მშობლბი აკეთებდნენ” აი ეს უკვე ის ქვეტექსტი იყო, რომელიც იმალებოდა ამ ბანალური კითხვების უკან ჰერკულესის, სალიუათისა და კვერცხის შესახებ. ეს ასევე მიუთითებდა იმაზე თუ რა როლი მაკისრებდა მე ჩვენს ურთიერთობებში: მისი მშობლების მსგავსად უნდა ყველაფერი მის მაგივრად გადამეწყვიტა. ისიც კი თუ რა უნდა ეჭამა მას საუზმეზე (!)

სწორედ ამგვარი ქვეტექსტებისა და ნიუანსების დანახვა და გარჩევა წარმოადგენს წარმატებული ფსიქოთერაპიის საფუძველს. თუმცა ეს რათქმაუნდა არაა საკმარისი. მხოლოდ პროცესის შინაარსისგან განსხვავება ვერაფერს უშველის, თუ პაციენტმა არ იგრძნო რომ შენ მისი გესმის, რომ შენ თანაგანიცდი მის მდგომარეობას. ყოველგვარი ინტერპრეტაცია, რჩევა თუ მითითება უშედეგო იქნება თუ ამგვარი ურთიერთგაგების ატმოსფერო არ ჩამოყალიბდა. ამას ფსიქოთერაპიული თერმინოლოგიით “რაპორტის დამყარება” ჰქვია.
მახსოვს ჩემთან ახალგაზრდა, 18-19 წლის გოგონა მოვიდა, რომელსაც შფოთვითი შეტევები ჰქონდა. გარეთ გასვლისთანავე ცუდად ხდებოდა. ვისაუბრეთ მისი პრობლემის არსზე და შემდგომი თერაპიის გეგმა დავსახეთ. უშუალოდ თერაპიულ ჩარევაზე არ გადავსულვარ, მხოლოდ ავუხსენი რისი შეთავაზება შემეძლო მისთვის და რაში მდგომარეობდა თერაპია. ამ პირველი სეანსის შემდეგ ის დამიკავშირდა და მითხრა რომ თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და მადლობა გადამიხადა ამისთვის. როდესაც ვკითხე, თუ რამ იმოქმედა მასზე ასე დადებითად ჩვენი საუბრის დროს მან მითხრა: “ვგრძნობდი, რომ შენ ჩემი გესმოდა.” რათქმაუნდა მე მესმოდა მისი, რამდენიმე წლის წინ ხომ მე თვითონაც მსგავსი პრობლემები მქონდა. რეალურად რაც შემეძლო შემეთავაზებინა ეს იყო გაგება და თანაგანცდა. ფსიქოანალიტიკური ლიტერატურის სქელ-სქელი ტომეულები აქ სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ადამიანს უბრალოდ სჭირდებოდა ვიღაც ვინც გაუგებდა, რათგან არც მშობლებს და არც მეგობრებს არ ესმოდათ თუ რა ემართებოდა მას. მათი აზრით ის “პატარა სულელი გოგო” იყო, რომელიც ეხლა უბრალოდ ჭირვეულობს. ერთადერთი ვინც სერიოზულად ეკიდებოდა პრობლემას მისი შეყვრებული იყო, რომელსაც მშობლებისგან ფარულად ჩემთან სეანსზე მოჰყავდა იგი.

კარგი, ვთქვათ დამყარდა რაპორტი. თერაპევტი და პაციენტი შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. მაგრამ მერე და რა? რა ეშველება თვითონ პრობლემას ან სიმპტომს რომლითაც პაციენტი მოვიდა ფსოქოთერაპიაზე? განკურნრბის ფსიქოთერაპიული პროცესი ყოველთვის მოიცავს რაიმე ცვლილებას. იქნება ეს შიდაპიროვნული ცვლილება ადამიანში, თუ მის გარემოში, მის ურთიერთობებში. უმეტესწილად ეს ორი რამ ურთიერთდაკავაშირებულია ხოლმე და ერთი მეორეს იწვევს. მაგრამ როგორ გამოვიწვიოთ ცვლილება? რა უნდა გავაკეთოთ? როგორც ირვინ იალომი იტყოდა “კურნავს ურთიერთობა და მხოლოდ ურთიერთობა.” მართლაც, ცოდნა არაფერს ცვლის. პრობლემის წარმოშობის მიზეზის ცოდნა მხოლოდ პირველი, და თანაც სრულებით არააუცილებელი, ნაბიჯია ფსიქოთერაპიაში. ეერთადერთი რის შედეგადაც შეიძლება მივაღწიოთ გარკვეულ თერაპიულ ეფექტს ინტერპრეტაციის წყალობით ესაა როგორც თერაპევტის, ასევე პაციენტის სიმშვიდე იმის გამო რომ ცნობილია “რაც გვჭირს” და “ვიცით რასაც ვაკეთებთ.” ძალიან ხშირად ვხვდები კითხვას პაციენტების მხრიდან: “მითხარით რა მჭირს?” რეალურად ამის ცოდნა არაფერს ცვლის, პრობლემა პრობლემად რჩება, მაგრამ ეს აღარაა გაუგებარი პრობლემა. ცოდნა გაურკვევლობას ხსნის და ამგვარად დადებითად მოქმედებს პაციენტზე, ხოლო თერაპევტს თავდაჯერებულობას ჰმატებს. მაგრამ ფსიქოთერაპია ეს მართლაც ურთიერთობის პროცესია და სწორედ ამ ურთიერთობის ხარჯზე ხდება ცვლილება. ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც ფსიქოთერაპიას მიმართავენ გარკვეული უარყოფითი ემოციური გამოცდილება აქვთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად ეს ურთიერთობებს ეხება. მაგალითად, დედა რომელიც შვილს არ ღებულობს დამ ის “გამოსწორებას” ცდილობს ან მეგობრები, რომლებიც ბავშვობაში გამუდმებით დასცინოდნენ პაციენტს. ეს ყველაფერი ფსიქომატრავმირებელად მოქმედებს. ლოგიკურია ვივარაუდოთ რომ ამ ადამიანებს ესჭიროებათ უარყოფითი გამოცდილების შეცვლა დადებითით და სწორედ ამგვარ დადებით ატმოსფეროს უქმნის მათ ფსიქოთერაპევტი. ადამიანის უპირობო (ანუ “ისეთად როგორიც ის არის”) მიღება წარმატებული ფსიქოთერაპიის კიდევ ერთი საწინდარია.
მახსენდება ჩემი “სასიყვარულო თავგადასავალი” პირველ კურსზე. აპრილი თუ მაისი იყო და ტელეფონზე გოგომ დამირეკა გასაცნობად. ის შაყირობდა და საკმაოდ უხეშადაც. შეურაცხყოფისა და იუმორის ზღვარზე თამაშობდა. ეს მისი მხრიდან გამოწვევის ერთერთი საშუალება იყო. არ შევიმჩნიე და ავყევი. თანდათან საუბარს შევყევით და გარკვეული ხნის შემდეგ მან მომიყვა, როგორ შეაცდინა შეყვარებულმა შემდეგ კი მიატოვა, იმ მიზეზით რომ არაქალიშვილს ვეღარ მოიყვანდა ცოლად. გოგონა ამბობდა რომ დღისით კარგად გრძნობს თავს, მხიარულობს, (მართლაც კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა), მაგრამ როგორც კი ღამდება ის ცუდად ხდება და ითრგუნება (ეს დამახასიათებელია ზოგადად ფსიქოლოგიური პრობლემებისთვის – ყველა მტკივნეული განცდა ძილის წინ, ღამით ამოტივტივდება ხოლმე). ამბობდა რომ მთელი ღამე ტირის და დილით გამოუძინებელი დგება დასიებული თვალებით. ეშინოდა რომ აღარავინ მოიყვანდა ცოლად და არავის მოუნდებოდა მასთან სერიოზული ურთიერთობა. მისი აზრით, ახლა ის მხოლოდ სექსუალურ ობიექტად თუ გამოდგებოდა. მე ჩემი აღშფოთება გამოვთქვი და ვუთხარი, რომ პირადად მე ვერ ვხედავ პრობლემას არაქალიშვილზე დაქორწინებისი და რომ საერთოდ ქალიშვილობის ინსტიტუტი ჩემთვის მიუღებელია. ეს გლწრფელად ვთქვი, რათგან საკმაოდ ლიბერალურად მოაზროვნე ახალგაზრდა გახლდით. კიდევ რამდენიმე ხანი ვისაუბრეთ და იმ საღამოს თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. შემდეგი საუბრისას მან მახარა რომ უკვე იშვიათად თუ ტირის ღამით და თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და რომ ეს ჩემი დამსახურებაა. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა. მართლაც, რა შემეძლო მე, პირველკურსელ ბიჭს, რომელსაც ფსიქოლოგიაში ფროიდის ერთი-ორი სტატია თუ ჰქონდა წაკითხული და ისიც, გამოგიტყდებით, მხოლოდ ზოგად დონეზე გაეგო. წლების შემდეგ გავაანალიზე რაც მოხდა მაშინ – ის შეცდენილი გოგონა იყო, რომელსაც საზოგადოებრივი აზრი ზღუდავდა და თანაც უარყოფითი გამოცდილება ჰქონდა მიღებული პირად ცხოვრებაში. მიაჩნდა რომ ყველა მამაკაცი მომავალში მისი ყოფილი შეყვარებულის მსავსად მხოლოდ სექსუალურ ობიექტად აღიქვამდა მას. მე კი ლიბერალურად მოაზროვნე ახალგარდა ვიყავი, რომელმაც მიიღო იგი “როგორიც არის” და თანაც ეგრევე კი არ დაუწყო შებმა და სექსზე დათანხმება, არამედ უბრალოდ მეგობრულად ესაუბრებოდა და ლაზღანდარაობდა მასთან ერთად. ეს კი უკვე დადებითი ემოციური გამოცდილება იყო და სწორედ ამან გამოიღო შედეგი.
მაგრამ მხოლოდ თბილი, გულითადი ურთიერთობაც არ კმარა. უფრო მეტიც ეს გარკვეულწილად სახიფათო თამაშია. რა გარანტია აქვს ან თერაპევტს ან პაციენტს რომ თერაპია ურთიერთობა სასიყვარულო ურთიერთობაში არ გადავა ან თერაპევტ-პაციენტი ისე დამეგობრდებიან, რომ ეს შეუძლებელს გახდის შემდგომ თერაპიულ პროცესს. ფსიქოთერაპიაში ყოველთვის საჭიროა გარკვეული დისტანცია. ყველაზე გამოცდილი და მცოდნე ფსიქოთერაპევტებიც კი ერიდებიან ახლობლებთან მუშაობას. ამგვარ ემოციურ კავშირს პაციენტის მხრიდან თერაპევტისადმი ტრანსფერი (ანუ გადატანა), ხოლო თერაპევტის მხრიდან პაციენტისადმი კონტრტრანსდფერი ჰქვია. სინამდილეში ეს გრძნობები გარკვეულწილად არარეალურია, რათგან ფაქტიურად მიმართულია არა ამ კონკრეტულ პიროვნებაზე (პაციენტსა თუ თერაპევტზე) არამედ რაიმე მნიშვნელოვან ფიგურაზე პაციენტის, თუ თერაპევტის ცხოვრებაში. ვთქვათ მშობლებზე ან დედმამიშვილებზე, მეგობრებზე და ნებისმიერი, ვინც კი ემოციურად მნიშვნელოვანია მათთვის. თუმცა ტრანსფერიც და კონტრტრანსფერიც გონივრული გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა მძლავრ თერასპიულ იარაღად იქცეს.
კიდევ ერთი უძლიერესი ინსტრუმენტი, რომელიც ასე თუ ისე ყველა სახის ფსიქოთერაპიაში გამოიყენება არის პრინციპი “აქ და ამჟამად.” გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რა ხდება აქ და ამჟამად, ამ კონკრეტულ მომენტში, პაციენტის ცხოვრების ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, ვიდრე ის თუ რა ხდებოდა “იქ და მაშინ,” ვთქვათ ბავშვობაში ან თუნდაც 10 წლის წინ. ორიენტაცია აწმყოსა და მომავალზე გაცილებით უფრო ეფექტურია ვიდრე ორიენტაცია წარსულზე. მაგალითად, თერაპევტს შეუძლია პირდაპირ მიუთითოს პაციენტს თუ რა ხდება მათ შორის აქ და ამჟამად. მათ შეუძლიათ ისაუბრონ განიცდის თვითოეული მათგანი. (ამ დროს თერაპევტი გულწრფელობის პირად მაგალითს უჩვენებს პაციებნტს, რაც ამ უკანასკნელს უფრო “ხსნის”) თერაპევტი ეკითხება პაციენტს თუ როგორ გრძნობს იგი თავს, როდესაც ახლა ბოლოსდაბოლოს გაბედა და თავისუფლად ისაუბრა დაგროვილ მტკივნეულ განცდებზე.
საქმე იმაშიც არის, რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ (მათშორის თერაპიულ) ურთიერთობაში გადმოაქვს მისთვის დამახასიათებელი ქცევითი სტერეოტიპები, დამოკიდებულებები და განცდები. ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტი თავისი განცდების პროეცირებას ახდენს თერაპევტზე და გარკვეულ როლს ანიჭებს მას. ამ გარემოებებზე მითითება კი საშუალებას აძლევს პაციენტს გააცნობიეროს და მიიღოს ის მტკივნეული განცდები, რომლებიც საფუძვლად უდევს მის პრობლემას. ამგვარი მიდგომის შედეგად პაციენტი ერთხელაც ჩერდება და ეკითხება საკუთარ თავს: “მართლაც რას ვაკეთებ? ეს მართლაც ისაა რაც მე მინდა? როგორ მივაღწიო სასურველ მიზანს, როგორ შევიცვალო?” აი ეს უკანასკნელი კითხვა ხდება ცვლილების და განკურნების საწინდარი.
კიდევ ერთი, და ამჯერად ამ პოსტში უკანასკნელი, მექანიზნმი (ან თუ გნებავთ ილეთი), რომელიც იწვევს ცვლილებას ფსიქოთერაპიულ პროცესში არის “ფსიქოთერაპიული მოქმედება.” განსხვავებით ინტერპრეტაციისგან და ცარიელი, ბრტყელ-ბრყელი სიტყვებისა და ახსნებისგან თერაპიული მოქმედება გაცილებით უფრო კონკრეტული და ხელშესახებია. სწორედ ის კურნავს ადამიანს.
გავიხსენოთ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც გაფანტული სკლეროზი ჰქონდა. მისი შემთხვევა საინტერესო მეჩენა და ამიტომ გადავწყვიტე ტრენინგ-სემინარში მაგალითად გამომეყენებინა იგი. მაგრამ ამისთვის თავად ამ ქალბატონის თანხმობა მჭირდებოდა. ერთერთი საუბრის ბოლოს მე ვუთხარი რომ თხოვნა მქონდა მასთან. ვთხოვდი ნება დაერთო მისი შემთხვევა სემინარზე წარმედგინა დამსწრეთათვის. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გაეხაერდა. სიხარულისგან მან თავისი სრული სახელი და გვარი დამისახელა (ტელეფონზე ასეთი რამ აკრძალული იყო აბონენტის ანონიმურობის დაცვის მიზნით. აქამდე ის ყოველთვის გამოგონილი სახელით საუბრობდა), მისამართი და ტელეფონის ნუმერიც კი ჩამაწერინა და მითხრა დავკავშირებოდი, თუ კი დამატებით რაიმე დამჭირდებოდა. ამ ადამიანს, თავისი ეგოიზმის, უსუსურობისა და განებივრებულობის მიხედავად, სურდა მნიშვნელოვანი და სასარგებლო ყოფილიყო სხვებისთვის. უბრალოდ არ იცოდა რითი შეიძლება ყოფილიყო იგი მნუშვნელოვანი. ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ მისი შემთხვევით ფსიქოთერაპეტი დაინტერესდა. ამ შემთხვევამ საშუალება მოგვცა მომავალში ამ ქალბატონის შინაგანი რესურსები გვეძებნა – კიდევ რით შეიძლებოდა ყოფილიყო იგი მნიშვნელოვანი სხვებისთვის?
და აი კიდევ ერთი ფსიქოთერაპიული პრინციპი: ადამიანი ფსიქოთერაპევტთან არა მხოლოდ პრობლემებით დახუნძლული, არამედ ასევე ამ პრობლემების გადაწყვეტის შინაგანი რესურსებითაც მიდის. ფსიქოთერაპევტის მიზანიც სწორედ ესაა – დაინახოს და გააქტიუროს პაციენტში ეს შინაგანი რესურსი. შემდეგ, დროთა განმავლობაში, პრობლემა თავისთავად, ავტომატურად გვარდება ხოლმე.
(გაგრძელება იქნება) : )