აქ კი მინდა შემოგთავაზოთ შესავალი ირვინ იალომის წიგნიდან “სიყვარულის ჯალათი და სხვა ფსიქოთერაპიული ნოველები.”
წარმოიდგინეთ სურათი: სამასი ან ოთხასი ადამიანი იყოფა წყვილდებად და ერთმანეთს უსვამს მხოლოდ ერთ კითხვას – “რა გსურს შენ?” რა შეიძლება იყოს ამაზე მარტივი? ერთი კითხვა და პასუხი მასზე. მიუხედავად ამისა მე არაერთხელ დავკვირვებივარ, რამდენად ძლიერ და მოულოდნელ განცდებს იწვევს ეს მარტივი ჯგუფური სავარჯიშო. ზოგჯერ ოთახი ზანზარებს ემოციებისგან. სრულებით ბედნიერი და წარმატებული, კარგად ჩაცმული და არა სასოწარკვეთილი ან უბედური ქალები და მამაკაცები სულის სიღრმემდე შეძრულნი რჩებიან. ისინი მიმართავენ მათ ვინც სამუდამოდ დაკარგეს – გარდაცვლილ ან მიტოვებულ მშობლებს, მეუღლეებს, მეგობრებს: “მე კვლავ მინდა შეგხვდე”, “მე მინდა რომ გიყვარდე”, “მე მინდა რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ და როგორ მწყდება გული, რომ ეს თავის დროზე არ გითხარი”, “მინდა რომ შენ დაბრუნდე, მე ისე მარტო ვარ!”, “მე მინდა ბავშვობა, რომელიც არასდროს მქონია”, “მე მინდა გავხდე ახალგაზრდა და ჯანმრთელი. მინდა ვუყვარდე და პატივს მცემდნენ. მინდა ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს. მინდა რამეს მივაღწიო. მე მინდა ვიყო ძვირფასი სხვებისთვის ვახსოვდე მათ”.
ამდენი სურვილი, სევდა და ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ გულის სიღრმეში იმალება და მხოლოდ დრო და დრო ამოდის ზედაპირზე. ბედისწერის ტკივილი. არსებობის ტკივილი. ტკივილი, რომელიც ყოველთვის ჩვენთან არის, რომელიც ყოველდღიურობაში იმალება და რომელსაც ასე ადვილად შეგვიძლია შევეხოთ. ნებისმიერი რამ: მარტივი ჯგუფური სავარჯიშო, ხანმოკლე დაფიქრება საკუთარ ცხოვრებაზე, ხელოვნების ნიმუში, ქადაგება, პიროვნული კრიზისი ან დანაკარგი. ყველაფერი ეს გვახსენებს, რომ ჩვენს ყველაზე სანუკვარ ოხცნებებს ასრულება არ უწერიათ. ესეთია მაგალითად, მუდმივი სიჭაბუკის სურვილი, სურვილი არასდროს დაბერებისა, სურვილი გარდაცვლილთა დაბრუნებისა, ოცნებები იდეალურ სიყვარულზე, სრულ უსაფრთხოებაზე, უდრეკელობაზე, დიდებაზე და თავად უკვდავებაზეც კი.
როდესაც ეს მიუღწეველი ოცნებები იწყებენ ჩვენი ცხოვრების მართვას ჩვენ მივმართავთ ჩვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, რელიგიას, ხანდახან კი – ფსიქოთერაპევტებს. ამ წიგნში მოთხრობილია ათი პაციენტის ამბავი, რომლებმაც მიმართეს ფსიქოთერაპევტს და მკურნალობის პროცესში წააწყდნენ არსებობის ტკივილს. მაგრამ მათ მომმართეს არა ამ ტკივილის. არამედ სრულებით ჩვეული, ყოველდღიური პრობლემების გამო: მარტოობა, საკუთარი თავის ზიზღი, თავის ტკივილები, იმპოტენცია, სექსუალური გადახრები, ჭარბი წონა, გადაღლა, სევდა, ცალმხრივი სიყვარული, ხასიათის ცვალებადობა, დეპრესია. მაგრამ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში (და ყოველთვის ახლებურად) თერაპიის შედეგად მივდიოდით ამ ყოველდღიურ პრობლემათა სიღრმისეულ მიზეზებამდე.
“მე მინდა! მე მინდა!” ისმის ისევ და ისევ ყველა ნოველაში. ერთერთი პაციენტი გამუდმებით ამბობდა: „მე მინდა დავიბრუნო ჩემი გარდაცვლილი, საყვარელი ქალიშვილი“ და ამავე დროს ხელს კრავდა ორ ცოცხალ ვაჟიშვილს. მეორე პაციენტი კი ამტკიცებდა: “მე მინდა მქონდეს სექსი ყველა ქალთან რომელსაც კი ვიცნობ” – იმ დროს, როდესაც მისი სხეულის ყოველ უჯრედს კიბო დაუფლებოდა. მესამე ოცნებობდა: “მე მინდა მყავდეს მშობლები, მქონდეს ბავშვობა, რომელიც არასდროს განმიცდია” და ამ დროს იტანჯებოდა სამი წერილის გამო, რომელთა გახსნასაც ვერაფრით ბედავდა. კიდევ ერთი პაციენტი ქალი ამბობდა: “მინდა ვიყო მუდამ ახალგახზრდა”, ამ დროს კი ის ხანშისესული ქალბატონი გახლდათ, რომელიც ვერაფრით ამბობდა უარს სიყვარულზე მასზე 35 წლით უმცროსი მამაკაცის მიმართ.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფსიქოთერაპიის ძირითად საგანს წარმოადგენს სწორედ ეს არსებობის ტკივილი და არა ჩაკლული ინსტინქტური მისწრაფებანი ან ნახევრადდავიწყებული პიროვნული ტრაგედიები, როგორც თვლიან ხოლმე. მთელი ჩემი პრაქტიკული სამუშაო ეფუძნება ერთ ძირითად მტკიცებულებას. ის გაურკვეველი შფოთვის შეგრძნება, რომელსაც ნებისმიერი პაციენტი განიცდის, გამოწვეულია მისი შეჯახებით ცხოვრების მკაცრ რეალობასთან ანუ არსებობის მოცემულობებთან.